ავტორი:

17-წლიანი სამშვიდობო პაუზა კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა შემთხვევაში დაიწყებს "ჰეზბოლა" ისრაელთან ომს: "წითელ ხაზად შეიძლება ჩაითვალოს ოთხი რამ..."

17-წლიანი სამშვიდობო პაუზა კითხვის ნიშნის ქვეშაა - რა შემთხვევაში დაიწყებს "ჰეზბოლა" ისრაელთან ომს: "წითელ ხაზად შეიძლება ჩაითვალოს ოთხი რამ..."

ლიბანური "ჰეზბოლა" არ აძლევს საშუალებას ისრაელს, დაივიწყოს ჩრდილოეთ საზღვარზე არსებული საფრთხე. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისრაელი სრულფასოვანი მეორე ფრონტის გასახსნელად მზად იყოს. რა თქმა უნდა, ისრაელს არ სჭირდება ახალი ომი "ჰეზბოლასთან", მაგრამ სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიძაბოს.

ალაჰის პარტია

"ჰეზბოლა" ("ალაჰის პარტია") ირანის ფინანსური მხარდაჭერით და ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის დახმარებით 1982 წელს შეიქმნა. თანდათან იგი სამხედრო დაჯგუფებიდან ლიბანის საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიურ მონაწილედ გარდაიქმნა და 2005 წლიდან ორგანიზაციის პოლიტიკური ფრთა პარლამენტში იჯდა.

"ჰეზბოლას" აქვს საკუთარი საავადმყოფოები, სატელევიზიო არხები, სკოლები და ახალგაზრდული პროგრამები. 2006 წლიდან ჰეზბოლა ირანის მთავარ რეგიონულ არმიად იქცა. "ჰეზბოლას" მებრძოლები ავარჯიშებენ ირანთან დაკავშირებულ სხვა ჯგუფებს რეგიონში - სირიაში, იემენსა და ერაყში. ჯგუფს დაახლოებით 60 ათასი მებრძოლი ჰყავს.

"ჰეზბოლას" სამხედრო ფრთა აღიარებულია ტერორისტულ ორგანიზაციად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ავსტრალიაში, ეგვიპტეში, ისრაელში, კანადაში, ნიდერლანდებში და რიგ სხვა სახელმწიფოებში.

ირანის ეგიდით ჰამასმა, ჰეზბოლამ, პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა და სხვა ჯგუფებმა რამდენიმე წლის წინ შექმნეს ე.წ. გაერთიანებული ფრონტის დოქტრინა. მისი შექმნის მიზანი იყო ისრაელის შეკავება. ამ დოქტრინის მიხედვით, თუ რომელიმე ჯგუფი ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდება, დანარჩენები მის მხარდასაჭერად გამოვლენ.

დაიწყებს თუ არა ჰეზბოლა ომს ისრაელთან?

ორ კვირაზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს "ჰამასის" მებრძოლებმა ისრაელზე თავდასხმა განახორციელეს. გასულ კვირას ვითარება უფრო დაიძაბა. პარასკევს ისრაელის ხელისუფლებამ ლიბანის საზღვართან მდებარე ქალაქ კირიათ შმონადან ხალხის ევაკუაციის ბრძანება გასცა. შაბათს "ჰეზბოლამ" ისრაელის რამდენიმე სამხედრო ობიექტს შეუტია, რასაც ისრაელის მხრიდან საპასუხო დარტყმები მოჰყვა.

დაძაბულობის ხარისხი საზღვარზე, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში გაიზრდება. თუმცა, ექსპერტების აზრით, "ჰეზბოლა" ღიად არ შევა კონფლიქტში.

ლიბანის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მათ არ სჭირდებათ მორიგი ომი. ლიბანში დიდი ხანია მძვინვარებს პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი. ათ წელზე მეტია, რაც ქვეყანას ძლიერი შიიტური დაჯგუფებას მართავს.

რა ითვლება ბოლო წვეთად?

