კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა. ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომ საჩქარო არაფერია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ განიხილავს პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს "შეკრებისა და მანიფესტაციების კანონზე“ მაშინ, როცა აქამდე საფრთხეებზე საუბრობდნენ და სწორედ ამიტომ მიიღეს ის დაჩქარებული წესით.
მდინარაძის თქმით, ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან არავინ იცის "მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ“.
"ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე - ვჩქარობდით, რადგან ზუსტად ვიცოდით ძალადობრივი რევოლუციის გეგმების შესახებ, მათ შორის, თქვენც ამაში დარწმუნდით, როცა "კავნასის“ ტრენინგები ვნახეთ, თუმცა, რადგან კანდიდატის სტატუსის მიღების შანსები ერთი ათად გაიზარდა და ამას ყველა ვხედავთ და ვხვდებით, ე.ი. ძალადობრივი რევოლუციის გეგმებს ვერ განახორციელებენ, ამიტომაც საჩქარო არაფერია. არ უარვყოფ ამას, მართლაც მიბმული იყო ამაზე, რადგან ნახევარზე მეტი, რაც სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, დადასტურდა ერთ კვირაში. მეორე ნაწილი ვერ განხორციელდება საბედნიეროდ, რადგან ამის ძალაც არ აქვთ, სულ რომ სხვაგვარი გადაწყვეტილება ყოფილიყო, მაგრამ რადგან დიდი მოლოდინია პოზიტიური გადაწყვეტილების, ამიტომ ამ კანონის სწრაფად მიღების და ძალაში შესვლის აუცილებლობაც არ არის, მაგრამ ვეტო მაინც დასაძლევია, რადგან მომავალში რა გამოწვევები იქნება და რა მავნებლობას მოიფიქრებენ, არავინ იცის. როცა იმაზეა საუბარი, რომ მაინც და მაინც კარვები უნდა დადგან და ააფეთქონ ადამიანები, ეს მგონი, ყველას "დასაპრევენცირებელია“, არამხოლოდ ჩვენი, თქვენც გაქვთ ვალდებულება, ამის პრევენციაზე იფიქროთ,“ - განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში“ ცვლილებები, რომლითაც აქციებზე კარვისა თუ სხვა კონსტრუქციების განთავსებაზე შეზღუდვები შემოდის, პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ერთ კვირაში მიიღო. პრეზიდენტმა პროექტს ვეტო დაადო.