ავტორი:

რას ამბობს მთავარი პროკურორი აითაჯ შახმანოვას საქმეზე?

რას ამბობს მთავარი პროკურორი აითაჯ შახმანოვას საქმეზე?

საქართველოს გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის საქმეზე შესაძლებელია, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს. მისივე განმარტებით, თითოეული ბრალდებულის მიმართ, პროკურატურის მიდგომა „უმკაცრესი იქნება“. „უპირველეს ყოვლისა, მსგავსი დანაშაული რომ მოხდა, ეს უდიდესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. საზოგადოებამ ნახა, რომ ჩვენი რეაგირება უმკაცრესი იყო. ყველა პიროვნება, მათ შორის, თვით გარდაცვლილის დედა და ბიძა, რომლებიც თავისუფლების უკანონო აღკვეთაში და სხვა ქმედებებშიც მონაწილეობდნენ, მათ შორის, მკვლელობის ფაქტზეც, მიცემულები არიან პასუხისგებაში. დღესდღეობით, ბრალდებულის სტატუსით პატიმრობაში იმყოფებიან. ჩვენი მიდგომა თითოეული ბრალდებულის მიმართ უმკაცრესი იქნება. ასევე, მინდა, ხაზი გავუსვა და ვუთხრა ყველა მსხვერპლს, ვინც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, პროკურატურა მათ გვერდზეა. ნებისმიერ დროს შეუძლიათ, მოგვმართონ და ჩვენ უსწრაფეს რეაგირებას მოვახდენთ. ამ საკითხზე გამოძიება გრძელდება და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავ, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს“,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ცნობისთვის, 14 წლის აითაჯ შახმანოვას განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი ქმარი, 27 წლის ალიმ ასლანოვი დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედა და ბიძა დააკავეს. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.