ავტორი:

უსწრაფესი, მაგრამ ძვირი - რა ღირს საქართველოში და როგორ დავუკავშირდეთ Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს?

უსწრაფესი, მაგრამ ძვირი - რა ღირს საქართველოში და როგორ დავუკავშირდეთ Starlink-ის მაღალსიჩქარიან ინტერნეტს?

1-ლი ნოემბრიდან ინტერნეტის გლობალური ქსელი Starlink-ი უკვე საქართველოშია. ინფორმაცია ამის შესახებ მილიარდერმა ილონ მასკმა , X-ზე (ყოფილ "ტვიტერზე") გაავრცელა.

“Starlink-ის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში“ - აღნიშნულია მასკის ოფიციალურ ანგარიშზე, სადაც მითითებული ბმულიდან Starlink-ის ოფიციალურ გვერდზე გადავდივართ.

starlink.com/map-ის მიხედვით საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა რეგიონში, სადაც მასკის ინტერნეტი უკვე ოფიციალურად, ხარვეზების გარეშე არის ხელმისაწვდომი. საქართველო 64-ე ქვეყანაა, რომელსაც კომპანიის საქმიანობის ლიცენზია აქვს. ცოტა ხნის წინ ინტერნეტი ამუშავდა ზამბიაში, ბაჰამის კუნძულებზე, მალავიში, მალაიზიაში, კენიაში, გვატემალაში და სხვა შორეულ ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ “ Starlink-ის ინტერნეტს ჯერ კიდევ ელიან თურქეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, უზბეკეთში და ა.შ.

საქართველოში Starlink-ის შემოსასვლელად მზადება ჯერ კიდევ გასულ, 2022 წელს დაიწყო. 14 ივლისს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელი ეკატერინე იმედაძე SpaceX-ის წარმომადგენელს შეხვდა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ თბილისში მასკის შვილობილ კომპანიის - Starlink Georgia-ს ოფისი გაიხსნებოდა.

“ერთთვიანი შესვენების შემდეგ Starlink გაფართოებულად დაბრუნდა და ის ახლა საქართველოში ამოქმედდა“- წერს starlinkinsider, რომელიც მომსახურებას, ჩვენს ქვეყანაზე მორგებულ ფასებსა და სხვა მნიშვნელოვან დეტალებსაც მიმოიხილავს.

  • რა ღირს საქართველოში Starlink-ით სარგებლობა?

ინტერნეტის Residential package, ანუ სტანდარტული პაკეტის საფასური ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

საქართველოში აღნიშნული პაკეტის ღირებულება თვეში დაახლოებით 160 ლარი ღირს.

ამას გარდა, მოგიწევთ ერთჯერადი ხარჯის გაწევაც: 2015 ლარის ღირებულების (745 აშშ დოლარი) თანამგზავრული თეფშის სამაგრის, თეფშისა და ინტეგრირებული Wi-Fi როუტერის შეძენა.

მაგალითისთვის, სტანდარტული პაკეტის ღირებულება კანადის ჩრდილოეთით თვეში დაახლოებით 158 კანადური დოლარი ღირს. ნიგერიაში თვიური გადასახადი 42 დოლარია, მექსიკაში - 59 აშშ დოლარი და ა.შ.

ქვეყნების მიხედვით, ყოველთვიური საფასური შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://starlinkinsider.com/starlink-price/

გარდა Residential პაკეტისა, Starlink-ს აქვს Roam და Business შეთავაზებები, რომელიც ფასითა და მონაცემებით განსხვავდება, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არ მოქმედებს.

  • როგორ მოვიქცეთ თუ Starlink-ის ინტერნეტთან დაკავშირება გვსურს

საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, თქვენ შეგყავთ შესაბამისი მონაცემები, ირჩევთ სასურველ შეთავაზებას და აძლევთ შეკვეთას. რის შემდეგაც მიმღები მართკუთხა ანტენა მოდის მისამართზე, მონტაჟდება სპეციალისტის მიერ შერჩეულ ადგილას, სადაც ცისკენ ხედი ღიაა და თქვენ უკვე Starlink-ის აბონენტი ხართ.

  • რა არის Starlink-ი?

Starlink-ი თანამგზავრების უზარმაზარი ჯგუფია, რომელიც უზრუნველყოფს ფართოზოლიან ინტერნეტს. SpaceX-ის მიზანია, ამ სერვისით უზრუნველყოს მაღალი სიჩქარის ინტერნეტკავშირი პლანეტის ისეთ ზონებშიც კი, სადაც ინტერნეტი ჯერ კიდევ არ არის.

საქართველოში Starlink-ის გაშვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მთიანი რეგიონების გამო, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი არ არის, რადგან ამიერიდან მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ყველა ასეთ გეოგრაფიულ ზონაში მცხოვრებ ადამიანს ექნება.

  • როგორია ინტერნეტის სიჩქარე?

Residential სტატუსის მქონე აბონენტებს ვიდეოს ჩამოტვირთვა 30-დან 190 მეგაბიტწამამდე სიჩქარით შეუძლიათ. ატვირთვის სიჩქარე 5 მეგაბიტწამიდან-დან 15 მეგაბიტწამამდეა და შეყოვნება 25 ms-დან 50 ms-მდე.

  • Starlink ინტერნეტი ულიმიტოა?

დიახ, Starlink-ის მომხმარებლებს ულიმიტო ინტერნეტით სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი კავშირი არ შეწყდება, როდესაც გადააჭარბებთ გარკვეულ ზღვარს.

ამჟამად Starlink-ი მსოფლიოს 64 ქვეყანაში ფუნქციონირებს. კომპანიის თანამგზავრები შედარებით პატარებია, თითოეული დაახლოებით 250 კილოგრამს იწონის. ისინი ერთგვარ როუტერს წარმოადგენენ, რომელსაც ფრენა შეუძლია და მზის ენერგიაზე მუშაობს.

თანამგზავრები სწორხაზოვნად მოძრაობენ და ისინი ძირითადად ღამის ცაზე ჩანან.

ავტორი: თეონა რამაზაშვილი

  • ვიდეოინსტრუქცია