ავტორი:

დაუჯერებელია, რომ ეს ნაქარგებია და არა ფოტოები - ულამაზესი თუშეთი ქრისტინე ლონგიშვილის განსაცვიფრებელ ნამუშევრებში

დაუჯერებელია, რომ ეს ნაქარგებია და არა ფოტოები - ულამაზესი თუშეთი ქრისტინე ლონგიშვილის განსაცვიფრებელ ნამუშევრებში

“ქარგვისას ვმოგზაურობ იმ სოფელში, რასაც ვქარგავ. მის ისტორიას, წარსულს თუ დღევანდელობას ვეცნობი. ასე იყო ჩიღოს შემთხვევაშიც. სწორედ ჩიღოს დღეობის "ლაშარობის" შემდეგ დაწერა აღფრთოვანებულმა მამაჩემმა - იოსებ ლონგიშვილმა "რა ლამაზია თუშეთი" და ბევრჯერ აქვს მოხსენიებული ჩიღო თავის ლექსებში...“ - ამბობს საოცარი ნაქარგების ავტორი ქრისტინე ლონგიშვილი, რომელიც ambebi.ge - ს სტუმარია.

- ქალბატონო ქრისტინე, თვალწარმტაც თუშეთში, პოეტის ოჯახში აღიზარდეთ... როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

- ულამაზესი ბავშვობა მქონდა მართლაც, პოეტურ სამყაროში ვიზრდებოდი, ბავშვობის ლამაზი ზაფხულები მაქვს გატარებული თუშეთის ულამაზეს, წოვათის ხეობაში, შემდეგ იყო ალაზნისთავი და ტბათანა... სკოლის დამთავრების შემდეგ კი ალბათ ისევ ბუნების სიყვარულმა გეოგრაფიულ ფაკულტეტზე ჩაბარება გადამაწყვეტინა...

მყავდა დედ-მამა და ძმა... მშობლები აღარ მყავს, ძმას - ზეზვას კი ორი შვილი ჰყავს - იოსები და ანა... ორივეს ძალიან უყვარს მთა და პოეზია, ანა სტუდენტია ინგლისურ ფილოლოგიას ამთავრებს, თუმცა ყოველ ზაფხულს თუშეთში ატარებს... მყავს ორი შვილი - თამარი და ირაკლი. თამარი ჟურნალისტია, ირაკლი კი თუშეთის დაცულ ლანდშაფტში მუშაობს არქიტექტორად...

მამაჩემმა დედას სიყვარული ჯერ კიდევ ოჯახის შექმნამდე სიმღერად აქცია, ცნობილი სიმღერა -"შატილის ასულო" მათ შეუღლებამდეა დაწერილი. ასევე დედას მიუძღვნა - "იქ დამრჩა ტიალი გული", რომელიც უკვე ამღერებულია...

- რამდენიმე წელია ემიგრაციაში იმყოფებით...

- დიახ, ისევე როგორც ბევრი ქართველი ქალის, ჩემს ცხოვრებაშიც დადგა მომენტი, როცა სამშობლო, ოჯახი უნდა დამეტოვებინა და ემიგრაციაში წავსულიყავი... უკვე თერთმეტი წელია, რაც ემიგრაციაში ვარ. ყველაზე მძიმე კი ის ცხრა წელი იყო, როცა უსაბუთობის გამო არ შემეძლო ჩამოსვლა საქართველოში, ამას ემატებოდა მონატრების სტრესი, ნოსტალგია, რომელსაც ვერაფერს უხერხებ ადამიანი...

- განსაცვიფრებელია თქვენი ნაქარგები... როდის დაიწყეთ ეს ხელსაქმე?

- ემიგრაციის პირველი ძნელი წლების გადასატანად და თავის გადასარჩენად ვებრძოდი თვითგამოხატვის საშაულებას და სწორედ ამ ძიებაში მივაგენი ქარგვას, რომელიც შევიყვარე და თავს ვეღარ ვანებებ... პირველი ნაქარგია - "ტიტები", რომელიც ძალიან მიყვარს.

შემდეგი ნაქარგები კი თუშეთის თემატიკას მივუძღვენი: "კესელო ნისლებში“ , "ყველიანი გუდები", კესანე ".... შემდეგ იყო თუშეთის სოფლები - დართლო, ქუმელაურთა და ჩიღო...

ქარგვისას ვმოგზაურობ იმ სოფელში, რასაც ვქარგავ. მის ისტორიას, წარსულს თუ დღევანდელობას ვეცნობი. ასე იყო ჩიღოს შემთხვევაშიც. სწორედ ჩიღოს დღეობის, "ლაშარობის" შემდეგ დაწერა აღფრთოვანებულმა მამამ "რა ლამაზია თუშეთი". ასევე ჩიღო ბევრჯერ აქვს მოხსენიებული თავის ლექსებში.

ალბათ ესაც იყო მიზეზი მისი მოქარგვის. წელს მომეცა საშუალება ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად მომენახულებინა ეს ლამაზი სოფელი. დიდი და ძლიერი სოფელი ყოფილა ადრე ჩიღო. ბევრი მდუმარედ ქცეული ციხე-კოშკი იპყრობს ჩვენს ყურადღებას თავისი სიდიადით...