მაჰსა ამინის გახმაურებული საქმის შემდეგ, ირანის ზნეობის პოლიციას კიდევ ერთი გოგონა ემსხვეპლა. საერთაშორისო მედიის ცნობით, თავსაბურავის არასწორად ტარების გამო, პოლიცია თავს 16 წლის არმიტა გერავანდს დაესხა, რომელიც მიყენებული ტრავმების შედეგად კომაში ჩავარდა. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად "ტვინის სიკვდილი“ სახელდება.
თეირანის მეტროსადგურზე თავდასხმის შემდეგ, გოგონა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა მიიღო ახალი კანონი, რომელიც ბევრად უფრო მკაცრ ჯარიმებს აწესებს ქალებისთვის, რომლებიც ჰიჯაბის ტარების წესებს არღვევენ.
ინტერნეტში გამოქვეყნდა კადრებიც, რომელშიც მოზარდი მორალის პოლიციის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ ჩანს.
ოქტომბრის დასაწყისში, ნორვეგიაში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Hengaw-მა, რომელიც ფოკუსირებულია ქურთების უფლებებზე, განაცხადა, რომ გერავანდიმ ზნეობის პოლიციას "შეურაცხყოფა მიაყენა“.
Hengaw-ის თანამშრომელმა CNN-თან განაცხადა, რომ ზნეობის პოლიციელმა მეტროსადგურში ქალს ჰიჯაბის შესწორება სთხოვა, რასაც სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.
ირანის ხელისუფლებამ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ გერავანდი საავადმყოფოში დაბალი წნევით გამოწვეული პრობლემების გამო გადაიყვანეს. ამ ვერსიას იზიარებენ გოგონას ოჯახის წევრებიც, თუმცა არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ მათი პოზიცია რეალობას არ გამოხატავს და ისინი იძულებულები არიან ხელისუფლების პოზიციას დაეთანხმონ. გაეროს ოფიციალური პირები და უფლებადამცველი ჯგუფები წლების განმავლობაში ადანაშაულებენ ირანის ხელისუფლებას მოკლული მომიტინგეების ოჯახებზე ზეწოლაში, რომლებიც მთავრობის ნარატივის მხარდასაჭერ განცხადებებს ხშირად აკეთებენ.
სექტემბერში ირანის პარლამენტმა "ჰიჯაბის კანონპროექტი“ მიიღო, რომელიც ტანსაცმლის ტარებას შეეხებოდა. კანონის დარღვევა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
2022 წლის სექტემბერში ზნეობის პოლიციას 22 წლის მაჰსა ამინი ემსხვერპლა. ქვეყნის კონსერვატიული ჩაცმულობის წესების შეუსრულებლობის გამო მას ფიზიკურად გაუსწორნენ, რამაც ამინის გარდაცვალება გამოიწვია.
ავტორი: ეკა დარჩიაშვილი