ამბობს, რომ თავისი სამყაროს შექმნას ცდილობს, "ხილული სამყაროს მიღმა". მეგზურ-მეგობრებად ფიქრი და ლექსები აურჩევია, რომელთა მასაზრდოებელიც დიდი და, ცოტა არ იყოს, "შიშის მომგვრელი" სიყვარულია. "მარტო შენი თავის მსგავსებით ამ სიყვარულს ვერ მოიპოვებ, ცოტა მეტი უნდა იყო შენს თავზეც კი, რომ ჩვენს დღევანდელ რეალობაში ამხელა სიყვარული გქონდეს. არ არის ამის მოპოვება იოლი და მერე მისი ტარება. ამ 40-45 წლის განმავლობაში ძალიან რთულია, ეს სიყვარული ატარო, გაშინებს წუთისოფელი, ხანგრძლივობა წუთისოფლისა გაშინებს... სიცოცხლის მიზანი სიყვარულის ზიდვაა და დღეს სიცოცხლეს სიყვარულის ტარება უჭირს, ემძიმება", - წუხილით მეუბნება პოეტი ტარიელ ხარხელაური, ან "უბრალოდ, კაცი, რომელიც ჰგავდა თავის თავს". მერე დასძენს, "ხანდახან გინდა შენი სამყარო გქონდეს, აღარც დიდი დრო დარჩა ამ წუთისოფელში და ისე უნდა იცხოვრო, დანარჩენი დრო შენს ფიქრთან გაატარო".
- მაინც როგორია თქვენი "სამყარო ხილული სამყაროს მიღმა", ან როგორი მოჩანს იქიდან ჩვენი ყოფითი სინამდვილე? რა გიადვილებთ ყოფას თქვენ და თქვენს ლექსებს?
- ჩემი სამყაროს შექმნას ვცდილობ, ჩემი მიზანი ესაა. ამ ყოფით სინამდვილეს მე და შენ ერთნაირად აღვიქვამთ, ეს სინამდვილე ის არაა, რაც შენ გინდა და რაც სამშობლოსთვის გემეტება. ეს არის შენი ქვეყნის და შენი ხალხის გულგარეთ ყოფნა. მასაზრდოებს უზომოდ დიდი სიყვარული, რაც ჩემ ირგვლივ შეიქმნა. იმის განცდა არასდროს მქონია, რომ ოდესმე ამას პოეზიით მოვიპოვებდი, ლექსით ამას შევძლებდი. მარტო შენი თავის მსგავსებით ამ სიყვარულს ვერ მოიპოვებ, ცოტა მეტი უნდა იყო შენს თავზეც კი, რომ ჩვენს დღევანდელ რეალობაში ამხელა სიყვარული მოიპოვო, არც მისი ტარებაა იოლი. ამ 40-45 წლის განმავლობაში ეს სიყვარული ატარო, ძალიან რთულია, გაშინებს წუთისოფელი, ხანგრძლივობა წუთისოფლისა გაშინებს. დიდი სიყვარული როგორ არ არის შიშის მომგვრელი... 78 წლის ასაკში როგორ შეიძლება წერამ გაგიტაცოს, კალამმა გაგიტყუოს, წერო იმისთვის, რომ ხალხს უყვარხარ. არა, სწორედ მაგიტომ არ უნდა წერო, რომ ხალხს უყვარხარ, როცა აღარ შეგიძლია, პირიქით, უნდა გაჩერდე, ამით არ უნდა ისარგებლო, ცუდად არ უნდა გამოიყენო ეს სიყვარული. აი, ამისა მეშინოდა, ამიტომ მაშინებდა და მაშინებს ხანგრძლივობა სიცოცხლისა. ვაითუ ვერ შევძლო, ვაითუ ბოლომდე ისე ვერ გავიდე...
- "მე თუ არა ვთქვი,/ შენ თუ არა თქვი, /არა თქვა იმან,/ ან ვართ ყრუები, ბატონებო,/ ან კიდევ გვძინავს", - რა გაქვთ სათქმელი და ვინ არის ადრესატი?
