ავტორი:

საინტერესო ფაქტები ელიფ შაფაქის ცხოვრების შესახებ

საინტერესო ფაქტები ელიფ შაფაქის ცხოვრების შესახებ

„თანამედროვე თურქეთისა და მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმა“, ასე უწოდებენ კრიტიკოსები ავტორს, რომელმაც ჩვენს ბიბლიოთეკებში შეუცვლელი ადგილი დაიკავა. მისი ყოველი წიგნი ბესტსელერთა სიაშია, სიუჟეტები კი - ერთმანეთზე უფრო ემოციური და დრამატული.

ეს ელიფ შაფაქია, თურქი მწერალი, აქტივისტი და ბუკერის პრემიის ნომინანტი. მისი რომანები ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, იქნება ეს მეზობელი ქვეყნის კულტურის მიმართ ინტერესისა თუ მწერლის მაღალი მხატვრული ოსტატობის გამო. მისი რომანების სიუჟეტები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა რელიგია, იდენტობა, ფემინიზმი, ძალადობა, ტრადიციები და კონფლიქტის შედეგები, რომელიც ყველა მხარისთვის მძიმეა.

ელიფ შაფაქმა შექმნა 19 ნაწარმოები როგორც თურქულ, ისე ინგლისურ ენებზე. მისი წიგნები 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ინფორმაციით, საქართველოში მწერლის ყველაზე პოპულარულ რომანებს შორისაა: „სიყვარულის 40 წესი“, „სტამბოლელი ნაბიჭვარი“, „ევას სამი ქალიშვილი“ და „ღირსება“.

ცოტა რამ მწერლის ცხოვრების შესახებ:

ელიფ შაფაქი 1971 წელს საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში დაიბადა. ის თურქეთში ყველაზე პოპულარული ქალი ავტორია.

მისმა გამორჩეულმა თხრობის მანერამ, დახვეწილმა იუმორმა და ღრმა სიუჟეტებმა მსოფლიოს მასშტაბით ათასობით მკითხველის გული დაიპყრო. მწერლის შემოქმედებაში ასახულია დასავლური და აღმოსავლური კულტურების სინთეზი, სიუჟეტები ეხება უმცირესობების, იმიგრანტების, ქალების სუბკულტურების ყოფას, კარგად ჩანს ავტორის ინტერესი ისტორიის, ფილოსოფიის, კულტურული პოლიტიკისა და სხვა მეცნიერებების მიმართ.

შაფაქი არღვევს კლიშეებს და ზედაპირზე ამოაქვს კულტურული თუ რელიგიური მანკიერებები. მისი პირველი ნოველის - Pinhan („მისტიკოსი“) გამოცემის შემდეგ ავტორი1998 წელს Rumi Prize-ით დაჯილდოვდა, როგორც საუკეთესო მისტიკური ნაწარმოების ავტორი თურქეთში. ამას მოჰყვა სხვა გახმაურებული ნოველები სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის შესახებ, რამაც ავტორს საერთაშორისო ასპარეზზე გაუთქვა სახელი.

საინტერესო ფაქტია, რომ ყველაზე „სკანდალური“ და სახელგანთქმული რომანის „სტამბოლელი ნაბიჭვრის“ გამო მწერლის წინააღმდეგ თურქეთში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, თუმცა ავტორს ბრალდებები მალევე მოეხსნა. მწერალს საგამოძიებო ორგანოები „თურქობის შეურაცხყოფას“ ედავებოდნენ, რადგან „სტამბოლელი ნაბიჭვრის“ პერსონაჟმა პირველი მსოფლიო ომის დროს თურქეთში სომხების მკვლელობები გენოციდად მოიხსენია. წაიკითხეთ The Guardian-ის სტატია 2006 წლის მოვლენების შესახებ.

ელიფ შაფაქი თავისი შემოქმედების გამო თურქეთში სამართლებრივი დევნის ობიექტი მეორედაც გახდა. კერძოდ, 2019 წელს გამოძიება დაიწყო როგორც მისი, ისე სხვა მწერლების მიმართ. საგამოძიებო ორგანოები მწერლების შემოქმედებაში ბავშვებზე ძალადობის სცენებით დაინტერესდნენ, თურქი ავტორი აბდულლაჰ შევქი დააკავეს კიდეც და ელიფ შაფაქის რომანების: „ევას სამი ქალიშვილის“ და „თვალთახედვისა“ შესწავლა დაიწყეს. წაიკითხეთ The Guardian-ის სტატია 2019 წელს განვითარებული მოვლენების შესახებ.

