გასულ კვირას ტელეკომპანია "ფორმულამ" გამოაქვეყნა Edison Research -ის მორიგი კვლევის შედეგები. კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - გამოკითხულთა 37% "ქართულ ოცნებას" ასახელებს, "ნაციონალური მოძრაობა"/"სტრატეგია აღმაშენებელს" - 21%, პარტიას "საქართველოსთვის" - 9%, "ლელოს" კი - 5%. ამ შედეგების მიხედვით, 4 პოლიტიკურ ძალას აქვს ბარიერის გადალახვის შანსი. თუ არჩევნებზე იგივე შედეგი დადგა, მმართველი პარტია და ოპოზიციური ძალები ჯამურად ისეთ მხარდაჭერას მიიღებენ, რომ გარდაუვალი იქნება კოალიციური მთავრობის შექმნა. ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:
- მოდი, შევთანხმდეთ, ეს არის 6 ნოემბრამდე არსებული რეალობა, მას შემდეგ იყო ევროკომისიის რეკომენდაცია და იქნება კიდევ ბევრი რამ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის მხარდაჭერის ამ პროცენტებს. გარდა ამისა, ველი, რომ პოლიტიკურ ველზე გამოჩნდება ახალი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა. რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", თუ არ ჩამოყალიბდა იმაზე, თუ რა უნდა, არ ვიცი, რა პერსპექტივა ელის. ჩემი ხედვით, "ნაციონალური მოძრაობის" ხმის მიმცემთა დიდი ნაწილი მაინც პირადად მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებისგან შედგება. რაც შეეხება გახარიას 9%-ს, ეს არ მიკვირს, შესაძლოა საარჩევნოდ ოდნავ კიდევაც გაიზარდოს. მან სწორი ტაქტიკა აირჩია, არ ჩანს აქტიურად პოლიტიკურ ველზე, თუმცა მაინც სულ ახსენებს საზოგადოებას თავს, საუბრობენ მისი პარტიის წევრები. ამის შედეგად მის მიმართ საზოგადოების ნაწილში გარკვეული მოლოდინი არსებობს. "ლელოს" მხარდაჭერაც რეალური მგონია.
ყველაფრის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ "ქართულ ოცნებას" აქვს სერიოზული შედეგის მიღების შესაძლებლობა. მაშინ როდესაც გამოწვევები ძალიან სერიოზულია, ხელისუფლებამ მოახერხა მნიშვნელოვანი რამ - სტაბილურობის განცდის მეტ-ნაკლებად გაჩენა. ამაში ვგულისხმობ შიდასტაბილურობასაც და რეგიონულსაც. ეს იქნება საარჩევნოდ ხელისუფლების მთავარი გზავნილი. თუ ამას დაემატება სერიოზული სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებიც, მაშინ კიდევ უფრო მყარი გახდება მისი პოზიცია. ინფრასტრუქტურულ პროექტებში არ ვგულისხმობ მხოლოდ გზების გაყვანას, ვგულისხმობ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებს, როგორიც არის პორტი, აეროდრომები, ანუ ე.წ შიდა დერეფნის გამტარობის გაზრდის საშუალებები. ეს პროექტები საქართველოს ფუნქციის მნიშვნელობას უფრო გაზრდის. ეს თუ გაკეთდა და ხალხმა ეს დაინახა, მერწმუნეთ, "ოცნება" მოახერხებს გამარჯვებას, მაგრამ ასევე არ გამოვრიცხავ ახალი პოლიტიკური ძალის გამოჩენას, რომელიც აუცილებლად მოინდომებს ძველი ბალასტის მოშორებას და მაქსიმალურად ახლებური იმიჯის შექმნას. ეს ხელოვნურად მოხდება თუ ახალი პარტია სპონტანურად დაიბადება, არ ვიცი.
- გულისხმობთ, რომ ის "ქართული ოცნების" წიაღში აღმოცენდება?
- უფრო "ქართულ ოცნებასთან" ახლოს მყოფ ახალ პოლიტიკურ ძალას ვგულისხმობ, რომელიც შეიძლება ისევ ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეშ გაჩნდეს. მოკლედ, თუ მან ამის საჭიროება დაინახა, აუცილებლად შექმნის. წაიკითხეთ სრულად