ავტორი:

ორნელა მუტი მოსკოვში სპექტაკლებს გამართავს - ის რუსულსაც სწავლობს: რას წერს რუსული მედია იტალიელ მსახიობზე

ორნელა მუტი მოსკოვში სპექტაკლებს გამართავს - ის რუსულსაც სწავლობს: რას წერს რუსული მედია იტალიელ მსახიობზე

რუსული მედიის ინფორმაციით, იტალიური კინოს ვარსკვლავი, ორნელა მუტი ნოემბერში მოსკოვს ეწვევა. მათივე ცნობით, მოსკოვში ითამაშებს სპექტაკლში - "ბეთოვვენი - გენიოსის გმირული ცხოვრება".

პრემიერა 27 ნოემბერს, მოსკოვის ახალგაზრდობის სასახლეშია დაგეგმილი, ხოლო 28 ნოემბერს იგივე სპექტაკლი ტაგანკას თეატრში დადიგმება.

68 წლის იტალიელი მსახიობი ამჟამად იტალიის ჩრდილოეთით, პიემონტში, თავის აგარაკზე ცხოვრობს და ძირითად თეატრშია დაკავებული. რუსული მედია წერს, რომ მსახიობი პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავა რუსეთს და რეპეტიციები ექნება.

მსახიობს სასტუმრო Lotte Plaza-ს ლუქს ნომერში დააბინავებენ და მოსკოვში მძღოლთან ერთად, ძვირადღირებული "მერსედესის" მანქანით გადაადგილდება. ორნელა მუტის მოთხოვნები არც ისე მდიდრულია, მთავარია ნომერში ჰქონდეს ცხელი წყალი, ყველი, ხილი და ჩაი. სხვათა შორის, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Lotte Plaza-ს Grand Suite ნომერში ერთი დღე 288 ათასი რუბლი (8200 ლარი) ღირს.

მედიის ინფორმაციით, ორნელა მუტი რუსულს ონლაინ აპლიკაციის საშუალებით სწავლობს. ჯერ რუსულად ვერ საუბრობს, თუმცა ესმის; მოსკოვთან ურთიერთობს თარჯიმნის დახმარებით. სპექტაკლი იტალიურ ენაზე იქნება.

ორნელა მუტის ბევრი რამ აქვს საერთო რუსეთთან. მისი ბებია და ბაბუა პეტერბურგში ცხოვრობდნენ. მათ შესახებ მსახიობმა ცოტა ხნის წინ ისაუბრა: "რუსები იყვნენ: პეტერბურგში ცხოვრობდნენ. ბაბუაჩემი მეფის ექიმი იყო. ბებიაჩემი პიანისტი.

ისინი 1917 წელს გაემგზავრნენ ესტონეთში, სადაც დედაჩემი დაიბადა. მოგვიანებით, დედა არალეგალურად ჩავიდა იტალიაში, როდესაც ის ოცდაათი წლის იყო და ხელოვნებას სწავლობდა - ის იტალიაში სასწავლებლად ჩამოვიდა".

მსახიობის დედა იტალიელ ჟურნალისტზე დაქორწინდა - 1955 წელს კი რომში ფრანჩესკა რომანა რიველი დაიბადა. ორნელა მუტი მისი შემოქმედებითი ფსევდონიმია. ორნელას დედა შარშან,96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ისინი ძალიან ახლოს იყვნენ. პირველად ორნელა მუტი რუსეთში 1979 წელს, დედასთან ერთად ჩავიდა. მაშინ გრიგორი ჩუხრაის ფილმის, "ცხოვრება მშვენიერია" გადაღებები იყო. მათ ბევრი იარეს, მოინახულეს ის ადგილები, რომლებიც მსახიობის დედას მშობლების ისტორიებიდან ახსოვდა. ორნელა მუტი შემდეგ არაერთხელ ეწვია რუსეთს. იტალიაში მსახიობს დიდი ოჯახი ჰყავს: ქმარი, სამი შვილი და სამი შვილიშვილი.