ისრაელსა და "ჰამასს“ შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება. ისრაელელი სამხედროების ინფორმაციით, ქალაქ ღაზის ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ მათ დაჯგუფება "ჰამასის“ შეიარაღება და საბრძოლო მასალა აღმოაჩინეს.
იქამდე კი ისრაელის თავდაცვის ძალებმა საავადმყოფოს ტერიტორია დაიკავეს, რასაც პალესტინური მხარე ომის დანაშაულს უწოდებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, გასული ღამის განმავლობაში ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელზე ავიაიერიში არაერთხელ განხორციელდა.
"ჰეზბოლას“ თავდასხმაზე საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ლიბანის სამხრეთში რადიკალური დაჯგუფების სადამკვირვებლო პოსტი დაბომბეს.
ბოლო მონაცემებით, 7 ოქტომბერს დაწყებულ კონფლიქტს 1 200-ზე მეტი ისრაელელი და 11 200-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, გარდაცვლილებს შორის 4 600 ბავშვია.