ავტორი:

"ირაკლის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა" - როგორ დაიღუპა 25 წლის ქართველი გამნაღმველი უკრაინაში: გმირობის კიდევ ერთი ისტორია

"ირაკლის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა" - როგორ დაიღუპა 25 წლის ქართველი გამნაღმველი უკრაინაში: გმირობის კიდევ ერთი ისტორია

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 25 წლის ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. სიმტკიცის, პატრიოტიზმის და სიმამაცის სიმბოლო - ასე აფასებს ახალგაზრდა კაცს მისივე თანამბრძოლი, ლაშა შერგელაშვილი.

"საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის, ის ჩემი, ჩვენი, საქართველოს იმედი და მომავალი იყო. პროფესიონალი მხოლოდ ცოდნას არ ნიშნავს, ეს პირველ რიგში, ახლის სწავლის უნარია. სწორედ ასეთი იყო ირაკლი. მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო აკადემია ჰქონდა დამთავრებული და პროფესიონალი იყო, ის მუდმივად ცდილობდა ახლის სწავლას, განვითარებას, რასაც იყენებდა საბრძოლო მოქმედებების დროს. მე ამ ცოდნას და გამოცდილებას საქართველოს გამარჯვებისთვის გამოვიყენებო, - ხშირად იმეორებდა... 7 დაჭრილი გამოიყვანა ფრონტის ხაზიდან, ერთი მათგანი 2 კილომეტრი ზურგით ატარა და თან "შენ ხარ ვენახი“ ღიღინებდა. არც კი ვიცი, როგორ დაგემშვიდობო“, - წერს ლაშა შერგელაშვილი სოციალურ ქსელში.

თანამებრძოლების ცნობით, ირაკლი 11 ნოემბერს, დავალებაზე ყოფნის დროს დაიღუპა - მას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა თავში. უფრო მეტს მის შესახებ ირაკლის სიძე ირაკლი ბერაძე გვიამბობს:

- ირაკლი პროფესიონალი სამხედრო, გამნაღმველი იყო. გორის სამხედრო აკადემია დაამთავრა და ინსტრუქტორად გააგრძელა. მუშაობდა ვარკეთილის სამხედრო პოლიგონზე, ვაზიანში, გორში. ოთხი ენა იცოდა - რუსული, ინგლისური, გერმანული, უკრაინული. არაერთი ჯილდო და სიგელი აქვს მიღებული. თავისი საქმის ძალიან მაგარი მცოდნე იყო. მხოლოდ განაღმვა კი არა, ასაფეთქებელი საშუალებების შექმნაც შეეძლო. უკრაინაში ომი რომ დაიწყო, თქვა, რომ წასვლა უნდოდა. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება შევიძინო და შემდეგ ეს ცოდნა ჩემს ქვეყანას მოვახმაროო. ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები ყველა ვცდილობდით გადაგვერწმუნებინა, მაგრამ ვერაფრით გავხდით. საბუთების დამალვა დავიწყეთ, ვითომ იკარგებოდა... ყველაფერი თავიდან გააკეთა და წავიდა. 2022 წლის მაისში უკვე უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთ დანაყოფში ირიცხებოდა. პირველი ეტაპი მშვიდობიანად მოიარა, აგვისტოში ერთი თვით იყო ჩამოსული და მაგის ტელეფონი არ გაჩერებულა - ურეკავდნენ და სულ რაღაცას ეკითხებოდნენ. მის სიმამაცეზე ოჯახში ნახევარიც არ გვცოდნია... ახლა ნელ-ნელა ვიგებთ ყველაფერს.

- რას გულისხმობთ?

- ჩვენ ვიცოდით, რომ ინსტრუქტორად მუშაობდა და ამასთანავე, იმ ტერიტორიებს ასუფთავებდა ნაღმებისგან, სადაც მერე მშვიდობიანი მოსახლეობა უნდა შესულიყო. სინამდვილეში, ამ საქმესთან ერთად ძალიან სახიფათო დავალებებსაც ასრულებდა. როგორც მისმა თანამებრძოლებმა გვითხრეს, ისინიც სთხოვდნენ, ფრონტის წინა ხაზზე არ გასულიყო. ლაშა შერგელაშვილმა მითხრა, ჩვენ მისი წინა ხაზზე გაშვება არ გვინდოდა, იმიტომ რომ მისი შესაძლებლობები გაცილებით მნიშვნელოვანი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც შემდეგ ფრონტის წინა ხაზზე უნდა გასულიყოო. თურმე ფრონტის წინა ხაზზე შედიოდა და მტრის ცხვირწინ ასრულებდა განაღმვით სამუშაოებს. ბიჭები, ისეთი მამაცი ადამიანებიც კი, რომლებიც შეტევაზე პირველები გადადიან, ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ მისით. დაჭრილიც არაერთხელ ყოფილა, მაგრამ ჩვენს ყურამდე ერთი ამბავიც კი არ მოსულა. ერთხელ დაჭრილი ირაკლი თანამებრძოლებს ჰოსპიტალში გადაუყვანიათ, მაგრამ მას გამოუცხადებია, რომ იქ არ დარჩებოდა. მეგობრებს როგორღაც დაურწმუნებიათ, რომ დარჩენილიყო, მაგრამ კლინიკა მაინც დროზე ადრე დაუტოვებია. უკრაინულ ტელეარხებს მასზე გადაცემაც მოუმზადებიათ... ცოლ-შვილი მაინც დაეტოვებინა, ძალიან მიმძიმს მასზე წარსულში საუბარი... შეყვარებულიც კი არ ჰყავდა, მთლიანად საქმეზე იყო გადართული. ასეთი პატრიოტი, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული, საქმეზე კონცენტრირებული ადამიანი არ მინახავს. ორ სიტყვას რომ იტყოდა, მაშინვე მიხვდებოდით, რომ გამორჩეული ახალგაზრდა იყო. მისი ერთადერთი ოცნება გამთლიანებული, ძლიერი საქართველო იყო, მისი ყველა მიზანი ამ ოცნებას უკავშირდებოდა.