ავტორი:

"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გაიარ-გამოიარეს, დრონები გაუშვეს და წავიდნენ" - რას აცხადებენ სასულიერო პირები ლომისის ტაძართან ოკუპანტი რუსეთის სამხედროების გამოჩენაზე?

"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,  გაიარ-გამოიარეს, დრონები გაუშვეს და წავიდნენ" - რას აცხადებენ სასულიერო პირები ლომისის ტაძართან ოკუპანტი რუსეთის სამხედროების გამოჩენაზე?

გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ზემო მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძართან რუსი სამხედროების გამოჩენის თაობაზე.

ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" აქტივისტმა დავით ქაცარავამაც. მან "ფეისბუქში" დაწერა, რომ ტაძარი ოკუპაციის რეალური საფრთხის ქვეშ არის. მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა საქართველოს საჰაერო სივრცეში დრონი და სხვა სპეციალური აპარატები გაუშვეს.

"ტაძრის 1/3 მდებარეობს ოკუპირებულ ნაწილში, ხოლო დანარჩენი ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. ახალი საოკუპაციო გეგმის მიხედვით, ლომისას ტაძარი სრულად უნდა გადავიდეს ორკების კონტროლის ქვეშ. ვიდეოში, რომელიც გავრცელდა, ორკები ერთმნიშვნელოვნად გადმოსულები არიან ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მიტანილი აქვთ სპეც. აღჭურვილობა (დრონი და 3-მეტრიანი ანძით აღჭურვილი აპარატი, რომელიც შესაძლოა, სპეც. ჯიპიესი იყოს). რაო, რას ამბობს ხელისუფლება, ისევ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკას ვაწვებით?" - დაწერა ქაცარავამ.

ის, რომ რუსმა სამხედროებმა დრონები მართლაც გაუშვეს, დაადასტურა ლომისას ტაძართან მცხოვრებმა ბერმა, მამა გრიგოლმა.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე დღეს იმყოფებოდა ლომისას ტაძარში, სადაც მან საზოგადოების ინფორმირების მიზნით, კომენტარის გაკეთება სთხოვა ტაძრის წინამძღვარსა და იქ მცხოვრებ ბერ მამა გრიგოლს.

ანდრია ჯაღმაძის განცხადებით, გუშინდელი გავრცელებული კადრები არის ჩვეულებრივი მომენტი, რუსი სამხედროები 2009 წლიდან მოყოლებული პატრულირებენ აღნიშნულ ტერიტორიაზე და ახალი არაფერი მომხდარა.

"ერთი უცნაურობა ის იყო, რომ ააფრინეს დრონი. თუმცა ეს დრონიც არ არის იშვიათი შემთხვევა. ბაზიდან ყოველთვის შეუძლიათ ამის გაკეთება და ყოფილა ასეთი შემთხვევები. ათვალიერებენ ტერიტორიას დრონის მეშვეობით", - განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

ლომისის ტაძრის ეზოში მცხოვრები ბერის განცხადებით, რუსმა სახედროებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დრონის აფრენის შემდეგ, მალევე დატოვეს.

"განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. 2020 წლიდან აქ ვარ და ყოველთვის იგივე ხდება. რაღაცა პერიოდში პატრულირებენ. გუშინაც ასეთი ამბავი იყო. ჩვეულებრივ ამოვიდნენ, გაიარ-გამოიარეს. გადახედეს არაგვის ხეობას, დაისვენეს, დამემშვიდობნენ და წავიდნენ. ამ ტაძართან ყოველთვის ისვენებენ. ყოველთვის ასე ხდება... დრონი გაუშვეს, რატომ არ ვიცი, უფლება არ მქონდა და ვერ ვკითხავდი. ჯარისკაცები არიან და მათი საიდუმლოა. ძალიან მალე წავიდნენ", - განაცხადა მამა გრიგოლმა.

ტაძრის წინამძღვარმა, მამა დავითმა, ჟურნალისტებს მოუწოდა, სიფრთხილით მოეკიდონ მსგავსი საკითხების გაშუქებას.

"ძალიან საფრთხილო თემაა საზღვართან დაკავშირებით განცხადებების გაკეთება. მინდა ვთხოვო ჟურნალისტებს, ფრთხილად გააკეთონ ამ თემაზე რეპორტაჟები. ეს ე.წ. დროებითი საზღვარია და სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება არ გამოვიდეს. ჩვენ არანაირ დაძაბულობას არ გვიქმნიან, ისინი ყოველთვის თბილად, სიყვარულით მიდიან. და ისეთი განცხადებები, რაც ზოგიერთი არხის მეშვეობით გადის, უფრო მეტ საფრთხეს შეგვიქმნის", - განაცხადა მამა დავითმა.

გარდა ამისა, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოში ლომისას ტაძარი რამდენიმეა და ერთ-ერთი მედიასაშუალებით არასწორად გავრცელდა ინფორმაცია. კერძოდ, მისი თქმით, სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ლომისას ტაძრის კარი აჭედილია და იქ შესვლის უფლება მომლოცველებს არ აქვთ. ფაქტი ისე იყო გაშუქებული, ჯაღმაიძის შეფასებით, თითქოს ლაპარაკი იყო მლეთის ლომისას ტაძარზე, მაშინ როდესაც საქმე ეხებოდა გორში, სოფელ კირბალში არსებულ ლომისას ტაძარს.

"მოკლედ გეტყვით, რა მოხდა იქ. სოფელ კირბალში, რაღაც პერიოდის განმავლობაში შესაძლებელი იყო გადასვლა და მომლოცველები დადიოდნენ იმ ტაძარში, მაგრამ შემდეგ ვიღაცამ იქ ააფრიალა ქართული დროშა, რაც გახდა იმის საფუძველი, რომ იქ მიეღოთ [რუს საოკუპაციო ძალებს] მკაცრი ზომები, აეჭედათ კარები და შეეზღუდათ იქ შესვლა. ასეთი ტაძარი რამდენიმე გვაქვს გორში”, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

ასევე იხილეთ: