ავტორი:

პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასები თითქმის ორმაგდება - კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს

პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასები თითქმის ორმაგდება - კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასები იზრდება.

პროექტი კომიტეტს, პირველი მოსმენით, მისმა ავტორმა და ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააცნო.

როგორც პაპუაშვილი განმარტავს ადგილი აქვს არა დეპუტატების ხელფასების ზრდას, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, არამედ მის შესაბამისობაში მოყვანას იმ ანაზღაურებასთან, რაც საჯარო სექტორშია.

“ეს თავის დროზე - 2017 წელს არ მოხდა, როდესაც საჯარო სექტორში ანაზღაურებასთან დაკავშირებით კოეფიციენტები დადგინდა. შესაბამისობაში არმოყვანამ, შედეგად მოგვიტანა ის, რომ არა თუ საჯარო სექტორში არის ბევრი დასაქმებული, ვისაც პარლამენტის წევრზე უფრო მაღალი ხელფასი აქვს, არამედ დღეის მდგომარეობით, თავად პარლამენტის აპარატში 50 თანამშრომელია, ვისაც პარლამენტის წევრზე უფრო მაღალი ხელფასი აქვს. ვინაიდან, 1-ელი იანვრიდან საჯარო სექტორში ხელფასის კვლავ 10%-იანი ზრდაა, აპარატის 100-ზე მეტი თანამშრომელი იქნება, ვისაც პარლამენტის წევრებზე მაღალი ხელფასი ექნებათ - მათ შორის არიან განყოფილების უფროსები, დეპარტამენტის უფროსები და ასე შემდეგ. ეს არის დისბალანსი, რაც იმის გამო შეიქმნა, რომ 2017 წელს პარლამენტის წევრების ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა არ მოხდა.

რომ არ იყოს პოპულისტური კითხვები იმის შესახებ, თითქოს პარლამენტის წევრები ხელფასებს იზრდიან - ცვლილებები მომავალი მოწვევის პარლამენტის წევრებს შეეხებათ. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერავინ განსჭვრეტს, რომელი პარტია იქნება მომავალ პარლამენტში - მით უმეტეს, ვერავინ განსჭვრეტს, კონკრეტულად რომელი პარლამენტის წევრი იქნება პარტიიდან მომავალ პარლამენტში“, - განაცხადა პაპუაშვილმა მედიასთან საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ცვლილების მიხედვით, დეპუტატების გასამრჯელო შემდეგნაირად განისაზღვრება:

პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი (იზრდება 3 260 ლარით)

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე – 9 500 ლარი (იზრდება 3 100 ლარით)

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი (იზრდება 2 910 ლარით)

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი (იზრდება 3 460 ლარით)

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი

მოადგილე – 8 750 ლარი (იზრდება 3 950 ლარით)

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8 500

ლარი (იზრდება 3 760 ლარით)

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250

ლარი (იზრდება 3 626 ლარით)

გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

2025 წლის 1-ელი იანვრიდან - მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ზრდა, ხარჯვით ნაწილს ყოველწლიურად 5 700 000 ლარით გაზრდის.