ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, უკანონო პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს.
დოთიაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, "ცუდად არის".
"ცუდად ვარ, მერე დაგელაპარაკებით" - თქვა დოთიაშვილმა.
მისი ოჯახის წევრების მეუღლისა და მამის განცხადებით, დოთიაშვილი თავს იმდენად ცუდად გრძნობს, რომ ლაპარაკიც კი უჭირს.
"თავს ცუდად გრძნობს, ლაპარაკის ძალა არ აქვს. განადგურებულია. იმედია, მოიკრებს ძალებს და მერე თავად მოგახსენებთ. - განაცხადა მეუღლემ.
"ჯერ არ მისაუბრია. მოვიდა თუ არა, სამძიმარზე წავიდა. მის თვალწინ მოკლეს კაცი, უყურებდა როგორ მოკლეს. ვერ ვიცანი ისეთ მდგომარეობაშია." - აღნიშნა მამამ.
ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
ასევე იხილეთ: