ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ედუარდ კოკოითი, 6 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან მომხდარ შემთხვევას ეხმიანება. შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი, დავით დოთიაშვილი გაიტაცეს. მოგვიანებით სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა იმ ოკუპანტების დოსიეები, რომლებიც ე.წ. საზღვართან არიან და შესაძლოა, პირდაპირ კავშირში იყონ გინტურის მკვლელობასთან.
გარდა ამისა, თამაზ გინტურის ოჯახი სავარაუდო მკვლელების ვინაობას ასახელებს. გინტურის ძმა "მთავარ არხთან“ საუბრისას ამბობს, რომ დანაშაული ორმა პირმა ჩაიდინა. ესენი არიან ვასილ დემიდოვი და კოლია ისჩენკო. ორივე ოკუპანტი ცხინვალში მსახურობს.
"ყველამ ვიცით 6 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შესახებ. ყურადღებით ვაკვირდებით ამ სიტუაციას. სასაზღვრო სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქის მიერ სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევის მცდელობა აღკვეთა. სამართალდამცველების მუშაობის შედეგად ერთი დაკავებულია, ხოლო მეორე, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია, სასიკვდილოდ დაიჭრა.
იმის გათვალისწინებით, რომ მოკლული 2008 წელს ჩვენს რესპუბლიკაზე თავდასხმაში მონაწილეობდა, ჩვენთვის, სამხრეთ ოსეთისთვის ის იყო სამხედრო დამნაშავე.
საქართველო ამ სიტუაციას იყენებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად და სიტუაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციისთვის.
ოსმა და რუსმა მესაზღვრეებმა თავიანთი მოვალეობა ღირსეულად შეასრულეს, მესაზღვრეების წესდების სრული დაცვით. მინდა ხაზი გავუსმა მათ პროფესიონალიზმს. რუსები სამხრეთ ოსეთში იმყოფებიან სახელმწიფოთაშორისი შეთანხმების საფუძველზე, პირადად მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ბიჭები საქმეს შესანიშნავად, სტანდარტების დაცვით ასრულებენ.
ქართველი რადიკალები ავრცელებენ პერსონალურ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში რუსი მესაზღვრეების შესახებ, ასევე პირად ინფორმაციას მათი ოჯახის წევრების შესახებ. ჩვენ არ შეგვაშინებს ასეთი საზიზღარი ქმედებები. მათ, ვინც ამ მონაცემებს აგროვებს და ავრცელებს, იცოდეს, რომ ჩვენ არ მივცემთ არც ჩვენი, არც რუსი მესაზღვრეების და არც მათი ოჯახის წევრებისთვის ზიანის მიყენების უფლებას.
მინდა შევახსენო ყველას, ვინც დღეს ცდილობს დაემუქროს ოს და რუს მესაზღვრეებს, რომ ჩვენ გვაქვს მუშაობის პრაქტიკა, წარსულში მოვახდინეთ ტერორისტული აქტების პრევენცია, ჩავატარეთ სპეცოპერაციები ამ ტერორისტული აქტების ორგანიზატორებისა და შემსრულებლების დასაკავებლად დაკავებულების აღიარების შემდეგ, კეთილგანწყობის ნიშნად, ისინი ოჯახებს დავუბრუნეთ", - წერს კოკოითი.
ნახეთ ასევე: