ავტორი:

"შევეშვათ სისულელეებს და იმაზე კამათს, ეს ვისი დამსახურებაა... გავაგრძელოთ მუშაობა, საქმე ვაკეთოთ" - რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს?

"შევეშვათ სისულელეებს და იმაზე კამათს, ეს ვისი დამსახურებაა... გავაგრძელოთ მუშაობა, საქმე ვაკეთოთ" - რა სარგებელი მოაქვს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს?
  • ფოტო: გია აბდალაძე

8 ნოემბერი საქართველოსთვის უკვე ისტორიული დღეა - ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში მიმდინარე პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა:

"საბჭომ მიიღო გაფართოების ანგარიში. დღეს კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ საბჭომ დაიწყოს მიერთების მოლაპარაკებები. კომისია, ასევე, გაწევრიანების მოლაპარაკების რეკომენდაციას იძლევა ბოსნია ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება წევრობის კრიტერიუმთან შესაბამისობა და რეკომენდაციას ასევე კომისიის მხრიდან, რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი, იმ თვალსაზრისით, რომ უნდა განხორციელდეს ზოგიერთი რეფორმა. ამ 4 ქვეყანაზე მოვახდენთ ფოკუსირებას, პირველ რიგში კი უკრაინაზე", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად.

"პირველ რიგში, ეს ნამდვილად არის აღსანიშნავი დღე საქართველოსთვის, კანდიდატის სტატუსის მიენიჭა ქვეყანას. ხშირად, როდესაც ვანიჭებთ, ან ვუწევთ რეკომენდაციას ამ სტატუსის მინიჭებას, ვამბობთ, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე ნაბიჯია გადასადგმელი. ეს დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციებში. ეს ნამდვილად უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსთვის, ასევე, ეს ხაზს უსვამს იმ შთამბეჭდავ და ძალიან ცალსახა პოზიციას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისა, რომ იქცნენ ევროკავშირის წევრებად“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

"გულითადად ვულოცავ ყველა მთავრობას, ოპოზიციას, პარლამენტს, პრეზიდენტს, სამოქალაქო საზოგადოებას, თქვენ, მედიას, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, გულითადად ვულოცავ საქართველოს მოსახლეობას, ხალხს, რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ გზას. ეს არის ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მოსახლეობის, მისი ხალხის ევროპული მომავლის მტკიცე მხარდაჭერისა და ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეული წინსვლის დიდი აღიარება“,- განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ.

"ქართველმა ხალხმა არაერთხელ აჩვენა თავისი ურყევი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი. ევროკომისია დღეს რეკომენდაციას აძლევს საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ევროკავშირის კარი ღიაა. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე. გელოდებით ",- წერს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი.

ცნობისათვის:

ევროკომისრები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან გაუწიონ რეკომენდაცია, რომ მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი იმ დათქმით, რომ ქვეყანა ცხრა მიმართულებით გადადგამს ნაბიჯებს.

ანგარიშის თანახმად, ამ პირობებში შედის არა მხოლოდ დღემდე შეუსრულებელი ვალდებულებების შესრულება, არამედ მოლაპარაკებების დასაწყებად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება და, შესაბამისად, საქართველოს საგარეო კურსის შესაბამისობაში მოყვანა ევროპულ პოლიტიკასთან.

ამ ცხრა პრიორიტეტიდან ზოგიერთი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.

ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე.

ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.

რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს შემდეგმა:

  • პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა;
  • ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება - და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატება ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია; სასამართლო რეფორმა - მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
  • კორუფციასთან ბრძოლა;
  • დეოლიგარქიზაცია; ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.

ევროკომისიამ საქართველოსთვის დაწესებული 9 მოთხოვნა უპირობოდ უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ წლის ბოლოს ქვეყანამ დაიწყოს გაწევრებაზე მოლაპარაკებები. სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბრის შუა რიცხვებში მიიღებს. რას ნიშნავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ბენეფიტების მოტანა შეუძლია საქართველოსთვის, ამ კითხვებზე ambebi.ge - სთან "საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ დირექტორი, პაატა გაფრინდაშვილი პასუხობს:

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული დღე. მანამდეც მქონდა რწმენა, რომ ევროკომისია გასცემდა რეკომენდაციას, რომ საქართველომ წლის ბოლოს მიიღოს სტატუსი. ბუნებრივია, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. ვიცით, რომ მთავარია ევროკავშირში გაწევრება - ეს ჩვენი მთავარი საგარეო პრიორიტეტია, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის დაკვეთაა და ამ გზაზე კანდიდატის სტატუსი არის სერიოზული ინსტრუმენტი. ოღონდ, აქ კი არ მთავრდება სამუშაო პროცესი, არამედ იწყება. პრიორიტეტები იქნება საკმაოდ მკაფიო და ზოგიერთი მათგანი დროში გაწერილი, რომელთა შესრულება მნიშვნელოვანი იქნება უკვე ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების დასაწყებად, ესაა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი. ჩემი აზრით, საქართველოს ჰყავს ორი ყველაზე დიდი მტერი:

  1. ოკუპანტი სახელმწიფო რუსეთი.
  2. პოლარიზება.

