"ავერსის" კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული არასრულწლოვანია და ის კლინიკიდან გაქცევის შემდეგ სახლში მივიდა.
ცნობისთვის, "ავერსის“ კლინიკიდან 3 პატიმარი გაიქცა. შემთხვევა, 1-ელ ნოემბერს დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. კლინიკის ცნობით, პატიმრები კლინიკაში სამედიცინო კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი, თუმცა მათ გაქცევა მოახერხეს.
გუშინვე კლინიკასთან იმყოფებოდა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე. მან მოუწოდა პატიმრებს, რომ გონს მოეგონ და ჩაბარდნენ.
"მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს და ჩაბარდნენ სამართალდამცველებს. იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, რომ უნდა შეესრულებინა რაიმე მოქმედება და არ შეასრულა, რა თქმა უნდა, მათი სამართლებრივი პასუხისმგებლობაც დადგება, ასევე მოუწოდებ მათი ოჯახის წევრებს და იმ პირებს, ვისაც შესაძლოა კავშირი აქვთ მათთან, ნებისმიერი ხელშეწყობა დანაშაულია. ვინც მათ მიმალვაში დაეხმარება, კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება" - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა პატიმრები დროულად იყვნენ დაკავებულები.
"კოორდინირებულად ვმუშაობთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და რა თქმა უნდა, ყველა სახის ღონისძიება ტარდება, რათა ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულები, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ. არაფერია საშიში. მსგავსი ტიპის დანაშაული ყველა სახელმწიფოში ხდება, თუმცა დგება შესაბამისი პასუხისმგებლობა. თუ რომელიმე თანამშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, ამ თანამშრომელზე დადგება პასუხისმგებლობა. მე პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ რა სამართლებრივი ღონისძიებების ჩატარება იქნება საჭირო, ის ჩატარდება“,- აღნიშნა მინისტრმა.