ავტორი:

"ბოლო ხმაზე ვტიროდი, სად არის ჯარი? მამა 12 საათი იბრძოდა და 14 ტერორისტი მოკლა" - ისრაელში მცხოვრები ქართულ-ებრაული ოჯახი, რომელიც "ჰამასის" სისასტიკეს სასწაულებრივად გადაურჩა

"ბოლო ხმაზე ვტიროდი, სად არის ჯარი? მამა 12 საათი იბრძოდა და 14 ტერორისტი მოკლა" - ისრაელში მცხოვრები ქართულ-ებრაული ოჯახი, რომელიც "ჰამასის" სისასტიკეს სასწაულებრივად გადაურჩა

იფტახ და ირინა გოლდებმა 2018 წელს კვიპროსზე იქორწინეს. ამჟამად ერთ ქალიშვილს ჰელენს ზრდიან. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ისრაელში ცხოვრებისას ხშირად უწევდათ თავშესაფარში ყოფნა, ცოლ-ქმარი 7 ოქტომბრის ღამეს ვერასოდეს დაივიწყებს.

ირინა წარმოშობით საქართველოდან არის, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ თუ სადმე ჯოჯოხეთი არსებობს, ის ორჯერ, საქართველოს 90-იან წლებში და ისრაელში 7 ოქტომბერს გამოიარა. წყვილის ახლობლები და ოჯახის წევრები კიბუც ბეერში ცხოვრობენ, ღაზას სექტორთან ახლოს, სადაც ეს უბედურება დატრიალდა. ბატონი იფტახი მეუღლესთან ერთად საქართველოში ხშირად ჩამოდის და ძალიან უყვარს ირინას სამშობლო, ნათესავები, ახლობლები...

AMBEBI.GE იფტახ და ირინა გოლდებს ესაუბრა:

ირინა გოლდი:

- შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რას განვიცდიდით მე და მეუღლე, როდესაც ვხედავდით, რა რაოდენობის ტერორისტები შემოიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე. ამ დროს იცი, რომ თითოეულ სიცოცხლეზე გაშმაგებულები ნადირობენ, მათ შორის შენს დედ-მამაზე, ძმებზე, დებზე და მათ ოჯახებზე და ვერაფრით ეხმარები?!. უძლური ხარ. ბუნკერებში ჩაკეტილები სასოწარკვეთილები ითხოვდნენ შველას ქალები ბავშვები, ორსულები, მოხუცები! ესმოდათ, როგორ ღრიალებდნენ ქუჩებში “ალაჰ აგბააარ” და გამუდმებული დაბომბვების ფონზე, არ წყდება ხელყუმბარების აფეთქების ხმა, განწირული კივილი მათი, ვინც ხელში ჩაიგდეს და წამებით ამოხადეს სული!.

იმ ღამეს ჩემს მეუღლეს დედობილი წერდა, რომ გარშემო ყველაფერი იწვოდა, ბუნკერი კვამლით ივსებოდა. შვილი ამხნევებდა, რომ ჯარი გზაში იყო და კარისთვის ხელი არ გაეშვა. პარალელურად ვიცოდით, რომ მეუღლის მამამ დატოვა თავშესაფარი და გაემართა, რომ “კიტათ კონენუტს”( უსაფრთხოების ჯგუფს) შეერთებოდა…

5 საათის მანძილზე არ ვიცოდით, ცოცხალი იყო თუ არა, სახლში ბოლო ხმაზე ვტიროდი, სად არის ჯარი? არ ვიცი, რამდენ ხანს გაუძლებენ და გადარჩებიან თუ არა ჩემი ოჯახის წევრები?!. საშინელი კადრები ვრცელდებოდა ტელევიზიებით, როგორ არბევდნენ მიმდებარე სამხედრო ბაზებს, აყავდათ მძევლები, აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ ყველას ჩვილი ბავშვების ჩათვლით, ცოცხლად ფატრავენ ორსულებს, წვავდნენ ქალებსა და ბავშვებს … და ამ ყველაფერს თავად იღებდნენ, რომ შემდეგ ეზეიმათ.

"ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს..." - ამბობს ირინა და ქორწილის დღეს გადაღებულ ფოტოს გვიგზავნის

იფტახ გოლდი საბედისწერო ღამეს ემოციის გარეშე ვერ იხსენებს...

- იმ დღეს, დილის 6:30 საათზე სირენების ხმამ გაგვაღვიძა. ჩვენ ღაზას სექტორიდან დაახლოებით 45 კილომეტრში ვცხოვრობთ. ისრაელში ყველა სახლს აქვს სპეციალური თავშესაფარი, რომელიც დამზადებულია ძალიან სქელი ბეტონისგან. თავშესაფარს სარაკეტო თავდასხმების დროს ვიყენებთ. მე, ჩემი მეუღლე და ჩვენი ქალიშვილი სასწრაფოდ თავშესაფარში გადავედით. წარსულში იქ მხოლოდ რამდენიმე წუთი ვრჩებოდი ხოლმე. 7 ოქტომბერი კი განსხვავებული იყო. ვგრძნობდი, რომ რაღაც ისე არ იყო. სირენების ხმა მთელი დღე ისმოდა. მალე მივხვდით, რომ ეს იყო სამხრეთ ისრაელის დიდი ნაწილის სრულმასშტაბიანი დაბომბვა, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანი თავშესაფრებში იმყოფებოდა.

- ჩვენი ინფორმაციით, თქვენი ოჯახის სხვა წევრები: თქვენი მამა, ძმები, დედინაცვალი და ბიძაშვილები მცირეწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობენ კიბუც ბერში, ღაზას სექტორის მახლობლად. რა მოუვიდათ მათ? მოახერხეს ჰამასის ტერორისტებისგან თავის დაღწევა?

- ჩვენ საკმაოდ დიდი ოჯახი გვყავს, რომელიც კიბუც ბეერიში ცხოვრობს, იცით, რომ ეს ტერიტორია ღაზას სექტორიდან დაახლოებით 7 კილომეტრშია. როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო, ჩვენი ოჯახის WhatsApp ჯგუფში გავიგეთ, რომ სწორედ კიბუც ბეერიში ხდებოდა რაღაც. გავრცელდა ჭორები, რომ ჰამასის ტერორისტები დასახლების შიგნით იმყოფებოდნენ. მალე ჩვენი ოჯახისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისინიც ჩვენსავით თავიანთ თავშესაფრებში იმყოფებოდნენ. ასევე გვითხრეს, რომ მათ სახლებთან ძალიან ახლოს ესმოდათ სროლის ხმა და ხალხის ყვირილი არაბულ ენაზე. ამავდროულად რაკეტები და ნაღმტყორცნები მთელ ტერიტორიას ხვდებოდა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მამაჩემმა გადაწყვიტა, თავშესაფარი დაეტოვებინა და ის კიბუც ბეერის უსაფრთხოების ჯგუფს შეუერთდა, რათა მათთან ერთად ებრძოლა. მამა 12 საათის განმავლობაში იბრძოდა და ჰამასის 14 ტერორისტი მოკლა. კიბუც ბეერი 300-მდე ტერორისტმა დაარბია. მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეძლო ჯარმა კონტროლის დაბრუნება. ჩვენი ოჯახი ევაკუირებული იქნა 14 საათის შემდეგ, დაბომბვის ქვეშ. ავტობუსსაც კი, რომელსაც ისინი კიბუც ბეერიდან მოჰყავდათ, ცეცხლი გაუხსნეს. დეიდის გარდა ოჯახის ყველა წევრი ცოცხალი გადარჩა.

- რა მდგომარეობაა ახლა თქვენს გარშემო? ალბათ ბევრი მძიმე ამბავი გსმენიათ და ბევრი ნაცნობიც დაკარგეთ.

