ავტორი:

ОДКБ -ს მორიგ სამიტზე სომხეთის არ დასწრებას "დემარშად" აფასებენ - ფაშინიანმა ამის თაობაზე მხოლოდ მასპინძელი ლუკაშენკო გააფრთხილა და არა პუტინი

ОДКБ -ს მორიგ სამიტზე სომხეთის არ დასწრებას "დემარშად" აფასებენ - ფაშინიანმა ამის თაობაზე მხოლოდ მასპინძელი ლუკაშენკო გააფრთხილა და არა პუტინი

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) სამიტი დაიწყო. მასში მონაწილეობას იღებენ მასპინძელი ქვეყნის, ასევე უზბეკეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის პრეზიდენტები. ბელარუსის დედაქალაქში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც. სამიტს არ ესწრება სომხეთი, რაც 2009 წლის შემდეგ პირველად მოხდა.

როგორც მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლები აღიარებენ, სომხეთის არმონაწილეობის გამო არსებობს გადაწყვეტილებების დამტკიცების პროცესში კვორუმის პრობლემა.

ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სომხეთის მიერ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის შეხვედრაზე არდასწრებას “დემარში” უწოდა. მის განცხადებას ბელარუსული სახელმწიფო გამოცემა “ბელტა” ავრცელებს.

“ერთიან დასკვნამდე მივედით, რომ პრობლემური საკითხები ყოველთვის იყო და იქნება. თუ ვაპირებთ მათ მოგვარებას, მაშინ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა მოვაგვაროთ, მიზეზების გარეშე, გარკვეული მიზეზების გარეშე დემარშები არ მოვაწყოთ”, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, შეხვედრაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები განიხილავდნენ კავკასიაში ვითარებას და “კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთი წევრის გარკვეულ უკმაყოფილებას”.

როგორც მედია აღნიშნავს, ბელარუსის ლიდერი განცხადებაში სომხეთს გულისხმობდა, რომელმაც გადაწყვეტილება მიიღო ორგანიზაციის მინსკში გამართულ სამიტს არ დასწრებოდა.

ის, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მონაწილეობას არ მიიღებდა ამ ორგანიზაციის მომდევნო სამიტში, 13 ნოემბერს გახდა ცნობილი. მანამდე კი ერევანმა წარმომადგენელი გაიწვია რუსეთის ლიდერობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციიდან. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ სამიტზე ჩაუსვლელობის შესახებ ფაშინიანმა მხოლოდ მასპინძელი ქვეყნის ლიდერს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეატყობინა და არა ამ ორგანიზაციის ფორმალურ ლიდერს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

აღსანიშნავია, რომ ფაშინიანი მანამდე არ ჩავიდა ბიშკეკში გამართულ დსთ-ის (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) მთავრობათა მეთაურების შეხვედრაზე.

ბოლო ხანს სომხეთის ლიდერი ხშირად მონაწილეობს დასავლეთის საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ლიდერების ორგანიზებით გამართულ შეხვედრებში, აკრიტიკებს სომხეთის "ოფიციალურ მოკავშირეებს“ და ამბობს, რომ სომხეთი მზადაა ევროკავშირთან მეტად დაახლოებისთვის...

"ფაშინიანი ამით იმის დემონსტრირებას ცდილობს, რომ სომხეთი მზად არის გავიდეს მოსკოვის პოლიტიკური ქოლგიდან, თუმცა ამას ჯერჯერობით მაინც საჩვენებელ გამოსვლად შევაფასებდი", - განაცხადა "ეხო კავკაზასთან“ მიმომხილველმა ვადიმ დუბნოვმა.

ჯერჯერობით სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად.

შეგახსენებთ, სომხეთმა ასევე უარი თქვა ОДКБ-ს ფარგლებში წვრთნების თავის ტერიტორიაზე ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს, რის მიზეზადაც ოფიციალურმა ერევანმა დაასახელა ის, რომ მოკავშირეებმა სომხეთს საკმარისი მხარდაჭერა არ გაუწიეს ყარაბაღის გარშემო განვითარებულ პროცესებში.