ზუსტად ერთი წლის წინ, მედიაში გავრცელდა ფოტოები უკრაინის ფრონტის ხაზიდან, სადაც ჩანდა, რომ 31 წლის სნაიპერი ქალი, ევგენია ემერალდი, რომელსაც უკრაინელ "ჟანა დარკს“ უწოდებენ, დაქორწინდა.
მაშინ წყვილის ფოტოებმა მსოფლიო მედიები მოიარა. მათი სიყვარულის ისტორიაც ემოციებით სავსე იყო, რადგან ევგენიამ მომავალი მეუღლე რუსეთის უკრაინაში შეჭრის პერიოდში გაიცნო. ევგენი სტიპანიუკიც სამხედრო გახლდათ და წყვილი ომის წინა ხაზზე დაქორწინდა. უჩვეულო ცერემონია ერთ-ერთმა უკრაინელმა გენერალმა ხარკოვის ტყეში ჩაატარა.
"ვხვდებით, რომ რომელიმე დღე შესაძლოა, უკანასკნელი აღმოჩნდეს, ამიტომ არ გვინდა გადადება“, - წერდა მაშინ პატარძალი.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებზე ჩანდა, რომ ემერალდს გრძელი თეთრი საქორწინო კაბა ეცვა, მის მეუღლეს კი სამხედრო კამუფლიაჟი. სიძეს ხელში იარაღი ეჭირა, ქალს კი ხორბლის თავთავების თაიგული. ბედნიერი პატარძალი წერდა, რომ უფრო იდეალურ ქორწილს ვერც კი წარმოიდგენდა.
ამ ამბიდან ზუსტად ერთი წლის თავზე გაირკვა, რომ წყვილი ერთმანეთს სკანდალურად დაშორდა. უკრაინული მედია აქტიურად აშუქებს ევგენიასა და ევგენის დაშორების დეტალებს. ქალი ყოფილ ქმარს ძალადობაში ადანაშაულებს.
ევგენიამ აღიარა, რომ ქმრის მიმართ შიშსა და სისუსტეს გრძნობდა, მაგრამ შემდეგ გამბედაობა მოიკრიბა და დაშორდა. ყოფილი ქმარი ამ ფაქტმა ძალიან გააღიზიანა და მეუღლის მისამართით მუქარის შემცველი შეტყობინებების გაგზავნა დაიწყო. მებრძოლმა ამ თემაზე ვიდეო ჩაწერა და საზოგადოებას მიმართა.
"მე ვარ ევგენია ემერალდი, თქვენთვის ცნობილი, როგორც ძლიერი და მამაცი უკრაინელი ჟანა დარკი. მაგრამ, პირველ რიგში, მე მხოლოდ ქალი ვარ, ერთ-ერთი იმ ასობით ათასი უკრაინელი ქალიდან, რომელიც გადაურჩა ოჯახურ ძალადობას. ამ ვიდეოში მინდა საკუთარი მაგალითით დავამტკიცო, თუ რა იწვევს მოძალადის წინაშე შიშს და სისუსტეს: აქ ნახავთ ჩემი ყოფილი მეუღლის საუბრისა და მუქარის მხოლოდ ნაწილს, მაგრამ ესეც საკმარისია იმისთვის, რომ გაიგოთ, რა საშიშროების წინაშე დგანან ქალები “, - ამბობს ევგენია.
გამოქვეყნებული „სქრინშოტებინან“ ირკვევა, რომ სტიპანიუკი ყოფილ მეუღლეს "გაბრაზებულ ისტერიჩკას" უწოდებს, ის ასევე ემუქრება მოკვლით მას და მის ახალ პოტენციურ მეგობარ ბიჭს, რომელიც გაბედავს ხელში აიყვანოს მათი საერთო შვილი, ერთი წლის ქალიშვილი ათენა.
კაცის თქმით, თუ ვინმე კაცი გაბედავს და ათენას მიეკარება ან ხელში აიყვანს, მასაც და ყოფილ მეუღლესაც ხელებს მოკვეთს.