"ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა - გამგეობას - არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ", - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დასრულების შემდგომ განუცხადა.
მისი განმარტებით, თუ რა საკითხებზე იმსჯელეს უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირებმა, დეტალები განჩინებაში გამოქვეყნდება.
"[სინოდი სხდომაზე] ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არ იყო ლაპარაკი, ლაპარაკი იყო სასაზღვრო ეპარქიებზე, რომელშიც ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია, ზოგის კი არ არის. თურქეთთან და სომხეთთან არის ჩემი ეპარქიის საზღვარი. ანუ სასაზღვრო ზოლში მყოფი ეპარქიების მდგომარეობა განვიხილეთ.
მეუფე ისაიამ მოგვიყვა მისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე, ანუ ეს არის ახალგორის რაიონი ძირითადად. მოგვიყვა პრობლემები, კომუნიკაციის პრობლემა იმიტომ, რომ იქ არის ოკუპანტების მიერ შემოღებული საშვები, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სირთულესთანაა დაკავშირებული. მაგალითად, მეუფე ისაიას არ აქვს საშუალება, რომ უახლოესი ოთხი თვის განმავლობაში თავის მრევლთან კომუნიკაცია ჰქონდეს. მოგვიყვა რა ვითარებაა ამ მხრივ, ტაძრებზე.
სინოდზე მთავარი საკითხი იყო ის, რომ სინოდის სხდომა პატრიარქმა ჩაატარა თავიდან ბოლომდე. ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, უშუალოდ პირადად დააყენა. ყველა საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, გამხნევება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არამარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას. ეს არის მნიშვნელოვანი. “-განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მისი თქმით, პატრიარქის გადადგომაზე საუბარი პატრიარქზე თავდასხმაა.
"ეს არის თავდასხმა პატრიარქზე. ორი-სამი დღეა აკლებულია მედია ამ ინფორმაციით. ამ თემაზე ლაპარაკი, ეს არის შეტევა პატრიარქზე, ეს არის პატრიარქის მიმართ რეკომენდაცია საზოგადოების სახელით. ამიტომ, გირჩევთ, რომ ეს არასდროს გაიმეოროთ. არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს, ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ. ეს არ მოხდება“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა და აღნიშნა, რომ სინოდის დღევანდელ სხდომას უფრო ჰქონდა მსჯელობის, ურთიერთობის და გაზიარების ფუნქცია.