ავტორი:

ორი წლის წინ ყაზანის "რუბინში", დღეს კი ფეხბურთის მწვერვალზე - "კვარას" აღიარება, მესის მერვე "ოქროს ბურთი", სუპერვარსკვლავები და დაუვიწყარი ემოციები: დეტალები Ballon d'Or-ის ცერემონიიდან

ორი წლის წინ ყაზანის "რუბინში", დღეს კი ფეხბურთის მწვერვალზე - "კვარას" აღიარება, მესის მერვე "ოქროს ბურთი", სუპერვარსკვლავები და დაუვიწყარი ემოციები: დეტალები  Ballon d'Or-ის ცერემონიიდან

ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში და ზოგადად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში 30 ოქტომბერი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა. პარიზში, ფეხბურთის სამყაროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს "ოქროს ბურთის" გადაცემის ცერემონია გაიამართა და გასული სეზონის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდა.

ორი წლის წინ ყაზანის "რუბინში" მოთამაშე ფეხბურთელი, მსოფლიოს საუკეთესოთა შორის დასახელდა. "კვარამ" ოქროს ბურთის ნომინანტთა შორის მე-17 ადგილი დაიკავა და უკან ჩამოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი და ლაუტარო მარტინესი.

ღონისძიებაზე, წითელ ხალიჩაზე ხვიჩა მეუღლესთან, ნიცა თავაძესთან მივიდა. წყვილი ემოციებით სავსე ჩანდა, რაც ბუნებრივია. ხვიჩამ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ "ასეთ რამეზე ვერც იოცნებებდა".

"ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს აქ მომიწევდა მოსვლა. ძალიან გახარებული ვარ და ძალიან მადლიერი ვარ აქ ყოფნის გამო. პატივს ვცემ ყველა ფეხბურთელს. ჩემთვის სასიამოვნოა აქ, მათთან ერთად ყოფნა, აქ დიდებული ფეხბურთელები არიან, მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ", - აღნიშნა "კვარამ".

ღონისძიებაზე იყვნენ თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავები - ერლინგ ჰალანდი, კილიან მბაპე და რა თქმა უნდა, ლეგენდარული ლიონელ მესი, რომელიც დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდა. ლეო მესიმ კარიერაში მერვედ მიიღო "ოქროს ბურთი".

კვარა და სხვა ვარსკვლავები

მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში ასეთი შედეგისთვის არცერთ ფეხბურთელს არ მიუღწევია.

მესი დაჯილდოებაზე ცოლთან და შვილებთან ერთად მივიდა. ოქროს ბურთის გადაცემა ემოციური აღმოჩნდა. მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა არგენტინელ ლეგენდას.

მესიმ ჯილდო დიეგო არმანდო მარადონას მიუძღვნა:

"მინდა დიეგო გავიხსენო. სადაც არ უნდა იყო დიეგო, გილოცავ დაბადების დღეს. ეს პრიზი შენიც არის", - აღნიშნა მესიმ.