ავტორი:

"რატომ ატყდა ამხელა ამბავი? დედაჩემი რომ არა, შეიძლება ძველი ბიჭის ცოლი გავმხდარიყავი... მან ვარსკვლავად გამზარდა" - ინტერვიუ თამარ ივერთან, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

"რატომ ატყდა ამხელა ამბავი? დედაჩემი რომ არა, შეიძლება ძველი ბიჭის ცოლი გავმხდარიყავი... მან ვარსკვლავად გამზარდა" - ინტერვიუ თამარ ივერთან, მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი ქართველი სოპრანო თამარ ივერი ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემას სტუმრობდა. მუსიკოსმა ბავშვობის წლებსა და დედასთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ივერის მიერ მოყოლილ ისტორიას, რომ დედა მკაცრად ზრდიდა და ხშირად ქამრითაც უცემია, სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა.

ისინი წერდნენ, რომ მომღერალი ბავშობაში ძალადობის მსხვერპლი გახლდათ და ამაზე ხუმრობით საუბარი არ შეიძლება. თუმცა როგორც ambebi.ge-სთან სოპრანო ამბობს, ეს ფაქტი მის ცხოვრებაში ძალადობის აქტად არ დარჩენილა და არც თვლის, რომ დედა რამეს არასწორად აკეთებდა, რადგან თავად იყო ძალიან რთულად აღსაზრდელი ბავშვი.

ამ ქალმა ვარსკვლავად გამზარდა, ამბობს დედაზე სოპრანო...

თამარ ივერი:

- მე ვთვლი, რომ დედაჩემი მკაცრი ქალი იყო, მაგრამ ეს ალბათ საჭირო იყო, რადგან ძალიან ცელქი და მავნე ბავშვი ვიყავი. ერთი-ორი წკეპლა ბავშობაში ყველას მოხვედრია. რაც შეეხება ქამრებს, უბრალოდ კიდებდა და შეიძლება არც ეხმარა, მაგრამ მაგით მაშინებდა. ერთი ორჯერ მომხვდა, მაგრამ ვიმსახურებდი. ისეთ რაღაცებს ვაკეთებდი... აივნიდან ხალხს დიდ კარტოფილებს ვესროდი, ცალკე კარტოფილი ქრებოდა, ცალკე ლობიო, ტომარა ნიგოზიც გამქრალა. შემდეგ მთელმა უბანმა გაიგო, რომ მე ვყრიდი აივნიდან და მეზობლებს უკვე ახლოს გავლის ეშინოდათ. ასეთი ბავშვისთვის მორტყმა ცუდი არ იყო.

მე ამას ტრაგედიად არ ვთვლი, ამ ქალმა ვარსკვლავი გამზარდა. დღეს ისეთი ცხოვრებაა, სახაზავი რომ დაარტყა ადამიანს, ადვოკატებში გარბიან, ჩემზე იძალადესო. მე ამას ტრაგედიად არ აღვიქვამდი.

- გადაცემაშიც იუმორით ყვებოდით...

- დიახ, სხვანაირად რომ ყოფილიყო, მე ცოტა სხვა გადაცემაში მივიდოდი და სერიოზულად ვისაუბრებდი, სიცილით მოვყევი იქაც. საერთოდ, რთული თინეიჯერული წლები მქონდა. ცოტა ისეთ წრეშიც ჩავვარდი, შეიძლება სულ სხვა გზით წავსულიყავი და და უბნის ძველი ბიჭის ცოლი გავმხდარიყავი და სულ არ ამერჩია სიმღერა. სწორედ, დედაჩემი რომ იყო მკაცრი და პრინციპების ქალი, იმიტომ გავყევი იმ საქმეს, რამაც ვარსკვლავად მაქცია. რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი არ ვიცი. ვისთვის არ მოურტყამს დედას ბავშობაში, ან ყური არ აუწევია. ძალიან მაღიზიანებს ეს კამპანია.

- თქვენ როგორი დედა ხართ?

- მთლად დედაჩემივით მკაცრი არ ვარ, კარგად იქცევიან ჩემი შვილები. მე თავად ვიყავი ძალიან ცელქი და მავნებელი ბავშვი. ჩემს თაობაში დედისგან ხელიც მოხვედრიათ და ყურიც აუწევიათ, ახლა რატომ გადააქციეს ამხელა ტრაგედიად. ასე რომ ყოფილიყო, სიცილით ხომ არ ვისაუბრებდი.

ძალიან უხერხულია, ქალი გარდაცვლილია და იმიტომ გავიხსენე. ცოცხალი რომ ყოფილიყო, არც მოვყვებოდი. როდესაც გავიზარდე, იუმორით ვიხსენებდით ხოლმე. 12-13 წლამდე ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი. კაცი რომ სახურავის შესაკეთებლად ავიდოდა, კიბეს გამოვაცლიდი (იცინის). რა თქმა უნდა, საუბარი და ახსნა უკეთესი გზაა, მაგრამ ერთხელ ამიხსნა, ორჯერ, მაგრამ მაინც არ მესმოდა.

მსხვერპლი რომ ვყოფილიყავი, ამაზე აქამდე ამოვიღებდი ხმას. იმდენი თბილი ვიდეო მაქვს დედასთან ერთად ვაკის პარკში გადაღებული, ხომ არ გვექნებოდა ასეთი ურთიერთობა.

წაიკითხეთ ასევე: