ავტორი:

"ხომ არ შეიძლება "ფეისბუქზე" და "ტიკ-ტოკში" ეძებონ სტუმარი" - რას ამბობს შს მინისტრი რუსული არმიის წევრის, ანა ლაკობას საქართველოში ჩამოსვლაზე

"ხომ არ შეიძლება "ფეისბუქზე" და "ტიკ-ტოკში" ეძებონ სტუმარი" - რას ამბობს შს მინისტრი რუსული არმიის წევრის, ანა ლაკობას საქართველოში ჩამოსვლაზე

სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, ხომ არ შეიძლება "ფეისბუქზე" და "ტიკ-ტოკში" ეძებონ? - ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტის კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ სავარაუდოდ, საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება.

გომელაურის თქმით, თუკი, მას "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონი დარღვეული აქვს, დააჯარიმებენ.

"ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, როგორც კანონია. პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან მთელ მსოფლიოში? ამაზე ასჯერ გამკეთებია განცხადება, ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება „ფეისბუქზე“ და „ტიკ-ტოკში“ ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ“, - განაცხადა გომელაურმა.

ცნობისთვის, "ფორმულამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება. ტელეკომპანიის ცნობით, რუსმა სამხედრომ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ამასთან, მას "ტიკ-ტოკზე" რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეოებიც უდევს.