ავტორი:

ცვლილებები სუნაკის მთავრობაში: ექსპრემიერი დევიდ კემერონი მინისტრად ბრუნდება, სუელა ბრავერმანი კი ბოლო ერთ წელში მეორედ გაუშვეს შს მინისტრობიდან

ცვლილებები სუნაკის მთავრობაში: ექსპრემიერი დევიდ კემერონი მინისტრად ბრუნდება, სუელა ბრავერმანი კი ბოლო ერთ წელში მეორედ გაუშვეს შს მინისტრობიდან

13 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა შინაგან საქმეთა მინისტრი, სუელა ბრავერმანი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრივილეგია იყო შინაგან საქმეთა მინისტრად მემსახურა. თავის დროზე მეტი მექნება სათქმელი“, - განაცხადა ბრავერმანმა.

როგორც ბრიტანული მედია წერს, მისი გადაყენება უკავშირდება პალესტინელთა მხარდამჭერი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მის მიერ პოლიციის კრიტიკას. მან 8 ნოემბერს გაზეთ The Times-ში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც სამართალდამცავი ორგანოების ქმედებები "ორმაგ სტანდარტად“ შეაფასა.

მისი აზრით, პოლიცია მონაწილეთა მიმართ ზოგიერთ დემონსტრაციაზე მკაცრ პასუხს იძლევა, ზოგზე კი, მათ შორის პალესტინელთა მხარდამჭერზე - უფრო რბილად პასუხობს. ბრავერმანმა თქვა, რომ ეს მიდგომა შეიძლება გამოწვეული იყოს პოლიციის შიშით, რომ ის არ გააკრიტიკონ. შეგახსენებთ, ლონდონში პალესტინელების მხარდასაჭერად 300 000-იანი მსვლელობა გაიმართა, რომელზეც დემონსტრაციის 100-ზე მეტი მოწინააღმდეგე დააკავეს.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ასევე წერდა, რომ პალესტინელების მხარდამჭერი მარშების ზოგიერთ ორგანიზატორს კავშირი აქვს რადიკალურ დაჯგუფება "ჰამასთან“, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული აშშ-სა და ევროკავშირში.

ბრიტანული მედიის ცნობით, ბრავერმანს The Times-ისთვის განკუთვნილი თავისი ტექსტი არ შეუთანხმებია მთავრობასთან. როგორც ირკვევა, პრემიერ-მინისტრ სუნაკის ოფისმა მინისტრს ცვლილებების შეტანა სთხოვა, მაგრამ მან ეს თხოვნა უგულებელყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ის შს მინისტრობიდან მეორედ გადააყენეს.

იმჟამინდელმა პრემიერმა ლიზ ტრასმა ის ამ თანამდებობაზე 2022 წლის სექტემბერში დანიშნა, მაგრამ 6 კვირის შემდეგ გადადგომა მოუწია იმის გამო, რომ ოფიციალური დოკუმენტი პირადი ელექტრონული ფოსტით გაგზავნა, რაც წესების დარღვევად მიიჩნევა. რიში სუნაკმა ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე ექვსი დღის შემდეგ დააბრუნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი. მის ნაცვლად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სათავეში ჩაუდგა ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი.

კამერონი არ არის ბრიტანეთის პარლამენტის მოქმედი წევრი. ის ლორდთა პალატაში დაიკავებს ადგილს, რაც შესაძლებელს გახდის მის დანიშვნას საგარეო საქმეთა მინისტრად. დევიდ კამერონი დიდი ბრიტანეთს 2010 წლის 11 მაისიდან 2016 წლის 13 ივლისამდე ხელმძღვანელობდა. გადადგომის შემდეგ გააფორმა 800-ათასიანი კონტრაქტი, რომლის ფარგლებში დაწერა მემუარები. მისმა მეუღლემ კი გახსნა ტანსაცმლის საკუთარი ბრენდი Cefinn. 2017 წელს კი გამოაცხადა, რომ ამერიკულ კომპანია First Data-ში დაიწყო მუშაობა.