ავტორი:

"დაახლოებით 5 ბიჭი ჩხუბობდა, არასრულწლოვანმა დაარტყა დანა 18 წლის ბიჭს" - რა დეტალები ხდება ცნობილი დმანისის მკვლელობაზე?

"დაახლოებით 5 ბიჭი ჩხუბობდა, არასრულწლოვანმა დაარტყა დანა 18 წლის ბიჭს" - რა დეტალები ხდება ცნობილი დმანისის მკვლელობაზე?

დმანისში 18 წლის ბიჭი თანასოფლელმა ცივი იარაღით დაჭრა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ამამლოში მოხდა.

ცნობილია, რომ ინციდენტს წინ კამათი უძღოდა, რაც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა. ირკვევა, რომ ბრალდებული არასრულწლოვანია. ის პოლიციამ უკვე დააკავა.

"როგორც გავიგე, 5 ბიჭი ჩხუბობდა, სამი იმ არასრულწლოვანის მეგობარი, ყველა გაიქცა, დაახლოებით 15 წლის არის, ვინც 18 წლის ბიჭს დანა დაარტყა და მოკლა" - ჰყვება ადგილობრივი "მთავარ არხთან" საუბრისას.

მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო:

"ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2008 წელს დაბადებული გ.ნ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ნოემბერს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 2005 წელს დაბადებულ ე.გ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს" - ნათქვამია ინფორმაციაში.