ავტორი:

22 შვილი, 16 ძიძა, ძიძებისთვის წელიწადში გადახდილი 225 000 - რას წერს ბრიტანული მედია ბათუმში მცხოვრებ კრისტინა ოზთურქზე, რომლის მილიონერი ქმარიც პატიმრობაშია

22 შვილი, 16 ძიძა, ძიძებისთვის წელიწადში გადახდილი 225 000 - რას წერს ბრიტანული მედია ბათუმში მცხოვრებ კრისტინა ოზთურქზე, რომლის მილიონერი ქმარიც პატიმრობაშია

კრისტინა ოზთურქი 26 წლის რუსი ქალია (ოზთურქი კრისტინას ქმრის, გალიფის გვარია), რომელიც ბათუმში ცხოვრობს. მისი ქმარი გალიფ ოზთურქი ამჟამად პატიმრობაშია და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. უკვე წლებია, მედიის ყურადღებას ოჯახი შვილების რაოდენობით იქცევს.

მათზე ამჯერად ბრიტანული "დეილი მეილი“ წერს. გამოცემა მკითხველს უყვება, რომ ოჯახში 22 ბავშვი იზრდება და 21 მათგანი სუროგაციის გზითაა გაჩენილი. ყველა მათგანი ერთ წელიწადშია დაბადებული.

კრისტინა ამბობს, რომ მას და მილიონერ ქმარს, 58 წლის გალიფ ოზთურქს სურთ,105 შვილი ჰყავდეთ. კაცს ამ წლის დასაწყისში საქართველოში რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასამართლომ გალიფი ნარკოტიკების და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში დამნაშავედ ცნო.

  • თებერვალში კრისტინამ, რომელიც წარმოშობით მოსკოვიდანაა, წიგნი გამოსცა, სადაც თავისი გამოცდილების შესახებ წერს. ქალი "ინსტაგრამზე" აქტიურია, ერთ-ერთ პოსტში საკუთარ წიგნს ასე აპიარებს:

"როგორც ჩანს, ყველაფერი უკვე დაწერილია ბავშვების აღზრდის შესახებ, მაგრამ ყოველ დღე, ყველა მშობელი ეძებს სასარგებლო ინფორმაციას, რათა შვილებს მხოლოდ საუკეთესო მისცეს.

არც მე ვარ გამონაკლისი. როგორც ოცდაორი შვილის დედამ, დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ზედმეტი ინფორმაცია არ არსებობს: ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ რაიმე ახალი.“

"კრისტინამ მომავალი მეუღლე საქართველოში, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, დასასვენებლად ყოფნისას გაიცნო", - წერს "დეილი მეილი".

გამოცემას წყაროდ ქართული მედია მოჰყავს და მკითხველს გალიფ ოზთურქის დაკავების დეტალებს უზიარებს. "ოზთურქი მას შემდეგ დააკავეს, რაც სახლის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს. მას ასევე ბრალად ედება გადასახადებისგან თავის არიდება და ფულის გათეთრება", - ნათქვამია სტატიაში.

გალიფი 2018 წელს თურქეთიდან საქართველოში გაიქცა. მას შემდეგ, რაც თურქეთის სასამართლომ მას მკვლელობის საქმეზე სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბიზნესმენის იურისტები აცხადებენ, რომ გალიფ ოზთურქი დანაშაულს არ აღიარებს.

  • კრისტინამ "ინსტაგრამის" გვერდზე ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც მისი ქმრისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ ოჯახს ჰქონდა.

"ბევრმა თქვენგანმა შეამჩნია ჩვენს ოჯახში მომხდარი მოვლენები, ჩემთვის უფრო რთული იყო ამ გვერდის შენარჩუნება. დიდი მადლობა მინდა გითხრათ მხარდაჭერისა და კეთილი სიტყვებისთვის.

ძნელია ისაუბრო ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნივთებზე ან სიხარულზე, როდესაც ყველა ფიქრი შორს არის და დაკავებულია მხოლოდ ჩემი ქმრის ჩვენთან დაბრუნების მოლოდინით", - წერდა ქალი.

9 ივნისს "ინსტაგრამის" საკუთარ ანგარიშზე გამოქვეყნებულ პოსტში კრისტინა წერს:

"მარტოობის განცდა არ მტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ გარშემო უამრავი ადამიანია. მიჩვეული ვარ, რომ ჩემი ქმარი ყოველთვის სახლში იყო. გალიფი ბოლო რამდენიმე წელი სახლიდან მუშაობდა, დღის განმავლობაში დროს მუდმივად ერთად ვატარებდით. ღამღამობით, როცა ბავშვები იძინებდნენ, ბევრს ვსაუბრობდით.

