21 ოქტომბერს აბუ-დაბიში UFC 294 გაიმართა. კავკასიელი მებრძოლებისთვის ეს დიდი ტრიუმფი იყო, რადგან ყველა მათგანმა მოწინააღმდეგე დაამარცხა. საღამოს მთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის ჩემპიონი, ისლამ მახაჩევი ორგანიზაციის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის რემატჩში შეხვდა. ისლამმა მოწინააღმდეგე პირველივე რაუნდში დაანოკაუტა და ყველას აჩვენა, რომ მასში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს.
ყურადღებას იქცევდა ასევე UFC-ის კიდევ ერთი შეხვედრა - კიდევ ერთი კავკასიელი მებრძოლისთვის ეს დებიუტი იყო. დაღესტნელი შარაბუტდინ "შარა ბულეტ“ მაგომედოვი გულშემატკივრებისთვის საშიშ და სასტიკ ადამიანად გამოიყურება და ეს საქმითაც დაამტკიცა.
ასევე, მაგომედოვი ფიზიკურად საოცარ ფორმაში იმყოფებოდა, გულშემატკივრის ნაწილი თვლიდა, რომ UFC-ის მკაცრ დოპინგ-ტესტს ვერ ჩააბარებდა.
"დოპინგ კომისია ნახევარი წელია, რაც მამოწმებს, ხუთჯერ ამიღეს ანალიზი. სისხლში "მილდრონატი“ აღმოაჩინეს. მინიმუმ ნახევარი წელიწადი არ მიმიღია, ეს აყოვნებდა ჩემს დებიუტს. ვისაც კორონავირუსი გადაუტანია, ყველა "მილდრონატზეა“. ეს გულის ვიტამინივითაა“, - ამბობდა "შარა“.
ეს ამბავი 2016 წელს მოხდა. მაგომედოვმა თვალი დაიზიანა, თუმცა დღემდე არ იცის, ბრძოლის დროს მოხდა ეს, თუ ვარჯიშისას. მხედველობა თანდათან უარესდებოდა, მებრძოლი კი ექიმთან მისვლას არ ჩქარობდა და ჩვეულებრივად ვარჯიშობდა. მეტიც, ბრძოლებსაც მართავდა და ფიქრობდა, რომ თვალის სპაზმი ჰქონდა, რომელიც თავისით გაუვლიდა.
თუმცა, რეალურად, ყველაფერი უარესად აღმოჩნდა: როდესაც შარა ექიმთან მივიდა, გაირკვა, რომ თვალის ბადურის აშრევება სჭირდა.
"გულგრილად მივუდექი პრობლემას, გვიან მივმართე ექიმებს, ვაგრძელებდი ბრძოლებს და თავს ვარწმუნებდი, რომ თავისით გამივლიდა“, - აღიარებს მებრძოლი.
საბედნიეროდ, ექიმებმა თვალი შეუნარჩუნეს და ნება დართეს, რომ სპორტისთვის თავი არ დაენებებინა. მაგომედოვს 8 ოპერაცია ჩაუტარდა, ხოლო მკურნალობას 1.5 წელიწადი დასჭირდა. ახლა ის აცხადებს, რომ დაზიანებული თვალით სილუეტებს ხედავს და ეს ბრძოლაში ხელს არ უშლის. თუმცა მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ მათ უპირატესობა აქვთ.
"მარჯვენა თვალით ვერ ვხედავ, მაგრამ ეს ბრძოლებში ხელს არ მიშლის. მოწინააღმდეგეები ცდილობენ მარჯვნიდან დამარტყან, მაგრამ ეს მათ არ შველის“, - დაამატა მებრძოლმა.
შარა ექიმებთან ასევე სხვა მიზეზითაც არ მიდიოდა - მას, უბრალოდ, ფული არ ჰქონდა.
2016-ში უცნობი მებრძოლი იყო, ბევრ ჩემპიონატზე გამოდიოდა, რომ ფული გამოემუშავებინა. პირველ ბრძოლაში 2 000 დოლარი გადაუხადეს.
"ბევრი ფული დაგვჭირდა. მაშინ მშობლების კისერზე ვიყავი. რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი - ორი წელი ვერ ვვარჯიშობდი, ვერც ვიბრძოდი. მთელი ჩემი კარიერა შეიძლება დავყოთ ტრავმამდე და მის შემდეგ. ტრავმის შემდეგ, მოვიკრიბე ძალები, ჩემს მეგობრებს და ახლობლებს ჩემი სჯეროდათ და მართლაც, ყველაფერი გამომივიდა“, - ამბობს შარა.
მაგომედოვი ცდილობს, რომ ეს ეპიზოდი იშვიათად ახსენოს, რადგან უსიამოვნო შეგრძნებების გახსენება არ მოსწონს. ოპერაციამდე ძალიან ნერვიულობდა, უყურებდა ვიდეოებს, თუ როგორ აკეთებენ ამ ოპერაციას და პანიკურად ეშინოდა: "ბევრი ეტაპი იყო, ძალიან გავწვალდი“, - ამბობს სპორტსმენი ოპერაციაზე საუბრისას. ექიმებმა მზერის შენარჩუნება შეძლეს, თუმცა თვითონ თვალი შეიცვალა - ახლა ის გათეთრებულია. ეს ერთგვარი დამახასიათებელი შტრიხი გახდა მაგომედოვისთვის, რომელიც მის კოლორიტს ხაზს უსვამს.
თუმცა თვალი ერთადერთი ტრავმა არ არის, მას არ აქვს წინა კბილი. ეს კი უკვე "სამახსოვროდ“ დიდი სკანდალიდან გამოჰყვა. ამბავი მოსკოვის "ჩაიხანაში N1-ში“ მოხდა. შარამ ბიჭს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ საჯარო ადგილას გოგოსთვის კოცნა მიღებული არ იყო.
"არასასიამოვნო საუბარი წავიდა, კალაპოტს ასცდა. ახლა იმ ბიჭთან ვმეგობრობ, მაშინ ერთმანეთს არ ვიცნობდით. არ მოვუსმინეთ ერთმანეთს და ჩხუბში გადაგვივიდა, მე კბილი დავკარგე, იმასაც მოხვდა", - ჰყვება მებრძოლი.
გასულ შაბათს, UFC-ზე შარა ბრაზილიელ ბრუნო სილვას შეხვდა და სანახაობრივ ბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, დაამარცხა. მებრძოლი უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს და გულშემატკივრის გული აშკარად მოიგო.
ავტორი: ანრი კურტანიძე