ელიფ შაფაქი 2013 წლიდან დღემდე ლონდონში ცხოვრობს. მანამდე მან დიდი დრო გაატარა როგორც თურქეთის ქალაქ სტამბოლში, ისე აშშ-ში. ის ანკარის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი და მსოფლიოში ცნობილი ქალების უფლებადამცველია.

მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რომანი „სიყვარულის 40 წესი“ 2009 წელს გამოიცა. მხოლოდ საფრანგეთსა და თურქეთის მასშტაბით 750 000 ეგზემპლარი გაიყიდა. ეს არის რომანი რომანში, რომელიც მოგვითხრობს ორ განსხვავებულ ისტორიას სხვადასხვა კულტურაში, რომელთა შორისაც დროის განსხვავება 7 საუკუნეა.

წიგნი ინგლისურ ენაზე დაიწერა და მსოფლიო „მოიარა“. ის უკვე 30-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, მათ შორის ქართულად.

გთავაზობთ საინტერესო ფრაზებს „სიყვარულის 40 წესიდან“:

  • „ღმერთის შენეული აღქმა შენი ზუსტი ანარეკლია. თუ ღმერთი მარტო საყვედურის სურვილსა და შიშს აღგიძრავს, ეს იმას ნიშნავს, რომ სული შიშით და ღვარძლით გაქვს სავსე. ხოლო თუ ღმერთში სიყვარულისა და თანალმობის წყაროს ხედავ, მაშინ შენც ასეთივე ხარ“.
  • „ყოველთვის ასე იყო. როგორც კი სიმართლეს ეტყოდი, მაშინვე შეგიძულებდნენ. რაც მეტს ელაპარაკებოდი სიყვარულზე, უფრო სძულდი...“
  • ·„ჭეშმარიტებისკენ გზის გაკვალვა გულის საქმეა და არა გონებისა. უპირველეს მეგზურად სწორედ გული უნდა გაიხადო. მედგრად დაუდექ ნაფსს, შეერკინე და გულით აჯობე. როცა საკუთარ „მეს“ შეიცნობ, შეიცნობ ღმერთსაც! არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ვართ ან სად ვცხოვრობთ, ყველა ჩვენგანს აწუხებს არასრულყოფილების განცდა. თითქოს რაღაც დავკარგეთ და მის დაბრუნებას ვლამობთ. მაინც რას ვისაკლისებთ? ამას ცოტა ვინმე თუ გაიგებს, ალბათ, და ვინც გაიგებს, მათგან ერთეულებს თუ ეყოფათ ძალა, ძიების გზას დაადგნენ.
  • „ამქვეყნად თითქმის ყველა სიძნელის წყარო ენობრივი ცდომილება და მარტივი გაუგებრობებია. ყოველთვის კბილი მოუსინჯე სიტყვას, თავს ნუ მოატყუებინებ! როცა სიყვარულის საუფლოში შეაბიჯებ, ენა ზედმეტი ბარგი ხდება. მხოლოდ დუმილით თუ ჩასწვდები იმას, რაც ენით არ ითქმის“.
  • „რაც უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, როგორც უნდა შეგაწუხოს და დაგზაფროს მომხდარმა, სასოწარკვეთას ნუ მიეცემი. ყველა კარი რომ ჩარაზული დაგხვდეს, ღმერთი ახალ კარს გააღებს, მხოლოდ შენთვის! იყავი მადლიერი! მადლიერება იოლია, როცა დალხინებული ხარ. სუფი მხოლოდ იმისთვის კი არ არის მადლიერი, რაც მიეცა, არამედ იმისთვისაც, რაზეც უარი მიიღო“.
  • „სიყვარულის ძიება გვცვლის. არ არსებობს სიყვარულის მაძიებელი,რომელიც ამ გზაზე არ დაღვინებულა. რა წუთიდანაც სიყვარულის ძიებას იწყებ, იწყებ შინაგან და გარეგან ფერისცვალებას“.

საინტერესოა, რომ რომანში გამოთქმული აღნიშნული მოსაზრებები ყველა ეროვნებისა და რელიგიის ადამიანის ცხოვრებას ერგება, ყველას აღუძრავს განცდებს, რამაც მას ასეთი პოპულარობა მოუტანა.

R