არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირი და მათი რომელიმე წარმომადგენელი შეცდომაში შეიყვანა - რა დაჩქარებული წესითაც მიიღეს "მაუწყებლობის კანონი", იმ დაჩქარებული წესით უნდა გაუქმდეს , - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" ცვლილებების მიღების არგუმენტი გამოეცალა.
"ზოგადად, არ გამოვრიცხავ, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირი და მათი რომელიმე წარმომადგენელი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს კარგ კანონს იღებდნენ, რადგან „ტვინი შეჭამეს“ ამ კანონის განხილვის დროს, რომ ეს ყველაფერი ევროპის 12 - პუნქტიან გეგმაში წერია და ა.შ.. საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა, რომ არავის მოუთხოვია ამათთვის სიძულვილის ენის თუ განსაკუთრებით, უხამსობის ასეთი ტიპის რეგულირება. გამოვიდა, რომ კანონი მიიღეს ტყუილი არგუმენტით, რომ ევროპელები გვთხოვენო. გამოვიდნენ ევროკავშირის წარმომადგენლები ჩვენთან და თქვეს, რომ მათ ეს არ მოუთხოვიათ. ჩემი აზრით, რაც უნდა გაკეთდეს, რა დაჩქარებული წესითაც მიიღეს ეს კანონი, იმ დაჩქარებული წესით უნდა გაუქმდეს, რადგან მთავარი არგუმენტი გამოეცალა ამ კანონის მიღებას", - განაცხადა ხვიჩიამ.
ინფორმაციისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობაში "ინტერპრესნიუსს" „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის თაობაზე განუცხადეს, რომ "უხამსობის“ ცნება დირექტივის ნაწილი არ არის და დირექტივის ფარგლებში რეგულირებას არ საჭიროებს.
მათივე განცხადებით, ქართულ მხარესთან კონსულტაციების განმავლობაში, ევროკომისია ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდა მარეგულირებელი კომისიის რეალური დამოუკიდებლობისთვის შემდგომი მუშაობის აუცილებლობას.
ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ ჩვეულებრივ, ევროკავშირის დირექტივები მათი შესრულების ზუსტ წესს არ კარნახობენ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები გარკვეულწილად თავისუფლები არიან გადაწყვეტილების მიღებისას, თუ როგორ გადაიტანონ დირექტივები ეროვნულ კანონმდებლობაში.
"საქართველოს შემთხვევაში, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზეა, აუცილებელია, რომ მისი კანონმდებლობა გარკვეულ დებულებებსა და პრინციპებს შეესაბამებოდეს,"- აცხადებენ ევროკავშირის წარმომადგენლობაში.