ავტორი:

ქართველების უსწრაფესი კონტრშეტევები, "კვარას" გოლი და ზურიკოს მამობის აღნიშვნა - საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ შოტლანდიას ამარცხებს

ქართველების უსწრაფესი კონტრშეტევები, "კვარას" გოლი და ზურიკოს მამობის აღნიშვნა - საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ შოტლანდიას ამარცხებს
  • მთავარზე: გიორგი არჯევანიძის ფოტო

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოსწინა, მე-7 ტურში საქართველოს ნაკრები "დინამო არენაზე“ შოტლანდიას მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიშით 1:0 იგებს.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შემდეგი სასტარტო შემადგენლობით გაიყვანა საქართველოს ნაკრები მოედანზე:

  • მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ლოჩოშვილი, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი, შენგელია, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე

ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს თამაში, თუმცა სტუმრებიც ახერხებდნენ თამაშიც გამწვავებას. ხვიჩა კვარაცხელია აქტიურობდა მარცხენა ფლანგიდან ვნახეთ მისი დრიბლინგიც და პასებიც. ასევე აქტიური იყო გიორგი ჩაკვეტაძე, რომელმაც ჯერ ზუსტად დაარტყა კარისკენ, თუმც ბურთი მეკარემ მოიგერია. მალევე კი უზუსტესი შორეული პასი მისცა კაკაბაძეს, რომელმაც ბურთი ერთი შეხებით გადაგზავნა საჯარიმოში, სადაც უკვე კვარაცხელიამ იმარჯვა და მე-15 წუთზე გოლი გაიტანა. მატჩის დანარჩენ დროშიც საქართველო უტევდა, აღსანიშნავია ჩვენების უსწრაფესი კონტრშეტევები, თუმცა მეტი გოლი პირველ ტაიმში აღარ გასულა.

საკმაოდ ემოციური იყო გოლის გატანის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და გულშემატკივრის მიერ ზურიკო დავითაშვილისთვის შვილის შეძენის მილოცვა. ზურიკოს პირველ ტაიმში არ უთამაშია, თუმცა ახალბედა მამიკოს, დიდი ალბათობით, მეორე ტაიმში მოედანზე ვიხილავთ.

შოტლანდიასთან საშინაო მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთს შეხვდება, რომელიც A ჯგუფის ლიდერია.

ამ ჯგუფიდან საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი აღარ აქვს. სექტემბერში საქართველომ შინ 1:7 წააგო ესპანეთთან, ოქტომბერში კი კვიპროსი 4:0 დაამარცხა. როგორც მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი აცხადებს, ახლა გუნდი დარჩენილ ორ შეხვედრას ევრო 2024-ის შესარჩევ ეტაპზე ერთა ლიგის ნახევარფინალისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს, რომელში გამარჯვებაც ევროპის ჩემპიონატზე გაგვიყვანს.

შეგახსენებთ, შოტლანდიის ნაკრებმა კონტინენტის პირველობის საგზური საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ორი ტურით ადრე მოიპოვა.

შოტლანდიელებს საქართველოში თამაში მაინც და მაინც კარგად არ აქვთ დაცდილი - თბილისში ჩატარებილი წინა ორი თამაში წაგებული აქვთ, რამაც მათ 2008 და 2016 წლების ევროპის ჩემპიონატებზე მოხვედრაში ხელი შეუშალა.

2007 წლის 17 ოქტომბერს კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილებმა ბრიტანელებს "დინამო არენაზე“ უმასპინძლეს და 2:0 დაამარცხეს. გოლები 17 წლის ლევან მჭედლიძემ (მე-16 წუთი) და დავით სირაძემ (64) გაიტანეს. იმ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე 17 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე და შემტევი ლევან ყენია.

2015 წელს „ჯვაროსნებმა“ უკვე კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით მოიგეს - 1:0. 2015 წლის 4 სექტემბერსაც მატჩი "დინამო არენაზე“ გაიმართა. გოლი ვაკო ყაზაიშვილმა (36-ე წუთზე) გაიტანა, საგოლე გადაცემა კი მჭედლიძემ შეასრულა.

იხილეთ ასევე: