ისრაელის ხელისუფლებამ არაბული წარმოშობის რამდენიმე ათეული მოქალაქე დააკავა, მიზეზი სოციალურ ქსელებში "ჰამასის" მხარდამჭერი აქტივობა გახდა. დაკავებულებს შორის არის ცნობილი მომღერალი დალალ აბუ ამნა, რომელიც ნაზარეთში ცხოვრობს. ორდღიანი პატიმრობის შემდეგ ქალი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
მომღერლის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული "დესტრუქციულ ქცევაში" დაადანაშაულეს. ხელისუფლების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მისმა პოსტებმა შესაძლოა მომღერლის გულშემატკივრებში ძალადობა გააღვიძოს. კონკრეტული პოსტი, რომელმაც პოლიციის ყურადღება მიიპყრო, ეს იყო პალესტინის დროშის გამოსახულება არაბული დევიზით: "და არ არსებობს გამარჯვებული, გარდა ალაჰისა“.
დაკავებულის ადვოკატის თქმით, ქალი ამ პოსტით თავის რელიგიურ გრძნობებს გამოხატავდა, მაგრამ ხელისუფლების განმარტებით, ეს იყო მოწოდება პალესტინელებისადმი, რომ მათ ხელში იარაღი აეღოთ.
აბუ ამნა ერთ-ერთია ისრაელის იმ რამდენიმე ათეული არაბული წარმოშობის მოქალაქიდან, რომელიც დააკავეს. ბევრი მათგანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, ზოგიერთს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა.
პოლიცია აცხადებს, რომ "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს სოციალურ ქსელებში ქცევის გამო. მხოლოდ იერუსალიმში დააკავეს და დაკითხეს 63 ადამიანი. მათ უმეტესობას სიძულვილის გაღვივება და ტერორიზმის ხელშეწყობა ედება ბრალად.
Adal Law Center-ის წარმომადგენლები, რომელიც იცავს ისრაელის არაბული უმცირესობის უფლებებს, თვლიან, რომ რეალურად მეტი ადამიანია დაკავებული. მსგავსი შემთხვევები ადრეც ყოფილა. მაგალითად, 2021 წლის მაისში ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის კონფლიქტის ესკალაციის დროს ძალადობის წაქეზებისთვის ბრალი 16 ადამიანს წაუყენეს, მათგან 15 არაბი იყო.
ბედუინთა ქალაქ რაჰატში, პოლიციამ დააკავა მერობის ყოფილი კანდიდატი ამერ ალ-ჰუზაილი, რომელმაც სოციალურ მედიაში გააზიარა ღაზას სექტორის რუკა ისრაელის ჯარების სახმელეთო ოპერაციის შესაძლო სცენარის ანალიზით. მას ბრალი ედება ომის დროს მტრის დახმარებაში. ცენტრის იურისტები ამბობენ, რომ მათი მონაცემებით, სოციალური ქსელში აქტივობის გამო, 40-ზე მეტი ისრაელელი არაბი გაათავისუფლეს სამსახურიდან.
პრობლემები შეექმნათ არაბ სტუდენტებს ისრაელში. მათ ასევე ემუქრებათ დისციპლინური პასუხისმგებლობა უნივერსიტეტებში. თელ-ავივის უნივერსიტეტის რექტორის თქმით, ისინი ძალიან მკაცრები იქნებიან იმ სტუდენტების მიმართ, რომლებიც "ჰამასის" მიმართ მხარდაჭერას გამოხატავენ.
მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა სკოლებშიც. უფლებადამცველების თქმით, საჩივარი მიიღეს სკოლის 83 მოსწავლისგან. მათ უბრძანეს მოკლე დროში დაეტოვებინათ სკოლის საერთო საცხოვრებლები.
"არცერთი შემთხვევა არ შეეხება რაიმე ქმედებას, დემონსტრაციას ან უკანონო ქმედებებში მონაწილეობას. საუბარია მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ პუბლიკაციებზე“, - ამბობს Adalah-ის აღმასრულებელი დირექტორი დოქტორი ჰასან ჯაბარინი.
გასულ კვირას პოლიციამ საკუთარი უსაფრთხოებისთვის თელ-ავივში მდებარე სახლიდან იძულების წესით გამოიყვანა მემარცხენე ულტრაორთოდოქსი ებრაელი ჟურნალისტი ისრაელ ფრეი.
მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ლოცულობდა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რის შემდეგაც მის სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის დროსაც ფრეის ბინას პიროტექნიკა ესროლეს.
ოთხშაბათს კი, ოფერ კასიფს, ებრაელ დეპუტატს, 45 დღით შეუჩერდა ისრაელის პარლამენტის მუშაობის უფლება მას შემდეგ, რაც მან მკვეთრად დაგმო საჰაერო თავდასხმები ღაზის სექტორზე.