საგარეჯოში მოკლული 14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე, შესაძლოა გაფართოვდეს. დღეს რუსთავის სასამართლოში მკვლელობისთვის დაკავებული ასიმ ასლანოვის მშობლები უნდა გამოეკითხათ, თუმცა პროცესი გადაიდო.
გამოძიებას აინტერესებს - იცოდნენ თუ არა, რომ 14 წლის გოგონა მათ შვილთან იძულებით ქორწინებაში იმყოფებოდა. ბრალდებულის მშობლებმა ჟურნალისტებთან კონტაქტი დღეს არ ისურვეს.
"რუსთავი 2"ესაუბრა ბრალდებულების ადვოკატს, რომელიც მკვლელობაში ბრალდებულის მშობლების დაკავებასაც არ გამორიცხავს.
"სხდომა არ ჩატარდა, რადგან წარდგენილმა ორივე მოწმემ ითხოვა ადვოკატის დასწრება და დახმარება, რათა მათი ჩვენების მიცემის დროს მან სამართლებრივი დახმარება გაუწიოს. იურიდიულად, დასაშვებია თუნდაც დაკითხვის შემდეგაც კი, მოხდეს მათი დაკავება, თუ, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა სისხლისსამართლებრივი ნიშნები. თუ მტკიცებულებები პროკურატურას არ აქვს, პრინციპში შეუძლია მტკიცებულებების გარეშეც, რადგან დიდად მტკიცებულებები არც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ აქვთ. რომ მოისურვოს პროკურატურამ, რადგან ბიჭის მშობლები არიან, თავისუფლად შეუძლიათ დაკავება," - ამბობს ადვოკატი, ალი ბადისოვი.
14 წლის მოზარდი სოფელ ლამბალოში 10 ოქტომბერს მოკლა მამაკაცმა, რომელმაც ის იქამდე იძულებითი ქორწინების მიზნით მოიტაცა. სამდღიანი ძებნის შედეგ 27 წლის მამაკაცი დააკავეს. საქმის ფარგლებში ახლა სულ ხუთი პირია დაკავებული, მათ ორის გოგონას დედა და ბიძა.
ადვოკატი ელისო რუხაძე, რომელიც წლებია ქალებზე ძალადობის საქმეებზე მუშაობს, ამბობს, რომ კიდევ უნდა გაიზარდოს დამნაშავე პირთა წრე და ყველა დამნაშავე სამაგალითოდ დაისაჯოს! ის "კვირის პალიტრასთან" საუბრობს ამ თემაზე:
- უმძიმესი დანაშაულია ჩადენილი. სახელმწიფომ 14 წლის გოგონას მკვლელობისთვის უნდა დასაჯოს ქმარი, რომელიც მოზარდთან უკანონო არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, მაგრამ ამის პარალელურად ბევრი დანაშაული იკვეთება. კერძოდ, ქორწინებაზე იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მოზარდის გაუპატიურება და ა.შ. დარღვეულია კოდექსის არაერთი მუხლი. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვინც იცოდა, რაც ხდებოდა და რეაგირება არ მოახდინა ძალადობაზე. ისინი ვალდებული იყვნენ დაერეკათ პოლიციაში, რაც არასოდეს არავის გაუკეთებია ამ თემში, იშვიათი გამონაკლისის გარდა. ეს არის ტრადიციით შეფუთული მავნე ქცევა, რაც ხშირია აზერბაიჯანელთა თემში. დიახ, ასეთ დროს როგორც ბავშვის მშობლებს, ასევე მათ ^მეზობლებს, ახლობლებსა და სკოლას ეკისრებათ პასუხისმგებლობა. არ უნდა დაგვავიწყდეს სახელმწიფო უწყებების პასუხისმგებლობაც. შეიძლება მთავარი აქტორი იყოს სკოლა, მანდატურის სამსახური, რომლებიც ვალდებული იყვნენ გაერკვიათ, სად იყო 14 წლის გოგონა, რატომ არ დადიოდა სკოლაში. ყველა ინსტიტუციის უმოქმედობამ, ყველა პირის დუმილმა ხელი შეუწყო ძალადობას, რაც მოზარდის სიკვდილით დასრულდა. როგორც ყოველთვის, არავის სურს ითანამშრომლოს პოლიციასთან, რომელიც ამ თემში ძალიან ინერტულია. ასე რომ, სახელმწიფო უწყების ვერც ერთმა რგოლმა ვერ იმუშავა, რათა დროულად გამოევლინა მოზარდზე ძალადობა. გააგრძელეთ კითხვა