ავტორი:

"ის ადამიანებიც დამიხატავს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან... ზოგმა იცის, რომ დავხატე, ზოგმა - არა" - შემოქმედება მხოლოდ ლურჯ ფერებში და მომღერალი, რომელიც ხატვით ამბავს ჰყვება

"ის ადამიანებიც დამიხატავს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან... ზოგმა იცის, რომ დავხატე, ზოგმა - არა" - შემოქმედება მხოლოდ ლურჯ ფერებში და მომღერალი, რომელიც ხატვით ამბავს ჰყვება

ამბობს, რომ თვითნასწავლი მხატვარია, თუმცა სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის განხრით ვსწავლობდიო... აქამდე როგორც მომღერალს და მრავალმხრივი უნარის მქონე ადამიანს, ისე ვიცნობდი. ახლა გამოფენისთვის ემზადება. 50-მდე ნამუშევარი საგამოფენოდ უკვე მომზადებული აქვს. მხოლოდ ლურჯით და მისი გარდამავალი ტონებით ხატავს. მიაჩნია, რომ ეს ფერია თავისთავად აღმატებულია და თან ძალიან უყვარს. "ადამიანები მიჩვეულები ვართ ვარდისფერი სათვალით მოტყუებას... ეს კი ჩემი გამოხატვის ფორმაა, ერთგვარი პროტესტია, ხაზს ვუსვამ, რომ ვიყოთ რეალისტები და ტკივილი თუ განსაცდელი რეალურად აღვიქვათ" - აღნიშნავს გიორგი პაპკიაური.

- გიორგი, ხატვა როდის დაიწყე?

- სიმღერის მერე ხატვა დავიწყე. მაშინ ეს არ იყო გასაკვირი, პატარაობაში ხომ ყველა ბავშვი ხატავს. მეც ძირითადად ცხენებს ვხატავდი, პორტრეტების ხატვაც მიყვარდა, - ამას სერიოზულად არავინ აღიქვამდა, მით უმეტეს 90-იან წლებში. დღეს ამ მიმართულებით ბავშვებს უფრო მეტი ყურადღება ექცევათ. მოკლედ, უბრალოდ ვხატავდი და ასე დაიწყო ამბავიც.

- თუმცა ახლა უკვე გამოფენისთვის ემზადები...

- ადრეც მქონდა პერსონალური გამოფენა, - ვერეს ხეობაში წყალდიდობა რომ იყო, საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვე. შემოსული თანხით ოჯახებს დავეხმარე... უბრალოდ არ მიყვარს ხმამაღლა ამაზე ლაპარაკი, საკუთარი თავის რეკლამა, თუმცა, როგორც ვხვდები და ვაანალიზებ, ესეც საჭიროა... არადა, როცა ჩემს თავზე ვლაპარაკობ, რატომღაც მგონია, რომ ხალხს ვაწუხებ და უხერხულობის შეგრძნება მაქვს. მაგრამ როცა რაღაც სათქმელი სერიოზულად გროვდება, საქმე მოითხოვს, რომ ყურადღება მიექცეს. მხატვრობაშიც უკვე საკუთარი თავი ვიპოვე. ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და რატომ. მომწონს, მიყვარს ეს საქმე და შესაბამისად პერსონალური გამოფენაც ამიტომ გადავწყვიტე. გარდა ამისა, საფრანგეთში ანალოგიური გამოფენაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რადგან ჩემს ნამუშევრებს ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს. მიმაჩნია, რომ ღმერთი რა ნიჭითაც დაგაჯილდოებს, ის აუცილებლად უნდა გამოიყენო, რომ სამყარო არ გაანაწყენო.

- აღნიშნე, რომ უკვე იცი, რა გინდა, სათქმელიც გაქვს. რა არის ეს სათქმელი?

- ეს ნამუშევრები, რაც ახლა საგამოფენოდ მაქვს მომზადებული, პანდემიაშია მომზადებული. იმ პერიოდში ხომ ყველამ რაღაცის კეთება დაიწყო. მეც იმ დროს მეტი ფიქრის საშუალება მქონდა და დავიწყე ტილოებზე მუშაობა. კი, ნაფიქრი მაქვს, რას, რატომ, რისთვის ვხატავ. ზოგი ხატავს დეკორისთვის, ზოგი უბრალოდ ლამაზ ნამუშევრებს ქმნის. არ მინდოდა, რომ ჩემს ნამუშევრებში "სული" არ ყოფილიყო. შესაბამისად გადავწყვიტე, ჩემი ცხოვრების განვლილი გზა დამენახა და ჩემს ცხოვრებაში არსებული ადამიანები, რომლებმაც ჩემზე რაღაც შთაბეჭდილება და გავლენა მოახდინეს. პეიზაჟებში გადმოცემულია ის, სადაც ნამყოფი ვარ და რომ იმ ადგილთან რაღაც მაკავშირებს. ყველა ტილოს თავისი დიდი ისტორია აქვს, რომელზეც შეიძლება წიგნიც კი დაიწეროს.

- ანუ ყველა ნახატი რაღაც ამბავს ჰყვება?

