ავტორი:

"ხელისუფლებამ მედია გაყო მისდამი ლოიალურ და მოწინააღმდეგე ნაწილებად და ამ უკანასკნელის დემონიზებას ცდილობს" - როგორ აზარალებს საზოგადოებას პოლარიზებული მედიაგარემო?

"ხელისუფლებამ მედია გაყო მისდამი ლოიალურ და მოწინააღმდეგე ნაწილებად და ამ უკანასკნელის დემონიზებას ცდილობს" - როგორ აზარალებს საზოგადოებას პოლარიზებული მედიაგარემო?

2022 წლის 17 ივნისს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიამ საქართველოს 12 პირობის შესრულების რეკომენდაცია მისცა. მათგან 1-ლი ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევას გულისხმობს, მე - 7 კი ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ მედიაგარემო მეტად თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი იყოს.

არახალია, რომ პოლარიზებული მედიაგარემო საზოგადოებას შუაზე ჰყოფს და პოლიტიკური სივრცის რადიკალიზებასაც უწყობს ხელს. მედიაექსპერტების შეფასებით, "საქართველოს მედია საკმაოდ პოლარიზებული და დაუბალანსებელია“. მათივე აზრით, საზოგადოების დეპოლარიზაციის გასაღები სწორედ მედიაპლურალიზმსა და მის დეპოლარიზაციაში ძევს.

სოციოლოგიის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი მიიჩნევს, რომ ქართული მედიის, განსაკუთრებით კი ტელევიზიების პრობლემა სწორედ ის არის, რომ ეს არხები უკვე წლებია ჩამოყალიბდნენ ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, მედიის ასეთი პოლარიზაცია კი საზოგადოების არაჯანსაღ გაყოფას ზრდის. "მედიის და აუდიტორიის პოლარიზება თითქოს ფეხდაფეხ მიყვება ერთმანეთს. პოლარიზაციას კი, პირველ რიგში, ხელს უწყობს ხელისუფლება იმიტომ, რომ მან მკაფიო და მკაცრი ხაზი გაავლო მისდამი ლოიალურად განწყობილ მედიასა და ოპოზიციურ მედიას შორის, რაღაცნაირად გამიჯნა ეს ორი მედია ერთმანეთისგან და დანარჩენ საზოგადოებას არ აძლევს იმის მაგალითს, როგორ შეიძლება ყველა ტიპის მედიასთან თანამშრომლობა. ასეთ პოლარიზაციას ხელს უწყობს ასევე ხელისუფლების მცდელობა, მოახდინოს კრიტიკული მედიის დემონიზაცია“.

სოციოლოგი ambebi.ge-სთან ინტერვიუში განმარტავს, რა უწყობს ხელს პოლარიზებული პოლიტიკური სივრცის წარმოშობას, რა როლი აქვს მედიას საზოგადოების დახლეჩა-დანაწევრებაში, რა რისკები ახლავს ამ პროცესს და რა არის საჭირო იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს ეს ვითარება.

იაგო კაჭკაჭიშვილი:

"ისევე, როგორც ბევრი სხვა სფერო, საქართველოში მედიაც პოლარიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დაყოფილია პროსახელისუფლებო და კრიტიკულ მედიად, შესაბამისად, ეს ასევე მედიააუდიტორიის პოლარიზაციაშიც გამოიხატება. აქ იგულისხმება მედიის მომხმარებელი ფართო საზოგადოების სახით - სხვადასხვა კვლევა აჩვენებს, რომ მედიის მომხმარებლები ასევე დაყოფილია ორ კატეგორიად - პროსახელისუფლებო და კრიტიკული მედიის მომხმარებლებად, ანუ ადამიანები თავიანთი პოლიტიკური გემოვნების, თუ პოლიტიკური ორიენტაციის შესაბამისად ირჩევენ ამა თუ იმ მედიასაშუალებას მოხმარებისთვის და ამას რაღაცნაირად ხელს უწყობს მედიის კონტენტი. ვიცით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა კატეგორიულად განაცხადეს, რომ ისინი კრიტიკულ მედიაში არ წავლენ (ამ თვალსაზრისით მხოლოდ იშვიათი გამონაკლისები არსებობს) და არც არასდროს მიდიან.

  • შესაბამისად, პოლარიზაციას, პირველ რიგში, ხელს უწყობს ხელისუფლება იმიტომ, რომ მან მკაფიო და მკაცრი ხაზი გაავლო მისდამი ლოიალურად განწყობილ და ოპოზიციურ მედიას შორის, გამიჯნა ეს ორი ერთმანეთისგან და დანარჩენ საზოგადოებას არ აძლევს იმის მაგალითს, როგორ შეიძლება სხვადასხვა ტიპის მედიასთან თანამშრომლობა. ასეთ პოლარიზაციას ხელს უწყობს ასევე ხელისუფლების მცდელობა, მოახდინოს კრიტიკული მედიის დემონიზაცია.