რუსეთის შემთხვევაში, საქართველოში მხოლოდ შიდა აქტორების პოლიტიკური ნება არაა საკმარისი ისეთი მტერი დავამარცხოთ, როგორიც რუსეთია. მეორე შემთხვევაში - დეპოლარიზაციის (რომელიც 12 პრიორიტეტიდან პირველი იყო) პროცესის დასაწყებად მართლა საკმარისია საქართველოში შესაბამისი პოლიტიკური აქტორების ნება. ამიტომ, ახლაც, კომისიის დასკვნის მერეც, ასეთ რამეს ვურჩევდი უპირველესად ხელისუფლებას და ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ აქტორსაც - შეეშვით წივილ-კივილს, ერთმანეთის დემონიზებას. ჩვენი მთავარი ამოცანა და მოსახლეობის დაკვეთაა ევროპულ ოჯახში გაწევრება, რაც ჩვენს სტაბილურობას, მშვიდობას და კეთილდღეობას განაპირობებს. ამიტომ შევეშვათ სისულელეებს და იმაზე კამათს, ეს ვისი დამსახურებაა, რატომ აქამდე არ მოგვცეს და ა.შ. ეს ყველაფერი არის მარაზმი. გავაგრძელოთ მუშაობა, საქმე ვაკეთოთ და საბოლოო ჯამში, მივიდეთ იმ მთავარ მიზნამდე, რასაც ევროკავშირში გაწევრება ჰქვია.

ამ პერიოდის განმავლობაში მოგვისმენია, რომ კანდიდატის სტატუსი არაფერია, ან - არიქა, ეს არის ყველაფერი. კანდიდატის სტატუსი ის არის, რაც ამ სიტყვაშია ჩადებული - კანდიდატი თუ არ გახდი, ისე ვერ დაიწყებ ევროკავშირთან მოლაპარაკებას გაწევრების შესახებ, ანუ მის გარეშე ვერასოდეს გახდები წევრი. მაგრამ ამის გარდა, უკვე კონკრეტულად კანდიდატის სტატუსს მართლაც დიდი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მეორეს მხრივ, მნიშვნელოვანია სხვა ბევრი სიკეთის თვალსაზრისით. არ დაიჯეროთ გამონათქვამი, რომ კანდიდატის სტატუსს არ მოქავს ეკონომიკური ან ფინანსური სიკეთე. პირიქითაა, რადგან როდესაც ქვეყანა სტატუსს იძენს, ანუ როდესაც უცხოელმა ბიზნესმენმა იცის, რომ ეს ქვეყანა მიდის ევროპისკენ, მისთვის საქართველო უფრო მიმზიდველი და სტაბილური იქნება, იზრდება უცხოური ინვესტიციის მოცულობა, რაც ხელს უწყობს სამუშაო ადგილების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, მთლიანი შიდა პროიდუქტის ზრდას და ჩვენს ცივილიზაციასთან მეტ კავშირს.

ასევე, ხელს უწყობს სტაბილურობას. იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იქნება ეს ანაკლიის პორტი, შავი ზღვის ფსკერზე გადებული კაბელი თუ სხვა, ხელს უწყობს კანდიდატის სტატუსი.

ასევე, არ არის გამორიცხული, საქართველოში თვითონ ევროკავშირის მხრიდან გაიზარდოს პირდაპირი ფინანსური ნაკადები და იმიტომ, რომ ევროკავშირი არ არის სტატიკური გაერთიანება, რომელიც ერთ ადგილას დგას. რამდენიმე წლის წინ რაც იყო, იმისგან განსხვავებით, დღეს მნიშვნელოვნად შეიცვალა ევროკავშირის პოლიტიკა გაფართოებასთან დაკავშირებით - გაფართოებით ადრეც ფართოვდებოდა, მერე პროცესი შეჩერდა, ახლა ეს პროცესი ახალი ძალით განვითარდა, რასაც, რასაკვირველია, უკრაინაში ომმა შეუწყო ხელი. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა შეიცვალა და ის დღეს გაფართოების მომხრეა.

რეკომენდაცია გაცემულია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ გადაწყვეტილების კონტექსტში ჩვენი ნებსითი, თუ უნებლიე მოქმედებით არ აღმოვჩნდეთ სადღაც გვერდზე. ვიმეორებ, თავი დავანებოთ ყბედობას, სისულელეებს, ერთმანეთის დემონიზებას და საქმეს მივხედოთ იმისათვის, რომ რაღაც ეტაპზე უკვე ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები დავიწყოთ“.

იხილეთ ასევე: