ავტორი:

3-დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა - ლევან დოთიაშვილი თავისუფალია: "ცუდად ვარ, მერე დაგელაპარაკებით"

3-დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულდა - ლევან დოთიაშვილი თავისუფალია: "ცუდად ვარ, მერე დაგელაპარაკებით"

უკანონო პატიმრობაში მყოფი ლევან დოთიაშვილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, თამაზ გინტურის მკვლელობისას, თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათი ცნობით, ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებელი და უპირობო გათავისუფლების საკითხი აქტიურად განიხილებოდა 6 ნოემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგენთში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

"უკანონო დაკავებულის გათავისუფლების შესახებ კომუნიკაციისას, ასევე, ინტენსიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი. მოლაპარაკებებში აქტიურად იყვნენ ჩართული საერთაშორისო პარტნიორები. ცენტრალური ხელისუფლება განაგრძობს აქტიურ მუშაობას თამაზ გინტურის მკვლელობაში მონაწილე პირების მიმართ მართლმსაჯულების აღსრულების მიზნით. მუშაობა, ასევე, მიმდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად" - ნათქვამია ინფორმაციაში.

დოთიაშვილმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთა, რადგან, როგორც მან აღნიშნა, "ცუდად არის".

"ცუდად ვარ, მერე დაგელაპარაკებით" - თქვა დოთიაშვილმა.

ცნობისთვის, ლევან დოთიაშვილი საოკუპაციო ძალებმა 6 ნოემბერს გაიტაცეს. მასთან ერთად მყოფი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე თამაზ გინტური კი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.