ლევან ხარანაულს 60 წელი 29 სექტემბერს შეუსრულდა. დიდი ხანია, მასთან საუბარი მსურდა, მაგრამ ეს დღემდე ვერ მოხერხდა. ახლა კიდევ ერთხელ ვცადე, ამჯერად გამოვიდა. ხალას და უბრალო მხატვარს გალერეა "იარტში" შევხვდი. ბევრი ლაპარაკი არ უყვარს, მაგრამ მასზე სიტყვაძვირი კი არ ითქმის, უბრალოდ ასეთია: თავმდაბალი, გულწრფელი, ნამდვილი, უშუალო... და ვფიქრობ, სწორედ ამაშია მისი როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ხიბლიც.
არაერთი წელია, გალერეა "იარტი" და მისი მფლობელი იკა ბოკუჩავა ქართველ ხელოვანთა შემოქმედების წარმოჩენაზეა ორიენტირებული. აღნიშნულ სივრცეში ლევან ხარანაულის გამოფენა 29 სექტემბერს გაიხსნა და ორი კვირა გასტანა. როგორც აღმოჩნდა, ლევან ხარანაული და იკა ბოკუჩავა ერთ დღეს, ერთ წელსა და ერთ სამშობიაროში არიან დაბადებული. ერთმანეთი წლების წინ გაუცნიათ, როცა მხატვარი გალერისტის პორტრეტს ხატავდა და სწორედ ამ ქალბატონის იდეა, შემდეგ კი ერთობლივი გადაწყვეტილება ყოფილა, გამოფენა წელს, 29 სექტემბერს გახსნილიყო. გარდა ამისა, მხატვარი კიდევ ერთი ექსპოზიციის მზადების პროცესში იყო. ლევან ხარანაული 1983 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს მიღმა, მაგრამ შეიძლება ითქვას, დღემდე ისეთი მასშტაბური გამოფენა არ ჰქონია, როგორიც ახლა: 19 ოქტომბერს მხატვრის ტილოები დიმიტრი შევარდნაძის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. წარმოდგენილი ნამუშევრები სხვადასხვა პერიოდშია შექმნილი და დროებით ჩამოხსნილია მხატვრისა და ახლობლების ინტერიერის კედლებიდან. მათ შორის არის მხატვრის ბებიის პორტრეტიც, რომელიც მისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნამუშევარია.
- ბატონო ლევან, ჩვენი საუბარი დაბადების დღით დავიწყოთ: მითხარით, რა დამოკიდებულება გაქვთ საკუთარი დაბადების დღის მიმართ? და ყველაზე გამორჩეულად თუ გახსოვთ რომელიმე?
- რა ვიცი, განსაკუთრებული დამოკიდებულება არ მაქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა თიანეთში ვყოფილვარ სრულიად მარტო, წელს კი ჩემს დაბადების დღეზე გალერეაში უამრავი ადამიანი იყო... მახსოვს, პატარაობისას, როცა სოლოლაკში ვცხოვრობდი, ერთხელაც დაბადების დღეზე კლასელები მეწვივნენ. შინ ჭადრაკი გვქონდა. ჩემი ხუთოსანი კლასელი ხათუნა ნარეკლიშვილი ჭადრაკზე დადიოდა და ძალიან კარგად თამაშობდა. "ლაზიერი", "შამათი", "ქიში" - ასეთ სიტყვებს იყენებდა, რომლებიც ჩემთვის უცხო იყო და თან ძალიან მომწონდა... მე ხუთოსანი მხოლოდ ერთ მეოთხედში ვიყავი, იქაც ერთ-ერთ ხუთიანს წერტილი ესვა, რაც იმას ნიშნავდა, შემდეგში აღარ წაგიმატებო (იღიმის). მე და ჩემი ბიძაშვილები 12 წლის რომ ვხდებოდით, ბებია საათს გვჩუქნიდა - ეს წინასწარ ვიცოდი. საათი და ველოსიპედი დაახლოებით ერთი თანხა ღირდა და ამიტომ ბებიას ვთხოვე, საათი არ მინდა, ველოსიპედი მაჩუქე-მეთქი... მიყიდა.