ჩვენ ვხედავთ კრიტიკული მედიის მიმართ წაყენებულ ბრალდებას, რომ ისინი საქართველოში რევოლუციური სცენარების მომზადებაში მონაწილეობენ, ასევე, ისინი მუდმივად აპელირებენ იმაზე, რომ კრიტიკული მედია (ისინი სიტყვა კრიტიკულს არც ხმარობენ, არამედ მათ "ნაციონალების“ სამსახურში ჩამდგარ მედიად, თუ "ნაციონალების“ ინტერესების გამტარებლად მოიხსენიებენ) ხელს უწყობს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას, მოვლენათა ესკალაციას და ა.შ. შესაბამისად, ოპოზიციურად განწყობილი მედიის ასეთი დემონიზება, ბოლო ხანს ვნახეთ, რომ გარკვეულ საკანონმდებლო ინიციატივებშიც გამოიხატა - როდესაც "მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანეს და მარეგულირებელ კომისიას დაუმატეს უფლებამოსილებები, რომელთა მიხედვითაც, თუ მარეგულირებელი ჩათვლის, რომ მედია იყენებს არასათანადო რიტორიკას, ის შეიძლება დაჯარიმდეს.

საქართველოს პოლარიზებულ კონტექსტს თუ გავითვალისწინებთ, სრულიად მოსალოდნელია, რომ მარეგულირებელმა ეს რეგულაცია გამოიყენოს კრიტიკული მედიის მიმართ რეპრესიისთვის. ეს არის ერთმნიშვნელოვანი ცენზურის მცდელობა. ხელისუფლება აპელირებს იმაზე, რომ ეს იყო ევროკავშირის რეკომენდაცია და სიძულვილის ენის წინააღმდეგ შემოვიტანეთ რეგულაციებიო, მაგრამ ყველა რეგულაციას ხვდება თავისი სოციო-პოლიტიკური თუ კულტურული კონტექსტი. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელისუფლების მიმართ სასამართლო ლოიალურია და შენ არ შეგიძლია სამართალი იპოვო სასამართლოში, ძალზე რთულია მედიამ დაიცვას საკუთარი უფლებები. ასე რომ, შესაძლოა, სიძულვილის წინააღმდეგ რეგულაცია თავისთავად კარგია, მაგრამ იმ კონტექსტში, როდესაც დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომლებიც სამართლიანობას უზრუნველყოფენ ქვეყანაში და სამართლის რეალიზაციას ემსახურებიან, არის მიკერძოებული და სასამართლოს დამოუკიდებლობა დიდი ეჭვის ქვეშ დგას, ეს რეგულაცია კრიტიკული მედიის მოთვინიერებად უფრო შეიძლება ჩაითვალოს, ვიდრე თანამედროვე ევროპულ რეგულაციად. ეს საბოლოო ჯამში ქვეყანაში ავტორიტარიზმის ხარისხის ზრდის გამომწვევია. კრიტიკული მედია თუ მოთვინიერებულია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლების ავტორიტარულობის ხარისხი იზრდება. რამდენად გამოუვა, სხვა ამბავია, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლების განზრახვა ასეთია.

- ასეთ პოლარიზებულ მედიაპირობებში, ვიცით, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში ლომის წილი აქვს მედიას. ისიც ცალსახაა, რომ მედია არა მხოლოდ ასახავს რეალობას, ის ქმნის რეალობას. რა ქნას ამ დროს მედიამომხმარებელმა, როგორ გაარჩიოს ტყუილ-მართალი?

- როცა მედია ქმნის რეალობას, მაშინ ტყუილ-მართლის გარჩევა კიდევ უფრო ჭირს იმიტომ, რომ მედიის მიერ შექმნილი რეალობა საღდება ნამდვილ რეალობად და არა ის, რაც დგას მედიის მიერ რეპრეზენტირებული სურათის მიღმა. ყოველ შემთხვევაში, დაკვირვებული აუდიტორია - მკითხველი, თუ მაყურებელი ისე უნდა მოიქცეს, რომ მან უყუროს სხვადასხვა მედიას და კრიტიკულად შეაჯეროს ის ინფორმაცია, რასაც ისინი გვაწვდიან. მოკლედ, მაყურებელი რაც შეიძლება მეტ მედიასაშუალებას უნდა გაეცნოს და თავად გამოიტანოს დასკვნა, სად დევს პროპაგანდა, სად - დემონიზაცია, სად - ფაქტების დამახინჯება, ან თვითნებური ინტერპრეტაცია და სად დევს სიმართლე და ობიექტურობა. სხვა გზა აქ არ არსებობს. ანუ სხვადასხვა მედიაწყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კრიტიკული შეჯერება უნდა მოახდინოს მაყურებელმა, მკითხველმა. ეს რომ არ ხდება საქართველოში, სწორედ ამის შედეგია პოლარიზება.

