ავტორი:

"ბრავო ქართველ ხალხს... საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით" - მაკრონის პოსტი ქართულ ენაზე, ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

"ბრავო ქართველ ხალხს... საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით" - მაკრონის პოსტი ქართულ ენაზე, ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტს ქართულ ენაზე აქვეყნებს, სადაც წერს:

  • "ბრავო ქართველ ხალხს, რომლის ერთგულება დემოკრატიისა და ევროპის მიმართ აღარ საჭიროებს დამტკიცებას. გააერთიანეთ ძალისხმევა წინსვლისთვის. საფრანგეთი დგას თქვენს გვერდით".

ცნობისთვის, მაკრონმა ღარიბაშილს ელისეს სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე - საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია მისცეს ევროპულ საბჭოს.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის ეს გადაწყვეტილება ისტორიულია. საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია, რაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს განსაზღვრავს. ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ამ გზაზე თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა, ხაზი გაუსვა საფრანგეთის, როგორც ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის, პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის მნიშვნელობას და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება, რაც დაეხმარება საქართველოს, წარმატებით გადავიდეს გაწევრიანების შემდგომ ეტაპებზე.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ემანუელ მაკრონმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

საუბარი, ასევე, შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს.მხარეებმა არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს და ისაუბრეს იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს შეუძლია ითამაშოს სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ირაკლი ღარიბაშვილმა ემანუელ მაკრონს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში მიიწვია.