ავტორი:

"უკრაინა ამ ბაზაზეც მიიტანს იერიშს. ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაა... დე იურე ჩვენ საქართველოს დავარტყამთ, მაგრამ დე ფაქტო, ეს იქნება დარტყმა რუსეთზე" - დიმიტრი გორდონი

"უკრაინა ამ ბაზაზეც მიიტანს იერიშს. ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაა... დე იურე ჩვენ საქართველოს დავარტყამთ, მაგრამ დე ფაქტო, ეს იქნება დარტყმა რუსეთზე" - დიმიტრი გორდონი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა რუსეთის გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირების პუნქტი გაჩნდება.

"რუსეთის სამხედრო ფლოტს აღარ აქვს შესაძლებლობა, რომ შავი ზღვის დასავლეთ ნაწილში გააგრძელოს ოპერირება, ისინი თანდათანობით ყირიმიდან გარბიან. ეს ისტორიული მიღწევაა. ცოტა ხნის წინ რუსეთის ხელმძღვანელს მოუწია ეთქვა, რომ შავი ზღვის ფლოტის ახალ ბაზას, უფრო სწორედ, იმ ფლოტისგან რაც დარჩა, იმისგან ბაზას აკეთებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ანუ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, რაც უკრაინული რაკეტებისგან და საზღვაო დრონებისგან მაქსიმალურად შორს არის, მაგრამ ჩვენ მათ იქაც მივწვდებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ამ კომენტარს ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონიც გამოეხმაურა.

"ბრავო, რაც ზელენსკიმ თქვა, ბრავო. რა თქმა უნდა, უკრაინა ამ ბაზაზეც მიიტანს იერიშს. დიახ, ეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაა, მაგრამ იქ ახლა რუსები არიან. დე იურე ჩვენ საქართველოს დავარტყამთ, მაგრამ დე ფაქტო ეს იქნება დარტყმა რუსეთზე. ეს ტერიტორია, აფხაზეთი, საქართველოსია, მაგრამ ახლა რუს ფაშისტებს აქვთ ოკუპირებული", - თქვა გორდონმა ოლესია ბაცმანთან ინტერვიუში.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერმა ასლან ბჟანიამ გაავრცელა.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