- თქვენ უნდა გესმოდეთ - კიბუც ბეერი ჰამასის სრული კონტროლის ქვეშ იყო 12 საათის განმავლობაში, 1300-ზე მეტი ადამიანი იმალებოდა თავშესაფრებში. და ამის გამო ჰამასმა ყველაფერი გააკეთა, რაც წარმოუდგენელი იყო. მამაკაცები, ქალები და ბავშვები დახვრიტეს ცეცხლსასროლი იარაღით, მოკვეთეს თავები, დახოცეს ისინი, შეურაცხყოფა მიაყენეს, გააუპატიურეს და გაიტაცეს ღაზაში. კიბუცის ბეერის მოსახლეობის 10%-ზე მეტი დაიღუპა. დაიწვა სახლები, სადაც ხალხი იყო. ვინც ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევას ცდილობდა, დახვრიტეს. არავინ დაინდეს. ამავე დროს, ჰამასის ტერორისტები სახლებიდან იპარავდნენ ძვირფასეულობას. ბევრი ბავშვი მოკლეს ისე, აღარ მინდა ამ დეტალებზე საუბარი.

ირინა და იფტახ გოლდები

- როგორც ვიცით, თქვენი დეიდა ვერ გადარჩა...

- ჩემი დეიდა ტამი სუჩმანი, ისევე როგორც ყველა, თავის სახლში, თავშესაფარში იმალებოდა. ძალიან შეშინებული იყო. შვილთან ტელეფონით საუბრისას გაიგო, რომ მის სახლში ტერორისტები შევიდნენ. სთხოვეს, ფული და ძვირფასეულობა მიეცათ, თავად კი გაიტაცეს, სახლი დაწვეს. შემდეგ ის ოფიციალურად გამოცხადდა გატაცებულად სხვა მეზობლებთან ერთად. რამდენიმე დღის შემდეგ საშინელი ამბავი გავიგეთ. აღმოჩნდა, რომ ის სხვა მეზობლებთან ერთად დახვრიტეს.

ტამი სუჩმანი

ტამი საოცარი ადამიანი იყო, სიცოცხლითა და ოპტიმიზმით სავსე. ირონია ის არის, რომ მრავალი წლის განმავლობაში ის იყო იმ ორგანიზაციის თანამშრომელი, რომელიც ეხმარებოდა ავადმყოფ პალესტინელებს. მას ევალებოდა პალესტინელი მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების გადაყვანა ღაზას საზღვრიდან ისრაელის საავადმყოფოებში რუტინული მკურნალობისთვის, როგორიცაა კიბო ან დიალიზის გადასხმა. ის მათთან რჩებოდა საავადმყოფოში და მოგვიანებით მკურნალობის დასრულების შემდეგ უკან მიჰყავდა. მშვიდობისმყოფელი ქალი იყო. მას სჯეროდა სიკეთის კეთების. 7 ოქტომბერს იგი სასტიკად მოკლეს პალესტინელებმა.

იფტახ გოლდის მამა და დედობილი ტამი სუჩმანის დაკრძალვაზე

- მართალია, ისრაელი წლების განმავლობაში იბრძოდა საკუთარი მიწისთვის, მაგრამ თქვენ როგორ ცხოვრობდით მანამდე? ცნობილია, რომ ისრაელში პალესტინელებიც ცხოვრობენ, როგორი ურთიერთობა გქონდათ მათთან.

- ფაქტია, რომ დაახლოებით 2000 წლის წინ ისრაელი ებრაული სახელმწიფო იყო. მოგვიანებით იგი ბევრმა იმპერიამ დაიპყრო, როგორიცაა რომაელები, ოსმალეთები და ბრიტანელები. 1948 წელს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის კვლავ გახდა ებრაული სახელმწიფო. ისტორიის მანძილზე ბევრი სხვადასხვა ადამიანი მოდიოდა საცხოვრებლად. ზოგიერთი მათგანი იყო არაბები, რომლებიც მეზობელი არაბული ქვეყნებიდან გადმოვიდნენ. დროთა განმავლობაში ამ არაბებმა თავის თავს უწოდეს პალესტინელები და ყველაფერი გააკეთეს, რათა სხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი აღარ დარჩენილიყო ისრაელში. ისინი აცხადებდნენ, რომ მხოლოდ ისინი იყვნენ ისრაელის მაცხოვრებლები, მიუხედავად იმისა, რომ ისტორია გვიჩვენებს, რომ არასოდეს არსებულა პალესტინის პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი ან მეფე, რომელიც მართავდა ისრაელს. ეს ყოველთვის იყო ბრძოლა არაბებსა და ებრაელებს შორის. და ამავე დროს მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ისრაელი შერეული ქვეყანაა. ისრაელის 20% ისრაელელი არაბია. ზოგიერთი მათგანი მსახურობს ისრაელის არმიაში და ისრაელის ეკონომიკურ სამსახურებში. კულტურული მრავალფეროვნება ის არის, რაც აძლიერებს ისრაელს. ისრაელი ასევე სავსეა სინაგოგებით, ეკლესიებითა და მეჩეთებით.

- სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები, ვიდეოები, დაღუპული პალესტინელი ბავშვებისა და ქალების, ზოგი ამბობს, რომ ისრაელმაც უნდა შეწყვიტოს დაბომბვა, რადგან მეორე მხარეს უდანაშაულო ხალხი იხოცება. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

- მრავალი წლის განმავლობაში ისრაელი ცდილობდა გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას პალესტინელებთან. ჩვენ გამოვედით ღაზადან და დავთმეთ იქ ისრაელის დასახლებები. დასავლურ საზოგადოებებში, როდესაც ერთი მხარე მიდის კომპრომისზე, როგორიცაა მიწის მიცემა, მეორე მხრიდან მსგავსი კომპრომისი, მშვიდობის საფუძველი ხდება. მაგრამ არაბული სამყარო განსხვავებულია, ისინი ამას სისუსტედ ხედავენ. და სამაგიეროდ, წლების განმავლობაში გვესროდნენ რაკეტებს, ახორციელებდნენ ტერორისტულ თავდასხმებს. იმიტომ აქვს თავშესაფარი ყველა სახლს. ისრაელი ზრუნავს თავისი ხალხზე, ხოლო პალესტინელები მაშინ ესხმიან თავს ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას, როდესაც მათ სურთ. როდესაც ისრაელი თავს იცავს, ეს "სახურავზე დაკაკუნებას" ჰგავს, რადგან პალესტინელები გავაფრთხილეთ, რომ სახლზე ან შენობაზე, რომელიც გამოიყენება სამხედრო მიზნებისთვის, მოხდება თავდასხმა. ეს მათ საშუალებას აძლევს, წინასწარ დატოვონ ტერიტორია. 7 ოქტომბერს, როდესაც ჩვენი შვილები დაწვეს, დახოცეს და მოკლეს მშობლების თვალწინ, იყო დღე, როდესაც მივხვდით, რომ პირველ რიგში, ჩვენი შვილები უნდა დაგვეყენებინა. ჩვენი შვილები თავშესაფრებში არ უნდა იმალებოდნენ.

იფტახ გოლდი ძმებთან ერთად

- ამ ომში ებრაელმა ხალხმა გამოიჩინა განსაკუთრებული სიმამაცე, ბევრი ვნახეთ უცხოეთიდან დაბრუნებული მიწის დასაცავად, ქალებიც იბრძვიან ფრონტზე. რა აძლევს ებრაელ ხალხს ამდენ ძალას?

- იმისათვის, რომ გაიგოთ, რატომ გვაქვს ბრძოლის გამბედაობა და რატომ ვიბრძვით ყველა - კაცი და ქალი, თქვენ უნდა გესმოდეთ რამდენიმე ძირითადი რამ ჩვენი ხალხის შესახებ. ჩვენ ბრძოლის საიდუმლო ის არის, რომ სხვაგან წასასვლელი არსად გვაქვს. მსოფლიოში მხოლოდ ერთი ებრაული ქვეყანაა. ჩვენ აღვსდექით ჰოლოკოსტის ფერფლიდან, ჩვენთვის სხვა არავინ იბრძვის. ჩვენი წარსული გვეუბნება, რომ ჩვენი ხალხის გადარჩენა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული.