უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიიღო გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნების 2024 წლის 31 მარტს ჩატარების შესახებ, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა.
"ჩემი ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადაწყვიტა საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება მომავალ წელს. მან დაავალა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოემზადოს არჩევნებისთვის, რომელიც დაგეგმილია 2024 წლის 31 მარტისთვის“, - განაცხადა გონჩარენკომ.
მისი თქმით, ხელისუფლება გეგმავს, საზოგადოებას არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება იმით აუხსნას, რომ ეს არის ვითომდა დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა. გონჩარენკო ირწმუნება, რომ დასავლელი პარტნიორები უკრაინისგან არანაირ არჩევნებს არ ითხოვენ.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ ითხოვენ ჩვენგან არჩევნებს. არ არსებობს არც საჯარო და არც საზოგადოებრივი მოთხოვნები. ეს არანაირად არ არის დაკავშირებული ჩვენს პარტნიორებთან. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტის აპარატის პოლიტიკური ამოცანები. საუბარია საპრეზიდენტო არჩევნებზე, რადგან საპარლამენტო არჩევნები პირდაპირ აკრძალულია უკრაინის კონსტიტუციით“, - განაცხადა გონჩარენკომ.