ხელოვნების ნიმუშების უზარმაზარი კოლექცია, რომელსაც იტალიელი მილიარდერი, გარდაცვლილი სილვიო ბერლუსკონი ფლობდა, ცნობილი იტალიელი ხელოვნებათმცოდნისა და კრიტიკოსის დაცინვის ობიექტი გახდა. ვიტორიო სგარბის თქმით, ბერლუსკონის კოლექცია, რომელიც 25 000 ნამუშევრისგან შედგება, უხარისხოა და მას "ჩალის ფასი აქვს".
იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტელეგაყიდვების მოყვარული ყოფილა და ათასობით ნახატი და სკულპტურა, უმეტესად, ამ გზით აქვს შეძენილი. ახლა კი, როგორც იტალიური მედია იტყობინება, ბერლუსკონის უშველებელი კოლექციის მოვლა მისი შთამომავლების თავის ტკივილად იქცა.
მილიარდერ პოლიტიკოსს თავისი კოლექცია მილანთან ახლოს, 3200 კვ/მ ზომის საწყობში აქვს შენახული.
La Repubblica-ს თანახმად, ბერლუსკონის კოლექციამ სგარბიზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. კრიტიკოსის თქმით, "მათი დათვალიერებით მხოლოდ ისეთი ადამიანი ისიამოვნებს, რომელსაც ხელოვნების შესახებ ცოტა რამ სმენია".
ვიტორიომ დასძინა, რომ 25 000-დან, მხოლოდ 6, ან 7 მათგანი იქნება მხატვრული ღირებულების. ბერლუსკონის უმაღლესი ხარისხის ნამუშევრებს შორის არის ტიციანის და რემბრანდტის ნახატები.
აქამდე არსებული ინფორმაციით, ბერლუსკონის მთლიანი კოლექციის ღირებულება, დაახლოებით, 20 მილიონი ევრო იყო. თითოეული ნახატის ფასი კი, საშუალოდ, 800 ევროს უდრიდა, თუმცა როგორც ჩანს, შესაძლოა, გადაფასდეს.
ხელოვნების დილერმა, ჩეზარ ლამპრონტიმ, რომელიც 30 წლის განმავლობაში მჭიდრო ურთიერთობას ინარჩუნებდა პოლიტიკოსთან, BBC-ის განუცხადა, რომ ბერლუსკონი იმპულსური მყიდველი იყო. "მას ქალების პორტრეტების შეძენა უყვარდა. შემდეგ მეგობრებს ჩუქნიდა. როცა ახალგაზრდა იყო, ცალკეულ დილერებთან ყიდულობდა ნახატებს.
როცა უკვე ასაკში შევიდა, მათ შესაძენად სატელევიზიო აუქციონებს ამჯობინებდა", - ყვება ლამპრონტი. თუმცა დილერი ამხელს:"სილვიომ იცოდა, რომ რასაც ყიდულობდა, უსარგებლო იყო".
საწყობი, სადაც ბერლუსკონის კოლექცია ინახება, მის ოჯახს წელიწადში 800 000 ევრო უჯდება. იტალიური მედიის ცნობით, კოლექციის ნაწილი ხის ჭიებმა უკვე გაანადგურეს და ოჯახს მათი აღდგენა იმაზე ძვირი დაუჯდება, ვიდრე თვითონ ნამუშევრების ფასია.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა