მეცნიერებმა შესაძლოა საბოლოოდ გაშიფრეს საიდუმლო, რაც წყნარი ოკეანეში რუხი ვეშაპების მასობრივი სიკვდილის უკან დგას, - ამის შესახებ ცნობილი გამოცემა independent.co.uk წერს
რუხი ვეშაპების მასობრივი გამორიყვის, ანუ როგორც ამას ხშირად უწოდებენ, "თვითმკვლელობის" შემთხვევებმა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საგრძნობლად იმატა. ძუძუმწოვრების პოპულაცია წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით ბოლო წლებში თითქმის განახევრდა - 2016 წელს მათი რაოდენობა თუ 27 000-ს შეადგენდა, 2023 წლის მონაცემებით 14500-მდე შემცირდა.
"ეს არის უპრეცედენტო და ექსტრემალური კლება, რასაც არ მოველოდით ასეთ დიდ და ხანგრძლივი სიცოცხლის მქონე სახეობაში, როგორიც ნაცრისფერი ვეშაპია“, - განაცხადა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტში ზღვის ძუძუმწოვრების მკვლევარმა ჯოშუა სტიუარტმა.
მეცნიერების ვარაუდით, ამის მთავარი მიზეზი არქტიკის ყინულის საფარის არეალის ცვლილება და საკვების შემცირებაა.
როდესაც არქტიკაში ვეშაპები ვეღარ ახერხებენ საკვების მოპოვებას, ისინი იწყებენ გადაადგილებას, მაგრამ კვების ადგილამდე მისვლას ზღვის ყინულის გამო ვერ ახერხებენ, შედეგად, რუხი ვეშაპების პოპულაციები განიცდიან სწრაფ და ძლიერ რღვევას.
ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან მოძრავი, გრძელვადიანი სახეობებიც კი, როგორიც რუხი ვეშაპებია, მგრძნობიარენი არიან კლიმატის ცვლილების ზემოქმედების მიმართ.
გრძელვადიანი მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ არახელსაყრელმა არქტიკულმა პირობებმა გამოიწვია ვეშაპების ორი მასობრივი სიკვდილი 1980-იან და 1990-იან წლებში, თუმცა ამის შემდეგ პოპულაციამ გადარჩენა და გამრავლება შეძლო. მკვლევრები ამბობენ, რომ ზღვის სიღრმეში მცხოვრები კრევეტების მსგავსი კიბოსნაირები, რაც წარმოადგენს ნაცრისფერი ვეშაპების ძირითად საკვებს, მგრძნობიარე არიან ზღვის ყინულის საფარის მიმართ. მათივე თქმით, თბილი წყლები ასევე ხელს უწყობს კიბოსნაირთა პოპულაციის შემცირებას, რაც ვეშაპების საკვების წყაროზე უარყოფითად აისახება. ვეშაპების გადაშენების ამჟამინდელი ტალღა გაცილებით მეტ ხანს გრძელდება, ვიდრე წინა ასეთ შემთხვევებში. "ჩვენ ახლა გამოუცნობ ვითარებაში ვართ. წინა ორი მოვლენა, მნიშვნელოვანი და დრამატული კი იყო, მაგრამ მხოლოდ ორიოდ წელი გაგრძელდა, განსხვავებით ამჟამინდელი პროცესიდან", - ამბობს დოქტორი სტიუარტი.