- ჩემი ნამუშევრებით იმას ვამბობ, რომ ცხოვრება რთულია, წინააღმდეგობებით აღსავსე. სირთულის გავლა გვიწევს, მაგრამ იმედი ყოველთვის არსებობს, მიუხედავად ერთფეროვნებისა და სიდუხჭირისა. კი, არსებობს ის ყვავილები, რომლებსაც ვხატავ. ერთადერთი ის ყვავილებია, ნათელი წერტილები და იმედი, ახალი სიცოცხლეა, - მათში ყველაფერი ასე ჩავაქსოვე. ნამუშევრებში ბევრი ის ადამიანიც მყავს დახატული, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი ყოფილან, მაგალითად, ქალები და დღეს მარტოხელა დედები არიან.

- იმ ადამიანებმა იციან, რომ ხატავ?

- ზოგმა იცის, რომ დავხატე, ზოგმა არ იცის. ამ თემას სიმბოლურად ასე ვეხმაურები, ამას ყველა ხელოვანი უნდა ეხებოდეს. ჩემებურად, როგორც შემიძლია, სათქმელს ისე ვამბობ. რაც შეეხება ბავშვებს, ესეც ჩემი ცხოვრების გზაა... ამასთან, მეც ვიყავი ბავშვი, მქონია სერიოზული სირთულეები, რომელიც უფროსების უპასუხისმგებლობით გამომდინარეობდა. იყო ფსიქოლოგიური ძალადობაც. უბრალოდ მაშინ ამას უფროსები ვერ აღიქვამდნენ. მშობლებს ხომ არ უნდათ შვილისთვის ცუდი?! იმავე განათლებას რომ შევეხოთ, ძალიან დიდი სურვილი მქონდა, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მაგრამ არ მოხდა. ასე ხდება, როდესაც მშობლები დაუფიქრებლად იქცევიან და თავისი მიმართულება აქვთ. დღეს ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოხსნილია, ბავშვების უფლებებმა წინ წამოიწია. ამ საკითხებსაც ვეხმიანები და ჯამში უკვე დაახლოებით 50-მდე ნამუშევარი დაგროვდა.

- როდის მოდის მუზა, თუ თავს ხატვას აიძულებ?

- თავს არასოდეს არაფერს ვაიძულებ, უფრო მეტიც, ყოფილა შემთხვევა, 7 წელი ფუნჯი ხელში არ ამიღია მხოლოდ იმიტომ, რომ მუზა არ მოსულა. არ ვარ მხატვარი და „მოუნდა დახატა ტიპი.“ ნამუშევარში უნდა იყოს ის ემოცია, რაც მე მაწუხებს. მიუხედავად იმისა, რომ გამოფენის სამზადისი მაქვს, აქტიურ ფაზაშია ეს ყველაფერი, გუშინ თავში დამარტყა და დავხატე. ემოციური ვარ და მიყვარს, როცა სხვებსაც აქვთ ემოცია. ყველაფერი ჩემს ემოციებს უკავშირდება.

- ემოციურ თემებს ეხები, თუმცა ლურჯი „ტკივილიანი“ ფერი არ არის...

- კი, მაგრამ ამით ერთფეროვნებას ვუსვამ ხაზს... თითქოს ერთფეროვანია, მაგრამ ამავდროულად ბევრი ფერია...

- იყიდება შენი ნამუშევრები?

- ამ ეტაპზე არ ვყიდი, მაგრამ თუ გამოჩნდა ვინმე, ვინც ღირსეულად შეაფასებს, შეიძლება დავფიქრდე, თან, როგორც ვთქვი, საფრანგეთში გამოფენისთვის ვემზადები. ყველა ნამუშევარი იქ უნდა წავიღო. დიდი დაინტერესება მოჰყვა - უცხო ნამუშევრებიაო. არსებობს მსოფლიო მხატვრების ჯგუფი, სადაც ჩემი პირველი ნამუშევარი გავტესტე... კოლექციონერებიც გამომეხმაურნენ. დიდი ამბავი იყო... არ ვიცი, ასეთი ამბავი რატომ მოყვა. ალბათ გულით რომ ვაკეთებ და სიყალბე არ არის. ის სქრინებიც მაქვს, სამახსოვროდ შევინახე, სადაც წერენ, ეს არის ძალიან გემოვნებიანი და სიღრმისეული, კლასიკა და ათასი რამ დაწერეს. სერიოზულ კომპლიმენტები მივიღე. ბევრ ცნობილ მხატვარს მადარებდნენ, არა ხელწერით, ემოციით. მოდილიანიზე ვგიჟდები, პორტრეტებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. ბავშვობიდან მიყვარდა პუტკუნა, კისერწაგრძელებული ქალები - ასეთი ტენდენცია. რამდენიმე მსგავსი ნამუშევარიც მაქვს. მხატვრებს ემოციით ხშირად მადარებდნენ, რაც დიდი პატივია.

- კონკრეტული პროტოტიპი გყავს?

- არიან ადამიანები, რომლებსაც ვხატავ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვხატავ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი ყოფილა... ერთი-ერთში ხატვა არ მიყვარს, - უბრალოდ შეიძლება მხოლოდ ხასიათი მივამსგავსო.

- როგორები არიან შენი პერსონაჟები?

- ყველა ჩემი პერსონაჟი აუცილებლად საინტერესო პიროვნება, ინდივიდი უნდა იყოს. ყველა სამწუხაროდ დიდ ტკივილს და სევდას ატარებს. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვხედავ, ანუ ღიმილის მიღმა რომ ტკივილგამოვლილი ადამიანის ცხოვრებაა. ის შინაგანად მდიდარი უნდა იყოს. ცარიელ ადამიანებს ვერ ვხატავ... ახლა ველოდები გამოფენას და ეს არის.ლალი ფაცია