თბილისში ან სტამბოლში რომ მივდიოდი, ტელეფონზე საათობით ვსაუბრობდით, მთელი ღამე. ახლა ჩემთვის უფრო რთულია, როგორც არასდროს, ვერ ვიტან სიჩუმეს, ვერ ვიტან მის არყოფნას, ვიძინებ და ვიღვიძებ მარტო, ვხედავ მის ცარიელ სამუშაო მაგიდას... არ მესმის მისი ხმა, ვერ ვგრძნობ მის ჩახუტებას", - წერს ქალი.

გალიფის დაკავებიდან მალევე, კრისტინამ თქვა, რომ უჭირდა აეხსნა უფროსი ქალიშვილისთვის, თუ "სად გაქრა მამა".

2021 წელს კრისტინა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ წელიწადში 67 700 ფუნტს (225 ათასი ლარი) ხარჯავდა 16 ძიძის ანაზღაურებაზე. 2020 წლის მარტიდან 2021 წლის ივლისამდე კი სუროგატების მომსახურებაში 168 000 ევრო გადაიხადეს.

კრისტინა ამბობს: "მე სულ ბავშვებთან ერთად ვარ და ვაკეთებ ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ დედები აკეთებენ“.

ოჯახი სამსართულიან სასახლეში ცხოვრობს, ძიძების მოსახურება კი მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სახლში ბავშვების რაოდენობამ მოიმატა. წყვილის პირველი საერთო შვილი, მუსტაფა 2020 წლის 10 მარტს დაიბადა, ხოლო მათი ბოლო და 22-ე შვილი (სუროგაციით გაჩენილი) ოლივია ორი წლისაა.

კრისტინას თქმით, ის კვირაში 4000 ფუნტს ხარჯავდა ჩვილებისთვის საჭირო ნივთებზე, მათ შორის 20 დიდ შეკვრა საფენებსა და 53 ერთეულ საკვებ ფორმულაზე. "ინსტაგრამზე" ქალს 231 000 გამომწერი ჰყავს.

ამბობს, რომ "მომავალი ქმარი ერთი ნახვით შეუყვარდა და ზღაპრული პრინცი მის ცხოვრებაში მოულოდნელად შევიდა". მაშინ კრისტინა თავის შვილთან, ვიკასთან ერთად ბათუმში გალიფთან გადავიდა საცხოვრებლად (ვიკა კრისტინას გალიფთან გადასვლამდე ჰყავდა). გალიფი მასზე ბევრად უფროსი იყო და საკუთარი ზრდასრული შვილები ჰყავდა. წყვილი შეთანხმდა, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გაეჩინა. მალე მიხვდნენ, რომ ოცნების ასასრულებლად სუროგატი დედების დახმარება დასჭირდებოდათ. თითო ორსულობა დაახლოებით 9707 დოლარი დაუჯდათ.

კრისტინა ყველა პოტენციურ სუროგატთან გადის კონსულტაციას. ხელს აწერს იურიდიულ დოკუმენტაციას, რის მიხედვითაც ბავშვები გენეტიკურად კრისტინასა და მისი მეუღლისგან არიან.

ირჩევენ მხოლოდ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც უკვე ჰქონიათ მინიმუმ ერთი ორსულობა და პროგრამაში გაწევრებამდე ტარდება შემოწმება, ხომ არ აქვთ "მავნე ჩვევები".

"ჩვენ პირადად არ ვიცნობთ სუროგატ დედებს და არ გვაქვს პირდაპირი კონტაქტი, რათა თავიდან ავიცილოთ პრობლემები ორსულობის შემდეგ. კომუნიკაცია კლინიკის საშუალებით ხდება, ჩვენ მხოლოდ ჯანმრთელობის მაჩვენებლების მონიტორინგს ვახორციელებთ, დედებისთვის ვადგენ დიეტურ მენიუს, ვათვალიერებ ანალიზების პასუხებს.

მე თვითონ გავაჩინე ჩემი უფროსი ქალიშვილი ვიკა, დანარჩენი ბავშვები გენეტიკურად ჩემი და ჩემი მეუღლის შვილები არიან, მაგრამ ისინი სუროგატებმა გააჩინეს“, - ამბობს ქალი.

ის აღნიშნავს, რომ ეს გზა მაინც მარტივი არ ყოფილა, ჰქონდათ შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთმა სუროგატმა დედამ მოინდომა, რომ დაბადების შემდეგ ბავშვი დაეტოვებინა.

კრისტინა არ გამორიცხავს, რომ მომავალში თავადაც გააჩინოს შვილები.