- როგორც ბევრმა ბავშვმა, თქვენც გაიარეთ მაშინდელ პიონერთა სასახლის ხატვის წრის პერიოდი?
- მცდელობა იყო, მაგრამ მგონი, მხოლოდ 2 გაკვეთილზე ვიყავი. იქ ისეთი "დასრულებული" მხატვრები იყვნენ, გამიკვირდა. მე კი არ გამომდიოდა, "ნუ პაგაძის" და "მიკი მაუსსაც" ვერ ვხატავდი. პიონერთა სასახლეში არ მივლია. მოგვიანებით ნიკოლაძის სამხატვრო ოთხწლედში ვსწავლობდი, სადაც ჩემი პირველი პედაგოგი ფრიდონ გოცირიძე იყო. მერე გურამ დოჩანაშვილმა თემო მაჭავარიანთან მიმიყვანა. ამის შემდეგ - ნუგზარ მეძმარიაშვილი, ფარნაოზ ლაპიაშვილი, რუსუდან გაჩეჩილაძე, ლევან ცუცქირიძე - უკვე აკადემიაში.
- სამხატვრო აკადემიის წლებმა ყველაზე ძვირფასი, რა დაგიტოვათ?
- მოგონებები... პედაგოგები... მეგობრები.
- საერთოდ, ვინ აღმოაჩინა ან თავად როდის ჩათვალეთ, რომ ხატვა გამოგდიოდათ?
- ერთხელაც მამაჩემმა შეჰყვირა: "არიქა, მგონი, გვეშველა, ხატვის ნიჭი აქვს!" მესიამოვნა, რომ გაუხარდა და მეც გავაგრძელე. მაშინ 14 წლის ვიქნებოდი.
- რა იყო თქვენთვის ყველაზე უცნაური მასალა, რომლითაც ბავშვობის პერიოდში გიხატიათ?
- სოლოლაკის შემდეგ საცხოვრებლად საბურთალოზე გადავედით. მამაჩემის მეგობარ შოთა სამხარაძეს ეზოში სახელოსნო ჰქონდა. ერთხელ, მამა და შოთა ჩვენთან სვამდნენ. შოთამ მითხრა, ჩემთან სახელოსნოში ადი, ნარდივით ყუთი დევს და მომიტანეო. წავედი, ყუთი ავიღე და მივუტანე. ფრანგული პასტელები აღმოჩნდა, ორ წყებად იყო ჩალაგებული. მაჩუქა (იღიმის).
- სხვადასხვა პერიოდი: ბავშვობა, სკოლა, სტუდენტობა და ა.შ. ფერებად თუ დაგიყვიათ ან ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი ფერებად თუ დაგიმახსოვრებიათ?
- ნისლიანი ამინდი მიყვარს.
- სევდას არ გგვრით?
- პირიქით, სიმშვიდეს მგვრის.
- ეს ფერი თქვენი ცხოვრების რომელიმე ეტაპს აქვს?
- არა, ცხოვრებას ფერების მიხედვით არ აღვიქვამ, ასე არ ვაკვირდები. ნისლიანი ამინდის დადებითი თვისება ის არის, რომ ამ დროს მუშაობისთვის სტაბილური განათებაა. მზეს ღრუბელი რომ მიეფარება, მერე გამოანათებს და ცვალებადი ამინდია, ეს ხელისშემშლელია.
- ახლა რას ხატავთ?
- არაფერს. გამოფენების გამო, დაახლოებით მესამე თვეა, არ მიხატია. კარგ ტონად არ ითვლება, მაგრამ მაქვს ხოლმე ასეთი პერიოდები, შეიძლება კარგა ხანს არ ვხატო.
- 6 თვე, 1 წელი?
- კი, ასეც ყოფილა.
- რამ შეიძლება, ფუნჯი დაგადებინოთ? რა შეიძლება გახდეს მიზეზი?
- მაგალითად, 4 წლის განმავლობაში თიანეთში ხორბალს ვთესავდით. ამ საქმიანობას ხელი ბიძაშვილებსა და მეგობრებთან ერთად მოვკიდე. იმდენად სასიამოვნო პროცესი იყო, იმ დროს ხატვა საერთოდ არ მახსენდებოდა.
- საერთოდ, მიწასთან მუშაობა სასიამოვნოა...
- ძალიან. მომწონს ამობრუნებული ნიადაგის, მოხნული მიწის ყურება. მერე ტრაქტორზე რომ დაჯდები, მიწას გააფხვიერებ, დათესავ, ძალიან სასიამოვნოა.... არეული პერიოდი რომ იყო, 90-იან წლებს რომ ეძახიან, ოჯახთან ერთად თიანეთში ჩავედი და იქ გადავცხოვრდი. სამსახური არასოდეს მქონია და თბილისში აღარ წამოვედით. სახლი კეთილმოწყობილი არ იყო. მაშინ ხატვისგან იმან შემაჩერა, რომ ხელში ქაფჩა და ნიჩაბი დავიჭირე, ცემენტი მივიტანე და მშენებლობას მივყავი ხელი. სახლს დაღრეცილი კედლები ჰქონდა, არ მინდოდა გასწორებულიყო, ასეთივე მომწონდა და ამაზე არავინ დამთანხმდა, კედლები მე და ჩემმა შვილებმა შევლესეთ. თან მეგობრებიც მომეხმარნენ. ჭერიც ავაკარით, იატაკიც დავაგეთ. სახლში დათბა. ქართველ ადამიანს მშენებლობით ვერ გააკვირვებ, ეს გვეხერხება, უბრალოდ, იმის თქმა მინდა, რომ დრო სახლის კეთილმოწყობამაც წაიღო და მაშინ არ მიხატია.
- დღესდღეობით რა სიხშირით ჩადიხართ თიანეთში?
- იქ თუ ჩავდივარ, თბილისში აღარ ვბრუნდები, მაგრამ ახლა გამოფენებისთვის სამზადისის გამო, ქალაქს დიდხანს შემოვრჩი.
- ეს იმიტომ, რომ იქით უფრო მეტი სიმშვიდეა და თიანეთში უკეთ მუშაობთ?
- რა თქმა უნდა, უკეთესად ვმუშაობ, სიმშვიდეა და თან სახელოსნოს კარგი განათება აქვს. ეს არც სპეციალურად დაუგეგმავს არქიტექტორს და არც სხვა ვინმეს. ასე შემთხვევით, ჩვენი უცოდინარობის გამო გამოგვივიდა, მაგრამ მსგავს კარგი განათების სახელოსნოში ჯერ არ მოვხვედრილვარ. სახურავი მთლიანად მინისაა. სანამ ლუვრის ეზოში პირამიდას ააშენებდნენ, ჩემთან, თიანეთში უკვე იდგა ასეთი (იღიმის).
- ხშირია თქვენს შემოქმედებაში ავტოპორტრეტი...
- ეს ხშირმა გაჩერებამ იცის. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ არც პალიტრა გემეგობრება და არც ფუნჯი. მასალა გეუცხოება და გებუტება. კავშირი წყდება და თითქოს თავს ვერ პოულობ. ფანქართან, ფუნჯთან და პალიტრასთან მიბრუნება ჭირს, გაგრძელება რთულია. სწორედ მაშინ ჩემი პორტრეტის ხატვას ვიწყებ.
ავტოპორტრეტი ბარიერის გადალახვაში მეხმარება. მისი შექმნა ჩემთვის ერთგვარი მოთელვაა, ასე შევდივარ ფორმაში. ზოგჯერ ეს ამბავი არ მახსენდება და ბევრს ვწვალობ. ერთხელ მამაჩემს ვუთხარი, - პაუზა მქონდა, ახლა კი დრო მაქვს, მაგრამ პალიტრასთან ვერ მივდივარ და ხატვას ვერ ვიწყებ-მეთქი. მითხრა, რაც არ გინდა, ის დახატეო. პომიდორი და ბროწეულები დავხატე. პომიდორი და გახლეჩილი ბროწეულები რა დასახატია, ხომ? (იღიმის) მიუხედავად იმისა, რომ ბროწეულს ბევრი ხატავს, მე არ მინდოდა და მაინც დავხატე. აი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, თორემ სხვა შემთხვევაში დიდი ხნის პაუზის შემდეგ, პალიტრასთან ავტოპორტრეტით ვბრუნდები.
- მამათქვენი თქვენს ნამუშევრებთან დაკავშირებით აზრს ხშირად გიზიარებთ?
- კი, რა თქმა უნდა.
- მგონი, წლების მატებასთან ერთად, მამას - ბესიკ ხარანაულს საუბრის მანერით ძალიან ემსგავსებით...
- მართლა?! თუ ვემსგავსები, ეს ჩემთვის დიდი კომპლიმენტია. კარგია, როცა შვილი მამას ემსგავსება.
- თქვენ რამდენი შვილი გყავთ?
- 7 შვილი და 7 შვილიშვილი. 4 გოგონა და 3 ბიჭი მყავს: მარიამი, ქრისტეფორე, ბესიკი, გიორგი, ელენე, ანა-ეფემია და მართა. შვილიშვილებში კი პირიქითაა - 4 ბიჭია და 3 გოგო.
- რა ასაკში გახდით პირველად ბაბუა?
- ვაი!.. მგონი, ჩემი უფროსი შვილიშვილი 9 წლისაა.
- ციფრებს, თარიღებს, ასაკს არ იმახსოვრებთ, ხომ?
- არა, როცა ადამიანი დარწმუნებულია, რომ ოჯახში ეს სხვამ იცის, მაშინ...
- და ეს ვინ არის, თქვენი მეუღლე?
- დიახ. ტელეფონის ნომრები, თარიღები, დაბადების წელი... ყველაფერი ლელამ იცის.
- თქვენი 7 შვილიდან მხატვარი არის ვინმე?
- 3 აკადემიაში სწავლობდა. უფროსმა ქალიშვილმა რესტავრაცია დაამთავრა, ორმა ბიჭმა - ფერწერა.
- ოჯახის წევრების პორტრეტებსაც რომ ხატავთ, ვიცი...
- დიახ. შვილიშვილებს შორის მხოლოდ 3 არ მყავს დახატული, მაგრამ მათაც დავხატავ.
- ალბათ, ეროვნულ გალერეაში ერთთვიანი გამოფენის ჩავლის შემდეგ ხატვას ისევ ახალი ავტოპორტრეტით დაუბრუნდებით. დაგითვლიათ, დღემდე რამდენი გაქვთ შექმნილი - ათზე, ოცზე მეტია?
- არა, ათი რა არის?! ასზე მეტი ავტოპორტრეტი იქნება. ამაში შედის როგორც ფერწერა, ისე გრაფიკა. მასალას ვცვლი ხოლმე, ხან მუყაოზე ვხატავ, ხან ფანერაზე. ფანქარი, ნახშირი, ტემპერაც ძალიან მიყვარს.
- ჩანთით თუ დაგაქვთ რამე, რომლითაც უცბად მოსულ იდეას ჩახატავთ?
- საერთოდ, კი, მაგრამ გამოფენებისთვის სამზადისის დროს - არა. როგორც ქირურგი დგას საოპერაციოში, ისე დგახარ პალიტრასთან და გამოფენისთვის სამზადისის პერიოდში ეს შეუძლებელია. ალბათ მერე ისევ ძველებურ რეჟიმს დავუბრუნდები.
ანა კალანდაძე
ჟურნალი "გზა"