მაგალითად, "იმედის“ ან “POSTV”-ს მაყურებელი სინამდვილეს უყურებს ისე, როგორც ისინი წარმოადგენენ, ეს სურათი პრინციპულად განსხვავდება კრიტიკული მედიის მიმართ წარმოდგენილი სურათისგან და, მაგალითად, "იმედის“ მაყურებელს არ აქვს ჩვევა, რომ გადაამოწმოს ან შეაჯეროს ინფორმაცია სხვა მედიების მოხმარებით. არადა, დაკვირვებული, თუ კვალიფიციური მაყურებელი სწორედ ასე იქცევა და თუ ეს განწყობა, თუ დამოკიდებულება მაყურებლებში რაღაცნაირად გაძლიერდება იმისთვის, რომ რომელიმე მედიის მიმართ ნდობა გაიზარდოს, საჭიროა გადამოწმებული ინფორმაცია და ის, რომ მათი შეფასებები სხვადასხვა მედიაწყაროს საფუძველზე შეჯერდეს. ეს განწყობა თუ გაძლიერდება, მაშინ პოლარიზაცია დაიძლევა, არ იქნება ისეთი ხისტი, როგორიც დღესაა.

სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ "პალიტრა“ არის ერთ-ერთი იშვიათი მედიასაშუალება, რომელიც ცდილობს, პოლარიზება დაძლიოს, სადაც ვხედავთ უფრო მეტად შეჯერებულ ინფორმაციას, სიუჟეტებს.

- ზოგადად, რა რისკები ახლავს მედიის პოლიტიკურ მიკერძოებულობასა და პოლარიზებას, მაინც როგორ უნდა დაიძლიოს ის, როგორც მედიაში, ასევე - საზოგადოებაში?

- ეს რისკებია თვითონ საზოგადოების პოლარიზება, რაც საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ქმნის დაძაბულობას. მედია შეიძლება იყოს საზოგადოებაში დაძაბულობისა და კონფლიქტის მაპროვოცირებელი, მაგალითად, თუნდაც ისეთი მედია, როგორიცაა სოცქსელები. ანუ მედია შეიძლება გამოყენებულ იქნას საზოგადოებაში კონფლიქტების გასაღვივებლად და დაძაბულობის გასაზრდელად და ის იქცეს არა ინფორმაციის, ცოდნის მიმწოდებელ საშუალებად და ინსტრუმენტად, არამედ ბრძოლის იარაღად, რაც არ არის კარგი.

პოლიტიკის დონეზე უნდა გაკეთდეს ის, რომ საქართველოში გაჩნდეს დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომლებიც არა ტენდენციურად, არამედ ობიექტურად შეაფასებენ არსებულ ვითარებას, სიმართლის და სამართლის მხარეს იქნებიან. პირველ რიგში, მხედველობაში მაქვს სასამართლო იმიტომ, რომ ის უნდა იყოს ობიექტური მსაჯული და თუ რომელიმე მედია ცოდვას სჩადის, სასამართლომ უნდა დაადგინოს ეს ცოდვა და მედიას პასუხი აგებინოს. არსებობს ორგანიზაცია "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც“, რომელიც ასევე ობიექტური სტრუქტურაა და უნდა იყოს იმისთვის, რომ აუდიტორია მტყუან-მართალში გაარკვიოს. "ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, სხვათა შორის, საკმაოდ ეფექტიანად მოქმედებდა წინა წლებში, მაგრამ ბოლო ხანს რაღაც მათი როლი არ ჩანს, არ ვიცი, რითია გამოწვეული მათი პასიურობა, თითქოს გაქრა და აღარ არსებობს ეს სტრუქტურა. მოკლედ, პოლიტიკის დონეზე უნდა არსებობდეს დამოუკიდებელი სტრუქტურები, რომელიც მტყუან-მართალს გაარჩევს.

რაც შეეხება მედიამომხმარებლის დონეზე, აქ უნდა შეძლონ სხვადასხვა მედიაწყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის კრიტიკული შეჯერება და თავად გამოიტანონ დასკვნები. ანუ ერთის მხრივ, მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი სტრუქტურები და მეორეს მხრივ - მომზადებული აუდიტორია, პოლარიზაციის დაძლევის ეს ორი მექანიზმი არსებობს. მედიაპოლარიზაციის დასრულება, რა თქმა უნდა, საზოგადოებაშიც დაასრულებს პოლარიზაციას, ვინაიდან ისინი ერთმანეთისთვის სარკეა და ერთმანეთში იყურებიან. მედია ქმნის გარკვეულ სინამდვილეს, ხალხი ამ სინამდვილეს მოიხმარს, თუ მის ტყვეობაშია, ასევე, მედია იკვებება იმ განწყობებით, რომლებიც საზოგადოებაშია და ცდილობს საკუთარი მიზნობრივი ჯგუფები მოხაზოს და მათზე უმუშაოს. მოკლედ, მედიასაც აქვს ამ თვალსაზრისით სამუშაო. გასაგებია, რომ ყველა მედიას თავისი სამიზნე ჯგუფი, თავისი ინტერესები და მომხმარებელი ჰყავს, მაგრამ ის მაინც მასობრივი კომუნიკაციის საშუალებაა და არ შეიძლება, რომ მან მხოლოდ ექსკლუზიურად რომელიმე სეგმენტზე იმუშაოს, ის რაღაცნაირად ზოგად აუდიტორიაზე უნდა იყოს მიმართული და, ეცადოს მინიმუმ 2 რამეს: ფაქტების არდამახინჯებას და ფაქტების შესახებ ინტერპრეტაციების დაბალანსებას.