"ჰეზბოლამ", თავის მხრივ, განაცხადა, რომ არ იყო დაინტერესებული კონფლიქტში უშუალო მონაწილეობით, სანამ ისრაელი არ გადალახავდა გარკვეულ „წითელ ხაზს“.

საუდის მედია, ჰეზბოლასთან დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ წითელ ხაზად შეიძლება ჩაითვალოს შემდეგი:

  • 1) სახმელეთო ოპერაცია ღაზაში;
  • 2) მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც აღემატება „გონივრულ“ მაჩვენებელს;
  • 3) ირანის „წინააღმდეგობის ღერძის“ დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობა;
  • 4) შეტევა ჰეზბოლას პოზიციებზე.

ირანი და რეგიონული ომი

"ჰეზბოლა" ბოლოს ისრაელთან 2006 წელს იბრძოდა. 34 დღიანი ბრძოლის შემდეგ 160-ზე მეტი ისრაელელი და 1200-ზე მეტი ლიბანელი დაიღუპა. კონფლიქტი დასრულდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის მიღებით, სადაც ორივე მხარემ გამარჯვება გამოაცხადა.

ფირას მაქსადმა, ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსმა თანამშრომელმა, თქვა, რომ 2006 წლის ომი ძვირად დაუჯდა როგორც ისრაელს, ასევე ჰეზბოლას.

მას შემდეგ ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის დაიდო ორმხრივად მომგებიანი შეთანხმება: ტერორისტები არ ესხმიან თავს ისრაელს და ისრაელი არ უტევს ლიბანს. ამ დროის განმავლობაში მხარეებმა მიაღწიეს შედარებით სტაბილურ წონასწორობას ურთიერთშეკავების საფუძველზე. ახლა - პირველად 17 წლის განმავლობაში - სტატუს კვო საფრთხის ქვეშაა და დაძაბულობა იზრდება.

2006 წლის ომის შემდეგ ჰეზბოლამ საგრძნობლად გაზარდა სარაკეტო არსენალი და მისმა მებრძოლებმა მიიღეს სამხედრო გამოცდილება სირიის ომში.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის არმია ბევრჯერ აღემატება "ჰეზბოლას" შესაძლებლობებს, თუ "ჰეზბოლას" მთავარი სპონსორი ირანი ომს გადაწყვეტს, ასეც მოხდება.

არასტაბილურობის წყარო ირანის ხელშია, მაგრამ ისლამურ რესპუბლიკას არ სურს ღია დაპირისპირება. ამიტომ, სანამ თავად არ აღმოჩნდება საფრთხეში, მანამ ომში არ ჩაერთვება.

პრობლემები ლიბანში

"ჰეზბოლას" ლიბანის დე ფაქტო მმართველს უწოდებენ. შეიარაღებული ჯგუფი აკონტროლებს ჩრდილოვან ეკონომიკას, აქვს საკუთარი არმია და სარაკეტო არსენალი, განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ირანის თვალით.

თუმცა გასულ წლებში მათი პოპულარობა საგრძნობლად შემცირდა. ლიბანელ შიიტებში, ჰეზბოლას მხარდამჭერთა ხერხემალში, იზრდება უკმაყოფილება. 2019 წლის ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს შეუერთდა მოძრაობის მრავალი მიმდევარი, რომლებიც ითხოვდნენ კლეპტოკრატიის დასრულებას და ძალაუფლების შეუქცევადობას.

ისრაელთან ომის დაწყება კი კიდევ უფრო დიდ პრობლემებს გამოიწვევს - ჯგუფს დაადანაშაულებენ ისედაც დასუსტებული ქვეყნის ომში ჩათრევაში.

ომმა შეიძლება გამოიწვიოს პროტესტი და არეულობა. ლიბანელი შიიტების გადასახლება ქალაქებში, სადაც ძირითადად ქრისტიანები და სუნიტები ცხოვრობენ, აუცილებლად გამოიწვევს სექტანტურ დაძაბულობას.