ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. ამის შესახებ დღეს, 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ფეისბუქში", ევროკომისიის გვერდზე გამოქვეყნებულ ბანერს, სადაც წერია, რომ ევროკომისია საქართველოს რეკომენდაციას უწევს, მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ორ საათში 22 000-ზე მეტი ლაიქი და 3200-ზე მეტი კომენტარი ჰქონდა.
"მე ვარ ქართველი და მაშასადამე ვარ ევროპელი",
"ბოლოსდაბოლოს, - მადლობა, ევროპა",
"იყავით ჩვენთან ერთად, ბოლომდე"
"მადლობა, რომ გაითვალისწინეთ ქართველი ხალხის ნება", - წერენ ფოტოს კომენტარებში.
დროის იგივე მონაკვეთში უკრაინის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას 776 ემოცია ჰქონდა, ხოლო მოლდოვის შესახებ 515. საინტერესო ისაა, რომ უკრაინის და მოლდოვის ბანერებზეც ქართველები გამოხატავენ ემოციებს და წერენ კომენტარებს.
და მხოლოდ ეს არ არის, ქართველები მიღწეულ შედეგს ულოცავენ ბოსნია ჰერცოგოვინასაც და საერთოდ, ულოცავენ ყველა ქვეყანას მიღწეულ შედეგს და უსურვებენ წარმატებებს.
ეს თემა "ფეისბუქის" ქართულ სივრცეში ხუმრობის საბაბი გახდა. საზოგადოება აღნიშნავს რომ ევროპამ სოციალურ ქსელში გამოხატული რეაქციებითაც უნდა იგრძნოს ქართველების ძალა და სურვილი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ევროკავშირის წევრობა.