ევროკავშირი რუსული ბრილიანტების იმპორტის აკრძალვას გეგმავს - ოკუპანტის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი სავარაუდოდ, მომავალ კვირას ამოქმედდება.
რუსეთი ბრილიანტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანაა - მსოფლიოში ალმასის მარაგის მესამედი სწორედ რუსეთიდან მოდის.
ევროკავშირი აქამდე თავს არიდებდა აკრძალვას, ძირითადად იმის გამო, რომ სურდა დაეცვა ქალაქი ანტვერპენი: საპორტო ქალაქი მე-15 საუკუნიდან ბრილიანტის კერა იყო. მთელს მსოფლიოში მოპოვებული უხეში ალმასების 80%-ზე მეტი აქ ინახება.
"რუსეთი ძალიან დიდი ბიზნესი იყო ანტვერპენისთვის: მთელი ბიზნესის ახალ მომწოდებელზე გადატანა უამრავ თავის ტკივილს შექმნის. არარუსული ბრილიანტების იმპორტი ძვირი დაჯდება, რადგან ყველა ერთსა და იმავე მომწოდებელს დაედევნება. ეს ნიშნავს, რომ ისინი უფრო ძვირი გახდება საშუალო მომხმარებლისთვისაც“,- ამბობს ტიერი ტუგენდჰაფტი, რომელიც 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრილიანტის დილერია.
აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებას ინდოეთი ეწინააღმდეგება. ალმასის გლობალური მარაგის 90% დასაჭრელად ინდოეთში იგზავნება. ინდოეთის პრემიერ მინისტრი ნარენდრა მოდი დასავლეთის კრემლთან ეკონომიკური კავშირების შემცირებას მხარს არ უჭერს.
”თუ ინდოეთი არ მოხვდება ბორტზე, აკრძალვა არ იმუშავებს. ინდოეთში ალმასის ინდუსტრიაში ნახევარი მილიონი ადამიანია ჩართული, მათ საარსებო წყარო სჭირდებათ", - ამბობს ტუგენდაფტი.
ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ აკრძალვაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა უახლოეს კვირებში მიიღებს.
შეგახსენეთ, 2022 წლიდან ევროკავშირის სანქციები მოიცავს რუსულ ნახშირს, გაზს, ოქროს, არაყს და ხიზილალასაც კი.