- ეს ლექსი 90-იან წლებშია დაწერილი. ვიღაცის სასიამოვნოდ და გულის მოსაგებად კი არ უნდა ვილაპარაკოთ, არა, ის დამალული სიტყვები უნდა ამოვთქვათ, რაც ქვეყნისთვის გემეტება. ჩვენ ვერ მივეჩვიეთ თავისუფლებას, ვერ მივიღეთ ის, იმიტომ, რომ მე შენზე მაღლა ვაყენებ თავს. შეიძლება შენზე ბევრად მცირე ვარ, მაგრამ განცდა მაქვს, რომ დიდი ვარ და შენი მოსმენა არ მინდა, რადგან შენი სიმართლით ჩემს სამყაროს ამღვრევ.ჩვენ წარსულიდანვე გვიჭირს სიმართლის თქმა, მარტო დღევანდელობას ნუ გადავაბრალებთ, ეს ჩვენს ხასიათში ზის. სახელების დარქმევა გვიჭირს ყველაფრისთვის და ამან გაგვიტყუა, ამან მოგვიყვანა აქამდე. სახელი დავარქვათ ყველაფერს, სიმართლე თუ არ ვთქვით, ვერ განვიკურნებით.
- "ახლა ხომ მიხვდით, რა მოგვწია,/ რა ქნა სიყრუემ,/ ვით არშემდგარ ერს/ არშემდგარი ერი გვიყურებს"...
- ჩემს სამშობლოზე მაგრად, ქართველ კაცზე მეტად თუ რამ მიყვარს, ამის გაფიქრებაც კი მკრეხელობად მიმაჩნია. შენ შენი მითოლოგია უნდა იცოდე, შენი ისტორია, კულტურა, ცეკვა და სიმღერა უნდა იცოდე, ის, რაც სხვა ერისგან განგასხვავებს, გამოგარჩევს. არც ერთი ერის წარმომადგენელს არ შეუძლია ჰაერში ამხტარი გაჩერდეს, ამას ომარ მხეიძე ახერხებდა. ეს ქართველი კაცის გენში ზის. იმ დღეს ვუყურებდი ცეკვა "ყაზბეგურს", ძარღვებში ცხელი სისხლი თუ არ გიდუღს, ასე ვერ იცეკვებ. ცეკვა "ქართული" ნახეთ, როგორი არისტოკრატიზმია, როგორი დამოკიდებულებაა მამაკაცსა და მანდილოსანს შორის... ქართულ სიმღერას როცა ვუსმენ და ვაკვირდები, ერთი კაცი როცა მღერის, თითქოს ძალა არა აქვს, მთელი ანსამბლი, გუნდი როცა მღერის, თითქოს გარშემო შენი მთები მღერიან, თითქოს ყველაფერი მღერის. ძალა ერთობაშია, თუმცა ცალ-ცალკე სიმღერა, ცალ-ცალკე საქმე გვსიამოვნებს. ჩვენი გაერთიანება არავის აწყობს, ყველას გათიშულები ვუნდივართ, არავის სიამოვნებს ჩვენი იდენტობის შენარჩუნება, საამისოდ კი ჩვენ შევუქმენით ნოყიერი ნიადაგი. ახლაც, როგორც ადრე, როგორც კი ვინმე უცხოელი ქართულ ენაზე გამარჯობას გეტყვის, ყველაფერი შეგიძლია აპატიო. არა, არ უნდა ვაპატიოთ... დღეს ყველაზე უარეს მდგომარეობაში ჩვენი ქართული ენაა. თბილისში როცა ჩამოვდივარ, ამაზრზენია ჩემთვის ქალაქში სიარული - გავხედავ წარწერას და შინაარსს ვერ ვიგებ, არადა, ქართული ანბანითაა დაწერილი. ჩემს ქვეყანაში რატომ მრცხვენია ქართულად საუბარი, რომელი ენა შეედრება ჩემს ქართულს? ქართულად მელაპარაკე...მე-12 საუკუნეში მე შოთა რუსთაველმა ჩამომიყალიბა ქცევის კოდექსი. იმ საუკუნეში ქართველობა შემდგარი ერი იყო, დანარჩენები მიწურებიდან იყურებოდნენ, აზრზე არ იყვნენ, რომ "ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია", ამის თქმა თუ შეიძლებოდა. დანარჩენები აზრზე არ იყვნენ, "მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები", ამის თქმა თუ შეიძლებოდა. ეს მე მე-12 საუკუნეში მქონდა და არავინ უნდა მარიგებდეს ჭკუას. ესაა ჩემი გულისტკივილი. რატომ მოვედით აქამდე, რომ სხვა მასწავლის, მე როგორ მოვიქცე, რატომ მასწავლის სხვა გენდერულ თანასწორობას, რაც მე რუსთაველის ეპოქაში მქონდა.....წაიკითხეთ სრულად
ნახეთ ასევე: