მულტიმილიონერი ბრაიან ჯონსონი წელს გლობალური მედიის ყურადღების ცენტრში თავისი უცნაური მისწრაფების გამო მოექცა. მამაკაცს სურს 18 წლის მოზარდის ტვინი, გული, ფილტვები, ღვიძლი, თირკმელები, მყესები, კბილები, კანი, თმა შარდის ბუშტი, პენისი და სწორი ნაწლავი ჰქონდეს.
ამისთვის ბრაიანი წელიწადში 2 მილიონ დოლარს ხარჯავს. მას Blueprint-ის სახელწოდების პროგრამა აქვს შემუშავებული, რომელსაც გულმოდგინედ მიჰყვება, რათა სასურველ მიზანს მიაღწიოს.
45 წლის ბრაიან ჯონსონს 30-ზე მეტი ექიმი და ჯანდაცვის ექსპერტი ჰყავს დაქირავებული, რომელთა მოვალეობაა, რომ მისი სხეულის ფუნქციონირება ყოველდღიურად აკონტროლონ. ჯგუფს 29 წლის რეგენერაციული მედიცინის ექიმი, ოლივერ ზოლმანი ხელმძღვანელობს. ზოლმანს ევალება, რომ ჯონსონის ყველა ორგანოს დაბერების პროცესი შეაჩეროს და მეტიც, გააახალგაზრდავოს.
ზოლმანი და ჯონსონი განუწყვეტლივ ეცნობიან სამეცნიერო ლიტერატურას დაბერების და სიცოცხლის გახანგრძლივების შესახებ და ბრაიანის სხეულს ექსპერიმენტების ჩასატარებლად იყენებენ.
Blueprint-ის პროგრამის დახვეწის მიზნით, ჯონსონი მუდმივად აკონტროლებს სასიცოცხლო ნიშნებს. მას სამედიცინო სივრცე სახლშივე აქვს მოწყობილი. ჯონსონი ყოველთვიურად ათობით სამედიცინო პროცედურას იტარებს. ექიმების თქმით, ბრაიანის გაწეულმა შრომამ უკვე გამოიღო ნაყოფი: "სამედიცინო თვალსაზრისით, ბრაიანის სხეული ახალგაზრდავდება",- ამბობენ ისინი.
45 წლის ტექ. აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ადრე, გვიან ღამით საკვების მირთმევაზე უარს არ ამბობდა და ნახშირწყლებს ჭარბად იღებდა, მაგრამ ახლა რაფინირებულ შაქარს თავს არიდებს. ბრაიანი ამტკიცებს, რომ Blueprint-ის პროგრამის წყალობით, მისი ბიოლოგიური ასაკი შეიცვალა და ახლა მისი გულის ბიოლოგიური ასაკი 37 წლის ადამიანისას შეესაბამება, ფილტვები კი,18 წლის მოზარდისას.
ბრაიან ჯონსონი თავის წარსულს ახლა ტკივილით იხსენებს: "ახალგაზრდა ასაკიდან ტექნოლოგიურ სფეროში ვმუშაობდი. ფაქტობრივად, ჩემს სხეულს და გონებას 20 წლის განმავლობაში ვანადგურებდი." როგორც ბრაიანის ძველი ინტერვიუებიდან ვიგებთ, მას მეუღლესთან განქორწინების შემდეგ მძიმე დეპრესია ჰქონდა. მილიონერი მეწარმე ამბობს, რომ მის ცხოვრებაში გარდამტეხი შემთხვევა კილიმანჯაროს მთის დალაშქვრა იყო: "კილიმაჯაროდან ჩამოსვლის შემდეგ გარდავიქმენი".
ბრაიანი 2019 წელს განქორწინდა. ამავე პერიოდში მას თავისი კომპანიის, Braintree-ს 800 მილიონ დოლარად გაყიდვა მოუწია და ცხოვრების წესის შეცვლაც გადაწყვიტა. მას შემდეგ, ბრაიანი დილის 5 საათზე იღვიძებს, არ სვამს კოფეინს და ალკოჰოლს. ასევე, მან გაამხილა, რომ დღის განმავლობაში სხვადასხვა სასარგებლო დანამატს 111 აბის სახით იღებს. მათ შორისაა თუთია, კურკუმა და ლითიუმი. ბრაიანის თქმით, 60 აბს საუზმეს აყოლებს, დანარჩენებს კი მოგვიანებით იღებს.
ბრაიანი საკუთარ გარეგნობასაც უთმობს დროს. ის თმის ცვენის პრევენციისა და თმის ზრდის გასაუმჯობესებლად, ყოველ დილით "წითელი თერაპიის" ქუდს ატარებს და სკალპში სისხლის ინექციებს იკეთებს.
ჯონსონი ყოველდღიურად ერთ საათს ვარჯიშს უთმობს. აგრეთვე, ცალკე დრო აქვს გამოყოფილი კალათბურთის და ჩოგბურთის სათამაშოდ და ბილიკზე სარბენად. ჯონსონი ამბობს, რომ დღის განმავლობაში 1977 კალორიას იღებს და პერიოდულად დიეტასაც მისდევს - საკვებს დილის 6 საათიდან 11 საათამდე მიირთმევს. შუადღის 4 საათის შემდეგ კი, სითხეს აღარ სვამს, რათა მშვიდ ძილში ხელი არ შეუშალოს. ასევე, მან რაციონიდან მარილი და შაქარი მთლიანად ამოიღო.
ბრაიანი კანის მოვლის რეჟიმზეც საუბრობს და ამხელს, რომ დღის განმავლობაში 7 სახის კრემს იყენებს და კვირის ბოლოს მჟავებით პილინგს იკეთებს. მილიონერი მზეს თავს არიდებს - ერიდება სხივებს და დასაძინებლად საღამოს 9-ის ნახევარზე წვება.
წყარო: time
მოამზადა: ანა სიბოშვილმა