ავტორი:

"მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ შეწყვეტის შეთანხმება" - ილია დარჩიაშვილი

"მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ შეწყვეტის შეთანხმება" - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კირბალის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა.

"მინდა ღრმა მწუხარება გამოვხატო რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავების დროს მოკლული საქართველოს მოქალაქის ოჯახის მიმართ. მოვუწოდებ საოკუპაციო ძალებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე და შეასრულონ ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, - წერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი X-ზე.

საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად საქართველოს მოქალაქე მოკლეს. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომხდარზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.

კერძოდ, სუს-ის ინფორმაციის თანახმად, "2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე".

შსს-მ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.