ეგვიპტის სასტუმროს ნომერში მცხოვრები ბრიტანელი წყვილის გარდაცვალების მიზეზი დადგენილია. გამოძიებამ აღმოაჩინა, რომ ჯონ და სუზან კუპერების მეზობელი ოთახი ქიმიკატებით ყოფილა გაჟღენთილი. წყვილის ავად გახდომამდე რამდენიმე საათით ადრე, მეზობლად მცხოვრებმა დამსვენებელმა ოთახში ბაღლინჯოები აღმოაჩინა და სასტუმროს შეატყობინა. როგორც ჩანს, სწორედ ბაღლინჯოებზე ნადირობას ემსხვერპლა წყვილის სიცოცხლე.
ადრინდელ მოსმენაზე ჩატარებული ექსპერტიზის წინასწარი დასკვნის მიხედვით, 2018 წელს, 69 წლის ჯონ კუპერისა და მისი 63 წლის მეუღლის, სუზანის სიკვდილი, არც ნახშირბადის მონოქსიდით და არც საკვებით მოწამვლით იყო გამოწვეული, თუმცა აღნიშნულია, რომ შესაძლოა, ეს "ინფექციურ ან ტოქსიკურ ქიმიკატებთან კონტაქტის" ბრალი ყოფილიყო.
წყვილის ქალიშვილმა, კელიმ აღნიშნა, რომ მისი მშობლები, ასაკის მიუხედავად, საკმაოდ ჯანმრთელები იყვნენ და არაფერი აწუხებდათ.
სასტუმროს ოთახის პესტიციდებით დამუშავების დღეს, ჯონის და სუზანის შვილიშვილი, 12 წლის მოლი მათ ოთახში რჩებოდა. გოგონას თქმით, ოთახში მძიმე, "საფუარის მსგავსი" სუნი იყო. ღამის 1 საათზე, ჯონ კუპერმა ქალიშვილს დაურეკა და შეატყობინა, რომ მოლი თავს ცუდად გრძნობდა და გოგონა დასაძინებლად დედის ოთახში, სასტუმროს ზედა სართულზე აიყვანა.
მეორე დილით, კუპერებმა სასაუზმოდ ადგომა ვეღარ შეძლეს. როცა კელი მათ ოთახში ავიდა, აღმოაჩინა, რომ მისი მშობლების მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. კელი იხსენებს, რომ როცა მამა კართან მივიდა, ამბობდა, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობდა: "შემდეგ კანკალი დაიწყო, საწოლის კიდეზე დაეცა და თქვა, რომ ცუდად იყო. დედა საწოლში იწვა და გმინავდა",- ყვებოდა კელი.
ჯონის და სუზანის ქალიშვილის თქმით, ოთახში გაურკვეველი მძიმე სუნი იგრძნობოდა. მან მალევე ექიმებს გამოუძახა, თუმცა ისინიც პანიკურ რეჟიმში იყვნენ, რადგან კელის მშობლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა: "მამას სუნთქვა უჭირდა. თვალებზე თითქოს ბინდი ჰქონდა გადაკრული".
ჯონ კუპერი სასტუმროს ნომერშივე გარდაიცვალა, მისი ცოლი კი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის უგონოდ შეიქნა და ბოდვა დაიწყო. სამწუხაროდ, ქალი ვერ გამომჯობინდა და იმავე საღამოს გარდაიცვალა.
წყარო: theguardian
მოამზადა: ანა სიბოშვილმა