ავტორი:

"აშშ გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ..." - აშშ-მა სირიაში ირანის ობიექტებს დაარტყა: რას აცხადებენ პენტაგონში?

"აშშ გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ..." - აშშ-მა სირიაში ირანის ობიექტებს დაარტყა: რას აცხადებენ პენტაგონში?

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სირიაში ირანის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე ავიადარტყმები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს პენტაგონში.

  • შეერთებული შტატების ოფიციალური პირების ცნობით, დარტყმები განხორციელდა ერაყის საზღვართან მდებარე ქალაქ აბუ კამალთან, F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებით.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, ეს იყო ამერიკელი სამხედროების პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის ძალებზე თავდასხმის გამო. მისივე თქმით, დაარტყეს ორ ობიექტს, რომელსაც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ.

  • "ეს ზუსტი თავდაცვითი დარტყმები არის პასუხი ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების მხრიდან აშშ-ის პერსონალის წინააღმდეგ განხორციელებულ და ძირითადად წარუმატებელ თავდასხმებზე, რომელიც 17 ოქტომბერს დაიწყო“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

თავდაცვის მდივნის განმარტებით, დარტყმები პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განკარგულებით განხორციელდა და აშშ გააგრძელებს საჭირო ზომების მიღებას, თუ მისი ძალების წინააღმდეგ თავდასხმები არ შეჩერდება.

"აშშ-ის ძალებზე ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს თავდასხმები მიუღებელია და უნდა შეწყდეს. თუ ირანის მარიონეტების მიერ აშშ-ის ძალების წინააღმდეგ თავდასხმები გაგრძელდება, ჩვენ უყოყმანოდ მივიღებთ შემდგომ საჭირო ზომებს ჩვენი ხალხის დასაცავად“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.

  • ცნობისთვის, ისრაელ-ჰამასის კონფლიქტის ესკალაციის ფონზე, გასულ კვირაში ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-სა და კოალიციის ჯარებს ირანის მხარდაჭერილი ძალები სულ მცირე, 19-ჯერ დაესხნენ თავს, რის შედეგადაც 21 ამერიკელი სამხედრო მსუბუქად დაშავდა.