ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალში მოკლული თამაზ გინტურის თაობაზე პოსტს აქვეყნებს.
"ხომ იცოდა თამაზ გინტურმა, იმ დაკეტილ სალოცავთან რომ იოლი სამიზნე იქნებოდა?
ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?
ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?
ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ სიკვდილით გაუსწორდებოდნენ, მაშ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?
ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ - რაღატომ შეუბრუნა ბერიას სიტყვა?
და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა, გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ჩვენებური ბოლო?
ვაჟა-ფშაველამ ხომ იცოდა, რომ იმ ბნელ მოსახვევში, დაჭრილს ყვავ-ყორნები ეომებოდნენ?
დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა? თევდორე მღვდელმა?
იცოდნენ. და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით და ნაცადი რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?
და მე გპასუხობთ – იცოდა." - წერს გიორგი კეკელიძე.
ცნობისთვის, თამაზ გინტური რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 6 ნოემბერს მოკლეს. არსებული ინფორმაციით, თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი ლომისის ეკლესიაში, სანთლების დასანთებად მიდიოდნენ, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცეცხლი გახსნეს. აღნიშნულის შედეგად თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
ასევე იხილეთ: