ლინდა ადამიას ახალმა იმიჯმა საზოგადოება შოკში ჩააგდო. ფოტოებზე, რომელიც სოციალურ ქსელში მომღერალმა გაავრცელა, მისი ცნობა შეუძლებელია. Ambebi.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ერთი წლის წინ, ბარიატრიული ოპერაცია გაიკეთა, თუმცა იქამდე იყო ჯანმრთელობის პრობლემები, რამაც აიძულა, რომ საბოლოოდ მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება.
ლინდა ადამია:
- ოქტომბერში ერთი წელი გავიდა, რაც ბარიატრიული ოპერაცია გავიკეთე, 45 კილო მაქვს დაკლებული. ოპერაციამდე 93 კილო ვიყავი. იქამდე ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნა, რამაც საბოლოოდ გადაწყვეტილება მიმაღებინა, საბოლოოდ დიაბეტამდე მივდიოდი. ზღვარზე ვიყავი, ანალიზები აჩვენებდა, რომ პრობლემები მქონდა. სასწრაფოდ ვუშველე თავს.
- რეაბილიტაცია რამდენად მარტივი იყო?
- ჩემს შემთხვევაში ძალიან რთული იყო. ექიმის რჩევები სწორად არ გავითვალისწინე, მაგრამ საბოლოოდ, ყველაფერმა იდეალურად ჩაიარა. თავს ახლა ფანტასტიკურად ვგრძნობ, არის მომენტები, როდესაც სუსტად ვარ, ამჟამად 47 კილო ვარ. განახევრებული ადამიანი ვარ. არის მომენტები, როდესაც ძალიან ბევრ ენერგიას ვხარჯავ, თავბრუსხვევები მაქვს, მაგრამ ეტაპობრივად ეგეც გამივლის.
- ლინდა, ხშირად ჭარბწონიან ადამიანებს ეუბნებიან, რომ არ სჭირდებათ მათ წონაში დაკლება, რადგან ასეც ძალიან საყვარლად გამოიყურებიან. თქვენს შემთხვევაში, რას გეუბნებოდნენ გარშემომყოფები?
- დიახ, მეც მეუბნებოდნენ, სახე ძალიან ლამაზი გაქვს. იყო ორივე აზრი, არ გახდე, გიხდება, ჩვენ ასეთიც გვიყვარხარ. მე ყოველთვის მინდოდა, რომ კომფორტულად მეგრძნო თავი. გარდა იმისა, ცოტა ხანიც რომ მომეცადა, ჯანმრთელობის პრობლემები შემექმნებოდა, მინდოდა, რომ ბევრი ისეთი რამ ჩამეცვა, რასაც იქამდე ვერ ვიცვამდი. ამიხდა ეს ოცნება.
- ოჯახის წევრები როგორ შეეგუვნენ თქვენს ახალ იმიჯს.
- ჩემი შვილი გაოცებული მიყურებდა ხოლმე. ზურგიდან რომ დამინახავდა, გაოცებული შემომივლიდა ხოლმე და წინიდან დამიდგებოდა, მიყურებდა, დედა ვიყავი თუ არა. ადამიანები ხშირად მეუბნებიან, რომ არ გვენახე, რეალურად კიდევ არ გვჯეროდაო.
- პირად ცხოვრებაში რა შეიცვალა?
- არაფერი, ძალიან კარგად ვარ ჩემს მეუღლესთან ერთად. მხოლოდ ის გაუჭირდა, რომ პოსტოპერაციული პერიოდი არ მქონდა მარტივი.
- რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ჭარბ წონას ებრძვის?
- ვერავის ვერაფერს ვურჩევ, რადგან წლების მანძილზე მეც უამრავ რჩევებს მაძლევდნენ. სანამ ადამიანი თავად არ მივა იმ გადაწყვეტილებამდე, რომ წონაში კლება უნდა, არავის რჩევებს აზრი არ აქვს.